"ჩატაევს ოჯახი ჰყავს პანკისში და შეიძლებოდა დაბრუნებულიყო" - რას ამბობს აჰმედ ჩატაევის ყოფილი ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ჩატაევს ოჯახი ჰყავს პანკისში და შეიძლებოდა დაბრუნებულიყო" - რას ამბობს აჰმედ ჩატაევის ყოფილი ადვოკატი?

"თავდასხმას ის გადაურჩა და გარკვეული პერიოდი ტყეში იმალებოდა, მერე თვითონ ჩაბარდა მესაზღვრეებს, რადგან ჭრილობის გამო მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საბოლოოდ ფეხის მოკვეთაც კი დასჭირდა"

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, საზოგადოებაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, თითქმის 20-საათიანი სპეცოპერაციის დროს, ბინაში იმყოფებოდა მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლის ცოცხლად აყვანაც იგეგმებოდა. ოფიციალურად ცნობილია, რომ დანაშაულის ადგილზე სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი მოკლეს. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი.

ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის შესაძლოა აჰმედ ჩატაევი იყოს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ყოფილმა სამხედრო ინსტრუქტორმა დავით მაკიშვილმა გაავრცელა. მან "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა ამაზე: "ჩემი ინფორმაციით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები..."

აჰმედ ჩატაევის ინტერესებს ადრე ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი იცავდა, ის ამბობს, რომ ბოლო დროს მის ყოფილ კლიენტთან ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ჩატაევი საქართველოში დაბრუნებულიყო, რადგან მას აქ ოჯახი ჰყავდა.

ნინო ანდრიაშვილი:

- მას მერე, რაც აჰმედ ჩატაევი ციხიდან გამოვიდა, მასთან ურთიერთობა არ მქონია. მოგეხსენებათ, მე მას ლაფანყურის მოვლენების დროს ვიცავდი. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა და არც იყო დამნაშავე. იმ პერიოდში გამოვიდა ამნისტია, რაც მისთვის წაყენებულ მუხლს ეხებოდა და ამნისტიის საფუძველზე შეეძლო ციხიდან გამოსვლა, მაგრამ ვთხოვე, უარი ეთქვა ამნისტიაზე და მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ერთად გვებრძოლა. მაშინ ის დამთანხმდა, რადგან მართლაც უდანაშაულო იყო და არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება მის წინააღმდეგ. საბოლოოდ პროკურატრა იძულებული გახდა დანაშაულის არარსებობის გამო ეს საქმე უკან გაეხმო და აჰმედ ჩატაევის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეეწყვიტა. ამნისტიას რომ დათანხმებოდა, ის ციხეს უფრო ადრე დააღწევდა თავს, მაგრამ ნასამართლევად ჩაითვლებოდა.

- მაშინ თვითონ რას უკავშირებდა მის დაკავებას, უდანაშაულო რატომ აიყვანეს?

- ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებით ის შუამავლად ჩამოიყვანეს, რადგან ვერ შედგა მოლაპარაკება, სწორედ ამ მიზეზით მოხდა მასზე თავდასხმა. თავდასხმას ის გადაურჩა და გარკვეული პერიოდი ტყეში იმალებოდა, მერე თვითონ ჩაბარდა მესაზღვრეებს, რადგან ჭრილობის გამო მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საბოლოოდ ფეხის მოკვეთაც კი დასჭირდა.

- როგორც მახსოვს, საქმის დასრულებამდე გამოვიდა ის ციხიდან…

- დიახ, ის გირაოთი გამოუშვეს, მანამ, ვიდრე პროკურატურა საქმეს შეწყვეტდა. ციხეში მან 6 თვეზე მეტი გაატარა.

- თავის ცხოვრებაზე, თავის წარსულზე თუ გიამბობდათ? რამდენად გაიხსნა თქვენთან, როგორც ადვოკატთან, როგორ დაახასიათებთ?

- ის ყვლაფერზე მესაუბრა, მაგრამ მე მისი ადვოკატი ვიყავი და ეთიკურად არ მაქვს უფლება მის მინათხრობზე გესაუბროთ. ვიცი, რომ მას ჰყავს ოჯახი საქართველოში, კერძოდ პანკისში და ასევე მეორე ოჯახი ჰყავს ავსტრიაში. ჩატაევს ორი ცოლი ჰყავს.

- საქმე რომ შეწყდა, უკანონო პატიმრობის საკითხი ხომ არ გაგისაჩივრებიათ და კომპენსაცია ხომ არ მოუთხოვია?

- საქმე ბოლომდე არ მისულა, რადგან პროკურატურამ მიიჩნია, რომ რეალურად ის საქმე უნდა შეეწყვიტა. არ გაგვისაჩივრებია, რადგან ძალიან მალე მან საქართველო დატოვა და სურვილი არ ჰქონდა, რომ შემდგომი ეტაპები გაევლო. რა თქმა უნდა, მე მას შევთავაზე, რომ მისი უკანონო პატიმრობა გაესაჩივრებინა და ის ამ საქმეს მოიგებდა, მაგრამ ამის სურვილი აღარ ჰქონდა. მითხრა, რომ სურდა დროულად ემკურნალა ფეხზე და პროთეზირება გაეკეთებინა. იმჟამად სახელმწიფომ შესთავაზა, რომ უფასოდ გაუკეთებდნენ პროთეზს, მაგრამ არ დათანხმდა, რადგან თქვა საქართველოში ისე კარგად ვერ გამიკეთებენ პროთეზს, როგორც ავსტრიაშიო. მიზანი იყო როგორმე დროულად გასულიყო საქართველოდან და ჯანმრთელობისთვის მიეხედა. მახსოვს სტამბოლის ტერაქტების დროს გაიხმაურა მისმა სახელმა, მაგრამ მგონია მხოლოდ ვარაუდი იყო. ამ ადამიანმა ჩემზე სულ სხვა შთაბეჭდილება დატოვა.

- რამდენად უშვებთ იმას, რომ საქართველოში მართლაც დაბრუნებულიყო?

- სავსებით დასაშვებია, მას ჰყავს პანკისში ოჯახი და შეიძლებოდა დაბრუნებულიყო, მითუმეტეს ჩვენს სახელმწიფოსთან მას რაიმე პრობლემა არ ჰქონდა, მის წინააღმდეგ საქმე არ ყოფილა აღძრული, ვფიქრობ, მას თავისუფლად შეეძლო საქართველოში შემოსვლა.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)