1 გარდაცვლილი სპეცრაზმელი და 3 ლიკვიდირებული პირი - ვინ იყვნენ ეჭვმიტანილები, რომელთა გაუვნებელყოფას 20-საათიანი სპეცოპერაცია დასჭირდა? - კვირის პალიტრა

1 გარდაცვლილი სპეცრაზმელი და 3 ლიკვიდირებული პირი - ვინ იყვნენ ეჭვმიტანილები, რომელთა გაუვნებელყოფას 20-საათიანი სპეცოპერაცია დასჭირდა?

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე თითქმის 20-საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია. დადასტურებული ინფორმაციით, მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი კლინიკაში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილები, რომლებიც ერთ-ერთი კორპუსის ბინაში იყვნენ გამაგრებულები, ლიკვიდირებულნი არიან. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, სამი კი ლიკვიდირებულია.

მთელი დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე ისმოდა ინტენსიური სროლა და აფეთქებები, რის შედეგადაც კორპუსში ხანძარი გაჩნდა და მეხანძრე-მაშველებმა მისი ლოკალიზება დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ kvirispalitra.ge-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბინაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ეროვნებით ჩეჩენი 3 პირი იყო, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გახლდნენ და საქართველოში არალეგალურად შემოვიდნენ.

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 3 ეროვნებით ჩეჩენი პირია, სავარაუდოდ, ისინი არიან "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები და არალეგალურად არიან შემოსული საქართველოში.

მიუხედავად მოლაპარაკებისა, ჩაბარებაზე უარს ამბობენ. ვიდრე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, კონკრეტულ დასკვნებზე საუბარი ნაადრევია, სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ, ალბათ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს შესაბამის განმარტებას და უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი, თუმცა ჩანს, რომ ისინი არიან ძალიან გამოცდილები, რადგან ასეთ წინააღმდეგობას უწევენ სამართალდამცველებს. იმის გამო, რომ შესაძლოა ბინაში იყოს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება და იმის გამოც, რომ ეს ხდება ქალაქის პირობებში, სადაც ახლომახლო მშვიდობიანი მოსახლეობა და საცხოვრებელი ბინებია, სამართალდამცველები სიფრთხილის უკიდურეს ზომებს მიმართავენ და სპეცოპერაციაც ამიტომ გაიწელა. მიმდინარე პროცესების წინასწარი გაანალიზებით, შეიძლება უკვე ვთქვათ, რომ ქვეყანა სერიოზულ საფრთხეს გადაურჩა", - აცხადებდა "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი ნინო ბურჭულაძე.

იხილეთ ასევე: "ის ხალხი, რომელიც დღეს ამ ეჭვმიტანილებთან კავშირშია, საშიში და თავზეხელაღებული ხალხია..."