"გირგვლიანის თემაზე მიხეილ სააკაშვილთან არასდროს მისაუბრია" - რა თქვა დათა ახალაიამ სკაიპით დაკითხვისას? - კვირის პალიტრა

"გირგვლიანის თემაზე მიხეილ სააკაშვილთან არასდროს მისაუბრია" - რა თქვა დათა ახალაიამ სკაიპით დაკითხვისას?

გირგვლიანის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია დასაკითხად, სასამართლოში სხდომის მსვლელობისას "სკაიპით" ჩერთო.

ის მოწმის სახით იკითხება. ახალაიამ კატეგორიულად უარყო საქმეში არსებული ის გარემოება, რომლის თანახმადაც ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების დაპირება მიიღო. ამასთან, ახალაიას თქმით, სააკაშვილს არც ოლეგ მელნიკოვთან ერთად არ შეხვედრია.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მქონდა მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა, ისეთი, როგორიც ჩემი რანგის თანამდებობის პირს უნდა ჰქონოდა. სანდრო გირგვლიანის თემაზე მიხეილ სააკაშვილთან არასდროს მისაუბრია არც 2006, 2007, 2008 ან 2009 წელს. ოლეგ მელნიკოვთან ერთად მე სააკაშვილთან არ მივსულვარ, მითუმეტეს ამ თემასთან დაკავშირებით. ეს არის აბსურდი", - განაცხადა ახალაიამ.

ამასთან, დათა ახალაიამ აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზედენტთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. "ოლეგ მელნიკოვი იყო ჩემი დეპარტამენტის თანამშრომელი. მე პრეზიდენტთან შეხვედრებზე და იქ განხილულ საკითხებზე მოვახსენებდი ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, მინისტრს. პრეზიდენტთან მქონდა საუბარი და ურთიერთობა სახელმწიფო საიდუმლოებებზე და სახელმწიფო უშიშროებაზე", - განაცხადა ახალაიამ.

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრას, რაზეც ოქრუაშვილმა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, ახალაიას თქმით, ეს არის სიცრუე. "ოქრუაშვილს 2006 წლის განმავლობაში საერთოდ არ შევხვედრივარ, მითუმეტეს კანცელარაიაში", - განაცხადა ახალაიამ.

"ინტერპრესნიუსი"