საშიში "მეზობლები" - კვირის პალიტრა

საშიში "მეზობლები"

"საქართველოში "აბრეშუმის ფორუმი" იმართება და მასში ათამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და 50 ქვეყნის მაღალჩინოსანი მონაწილეობს. ამ ფორუმზე ტერორისტული შეტევა ძალიან რეზონანსული იქნებოდა..."

"თუ საქართველოში ტერაქტი მოხდებოდა, ეს შეიძლება გაკეთებულიყო ორი მიმართულებით - სტრატეგიული ობიექტების ნგრევა მოსახლეობის დაშინების მიზნით, ან სურდათ დაეტერორებინათ ხელისუფლება, რომ რაღაც დათმობებზე წასულიყო ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საზოგადოება ინფორმაციის მოლოდინშია და ყველაზე მთავარი აინტერესებს - რა საფრთხე ავიცილეთ, იყვნენ თუ არა ლიკვიდირებული რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის წევრები".

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და ოთხი ძალოვანი დაიჭრა. ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული სამკაციანი შეიარაღებული ჯგუფი, კიდევ ერთი წევრი კი სულ სხვა ადგილას აიყვანეს და უკვე ბრალიც წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიხურა დაკავებული პირის სასამართლო პროცესი და მას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ცნობილია დაკავებულის გვარ-სახელის მხოლოდ ინიციალები - ს.დ. მას ბრალი წაუყენეს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. დაკავებულის ადვოკატი იმედა ქობულაძე ამბობს, რომ ის რუსეთის მოქალაქეა. სპეცოპერაციის დროს ყოველ წუთს იცვლებოდა ვერსიები. თავდაპირველად ითქვა, რომ თითქოს სპეცოპერაციის გაჭიანურების მიზეზი მძევლების აყვანა იყო, თუმცა სუს-მა უარყო ეს ინფორმაცია. ითქვა ისიც, რომ ბინაში იმყოფებოდა მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლის აყვანა სურდათ ძალოვანებს. კიდევ ერთი ვერსიით, ძალოვანებმა იცოდნენ, რომ ბინაში დიდძალი საბრძოლო მასალა იყო და ეშინოდათ, ტერორისტებს არ აეფეთქებინათ.

"ჩატაევმა ჩემზე სულ სხვა შთაბეჭდილება დატოვა"

ერთი ვერსიით, ლიკვიდირებულთა შორის შესაძლოა აჰმედ ჩატაევიც იყოს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ყოფილმა სამხედრო ინსტრუქტორმა დავით მაყიშვილმა გაავრცელა. ჩატაევის ინტერესებს ადრე ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი იცავდა. ამბობს, რომ ბოლო დროს ყოფილ კლიენტთან ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ დაბრუნებულიყო, რადგან მას საქართველოში ოჯახი ჰყავს.

- აჰმედ ჩატაევს ლაფანყურის მოვლენების დროს ვიცავდი. ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა. მაშინ ამნისტიის საფუძველზე უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ვთხოვე, უარი ეთქვა ამნისტიაზე და გვებრძოლა მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. მის წინააღმდეგ არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება და პროკურატურა იძულებული შეიქნა, საქმე შეეწყვიტა. მაშინ ამნისტიას რომ დასთანხმებოდა, ციხეს უფრო ადრე დააღწევდა თავს, მაგრამ ნასამართლევად ჩაითვლებოდა. მისი სიმართლე დავამტკიცეთ! ლაფანყურის ოპერაციისას ის შუამავლის როლში იყო. რადგან ვერ შედგა მოლაპარაკება, სწორედ ამ მიზეზით დაესხნენ მას თავს. მაშინ გადარჩა და ტყეში იმალებოდა, მერე თვითონ ჩაჰბარდა მესაზღვრეებს, რადგან მძიმედ იყო დაჭრილი და საბოლოოდ ფეხის მოკვეთაც კი დასჭირდა. ის გირაოთი გამოუშვეს მანამ, სანამ პროკურატურა საქმეს შეწყვეტდა, თუმცა ციხეში 6 თვეზე მეტი გაატარა.

მას ჰყავს ოჯახი როგორც საქართველოში, ასევე ავსტრიაში.

- საქმე რომ შეწყდა, უკანონო პატიმრობის საკითხი ხომ არ გაგისაჩივრებიათ?

- არა, რადგან ძალიან მალე ის საქართველოდან წავიდა. რა თქმა უნდა, შევთავაზე, გაესაჩივრებინა, მაგრამ ამის სურვილი არ ჰქონდა. უნდოდა დროულად ემკურნალა და პროთეზირება გაეკეთებინა. სტამბოლის ტერაქტების დროსაც გაიჟღერა მისმა სახელმა, მაგრამ სანამ მტკიცებულებები არ იქნება, არ მჯერა ჭორების. მან ჩემზე სულ სხვა შთაბეჭდილება დატოვა.

ჩატაევს სახელმწიფოსთან პრობლემა არ ჰქონია, არ იყო ძებნილი, არც საქმე იყო მის წინააღმდეგ აღძრული და თავისუფლად შეეძლო საქართველოში შემოსვლა.

"გამოდის, დიდი უბედურება ავიცილეთ"

ექსპერტი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ჩატაევი საქართველოში ასე თავისუფლად ვერ ჩამოვიდოდა: - ადვოკატი ბოლომდე არ ამბობს სიმართლეს. მაშინ ჩატაევი გირაოთი გაუშვეს და შეთანხმდნენ, თუ საჭირო გახდებოდა, გამოძიებას ჩვენებას მისცემდა, მაგრამ მერე აღარ გამოჩნდა. ამის შემდეგ სხვადასხვა ქვეყანამ მასზე ძებნა გამოაცხადა. მათ შორის აშშ-მა საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეიყვანა. საქართველო, როგორც აშშ-ის პარტნიორი, ვალდებული იყო, ჩატაევი დაეკავებინა. თუ ის მართლა შემოვიდა საქართველოში, ალბათ, ჰქონდა სერიოზული მისია. თუ დავეყრდნობით მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს, გამოდის, დიდი უბედურება ავიცილეთ. შესაძლოა ტერაქტი იგეგმებოდა, ან რაღაც ჯგუფი იყო, რომელიც მოვლენებს გაერიდა და აქ უნდოდა გამოზამთრება. შესაძლოა რაღაცას ქმნიდნენ საქართველოში იმ მოვლენებთან დაკავშირებულს, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება. იწყება რეანიმაცია იმ ორგანიზაციისა, რომელიც, პრაქტიკულად, ორი წელიწადი არ არსებობდა - ეს არის "კავკასიური იმარათი". ტრანზიტის თემას არ განვიხილავ, რადგან ტრანზიტისთვის მომზადებული ადამიანი ამდენ ხანს იმ ბინაში არ გაჩერდებოდა. მეზობლები იცნობდნენ მათ, ხედავდნენ, რაღაცები გადაჰქონდათ, იქაურ მობინადრეთა რანგში გადიოდნენ. რაც შეეხება მათ ჩვენთან შემოღწევას, ეს არის პრობლემა, მით უმეტეს, თუ რუსეთის მოქალაქეები არიან.

ეჭვი მეპარება, რომ იქ ჩატაევი ყოფილიყო, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ვერსია - საქართველოში "აბრეშუმის ფორუმი" იმართება და მასში ათამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და 50 ქვეყნის მაღალჩინოსანი მონაწილეობს. ამ ფორუმზე ტერორისტული შეტევა ძალიან რეზონანსული იქნებოდა. მინისტრმა გვახარიამ გააკეთა მინიშნება, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იყო, შესაძლოა სპეცოპერაცია რამდენიმე ქვეყანაში ტარდება და ხელი რომ არ შეუშალონ, არ ახმაურებენ.

"ყველაფრის გასაიდუმლოება პოლიტიკური თავხედობაა"

ვახტანგ მაისაია, ექსპერტი: - შს მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო საერთაშორისო ტერორიზმი. ტერორისტული აქტებისთვის დამახასიათებელია საცხოვრებლის დაკავება, მძევლების აყვანა, მუქარა, შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა. რომელი ტერორისტული დაჯგუფების წევრები იყვნენ, უცნობია, მაგრამ რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ჯიჰადისტური ქსელი, რომელიც დღეს უძლიერესია. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ საქართველო არის სატრანზიტო კორიდორი და შესაძლოა ამ მიმართულებით იყენებდნენ. რაც შეეხება ჩატაევს, ის "ისლამური სახელმწიფოს" წევრია, კავკასიის საერთაშორისო კორპუსის სარდალი, და მისი გადაადგილება მასშტაბურ შეტაკებას გამოიწვევდა. ჩატაევს აქ ყველა იცნობს და ვფიქრობ, ის აირჩევდა სხვა მარშრუტს, საიდანაც მისი გადაადგილება შედარებით უსაფრთხო იქნებოდა.

ჩემთვის მიუღებელია ძალოვანების ასეთი უპასუხისმგებლობა - არ შეიძლება ასეთი დონის ოპერაციის დროს განმარტებები არ გააკეთო. გვაინტერესებს, რამდენი ტერორისტია ლიკვიდირებული ან ის ერთი სად აიყვანეს. ბოლოს და ბოლოს, ლაფანყურის ოპერაციის დროს ითქვა რაღაცები და დღეს რატომ არის ასე გასაიდუმლოებული?!

უცნაურად იქცევა ხელისუფლება. უნდა ვაიძულოთ, რომ კითხვებზე გაგვცენ კონკრეტული პასუხები. ასე ყველაფრის გასაიდუმლოება პოლიტიკური თავხედობაა.

"მათი გვარების გაცხადებით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი"

დავით კუხალაშვილი, ექსპერტი: - თუ დადასტურდა, რომ ლიკვიდირებულთა შორის იყო ჩატაევი, ეს ძალიან ცუდი იქნება სახელმწიფოსთვის, რომელმაც ვერ უზრუნველყო საერთაშორისო ტერორისტების შემოსვლა და მათი ოპერატიულად გაკონტროლება.

აგენტურული კონტროლი რომ ყოფილიყო, შესაძლოა აგვეცილებინა ის შედეგი, რაც დადგა. მოსახლეობას ეშინია, რომ ტერორიზმის საფრთხე განმეორდება.

ჩვენ გვაქვს ორი ე. წ. ბუფერული ტერიტორია, ოკუპირებული რეგიონების სახით. ასეთი ზონები გამოიყენება ტერორისტების მოსამზადებლად და გადასაბირებლად. საზოგადოდ, ტერორიზმი ეყრდნობა ორ ძირითად ნიშანს - ეთნიკურსა და რელიგიურს.

პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს. მნიშვნელოვანია, როგორ მოხვდნენ ისინი საქართველოში, თუ ლეგალურად არიან შემოსული, მესაზღვრეებსა და სპეცსამსახურებს შორის კოორდინაციის რგოლია მოშლილი, თუ არალეგალურად - გამოდის, საზღვარს ვერ ვაკონტროლებთ. შეიძლება მათ ვინმეს ლიკვიდაცია სურდათ. ამ დრომდე რომ არ ახმაურებენ მათ გვარებს, არ არის გამორიცხული, გარკვეულ ჯგუფებზე მიდიოდეს მუშაობა და მათი ვინაობის დასახელებამ ხელი შეუშალოს სხვას.

თუ საქართველოში ტერაქტი მოხდებოდა, ეს შეიძლება გაკეთებულიყო ორი მიმართულებით - სტრატეგიული ობიექტების ნგრევა მოსახლეობის დაშინების მიზნით, ან სურდათ დაეტერორებინათ ხელისუფლება, რომ რაღაც დათმობებზე წასულიყო. მათი გვარების გაცხადებით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

აუცილებლად უნდა გაძლიერდეს აგენტურული საქმიანობა. შეიძლება სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მოვიპოვოთ, მაგრამ რაღაც მონაცემებს აუცილებლად მივიღებთ. სამწუხაროდ, ტერორიზმს არა აქვწს ეროვნება და არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ქვეყანას იმისთვის ჰყავს დაზვერვა და კონტრდაზვერვა, რომ ეს საკითხები მოაგვაროს და ქვეყანაში ტერორისტებმა ვერ შემოაღწიონ.

"გვიან ღამე მიდი-მოდიოდნენ, არავისთან კონტაქტობდნენ..."

ეს გახმაურებული სპეცოპერაცია კიდევ დიდხანს იქნება ქართველი საზოგადოების მსჯელობის საგანი. თვითმხილველები ძველ და ახალ "მეზობლებს", მათთან ურთიერთობასა და იმ მძიმე დღეებს იგონებენ:

ირა, 35 წლის: - მე იმ კორპუსში ვცხოვრობ. იმ ბინაში მობინადრე ქალები და ბავშვები ბოლო დროს აღარ მინახავს. თუმცა, როდესაც ვნახულობდით, მეზობლური ურთიერთობა გვქონდა. ქისტები იყვნენ. ბავშვები ჰყავდათ და ეზოში საბავშვო გასართობებზე ხშირად ვხვდებოდით. სუფთა ქართულით ლაპარაკობდნენ. ქმრებთან ერთადაც ხშირად გვინახავს, მაღაზიასა თუ ეზოში. თავდაჭერილი, კარგად მოსაუბრე გოგონები იყვნენ, არც ზედმეტი კითხვების დასმის უფლებას აძლევდნენ უცხოებს და არც ჩაკეტილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.

- ბოლოს როდის ნახეთ?

- თვეზე მეტი იქნება, არც ქალები და არც ბავშვები აღარ გვინახავს. შეიძლება ზაფხულის შემდეგაც კი... მერე სხვა მამაკაცები შევნიშნე. მათაც ვხვდებოდით ეზოსა თუ მაღაზიაში, მაგრამ ისინი არ გვეკონტაქტებოდნენ. მათთან ქალები არ მინახავს.

ანა, 38 წლის: - ღამის 9 საათი იქნებოდა, ეზოში პოლიციელები რომ შევნიშნეთ. ჩემი შვილი მეცადინეობიდან არ იყო მოსული და შემეშინდა, რა ხდება-მეთქი. დავურეკე, ეზოში ვარო, მითხრა. სადარბაზოსთან პოლიციელები შეხვედრიან, უთქვამთ, სწრაფად შედით შინ და აღარ გამოხვიდეთო. მეზობელ სადარბაზოში, სადაც თურმე ეჭვმიტანილები ცხოვრობდნენ, პოლიციელების რაოდენობა მატულობდა. 11-ისთვის კორპუსი ალყაში იყო. 4 საათი იქნებოდა, კარზე დაგვიკაკუნეს. ჩემმა მეუღლემ ჰკითხა, ვინ ბრძანდებითო, გარედან უპასუხეს, პოლიციიდან ვართო. კარი გააღო და პოლიციელმა ჩემს მეუღლეს ხმადაბლა რაღაც უთხრა. ჩემი მეუღლე უცებ შემოტრიალდა და თითქმის ჩურჩულით გვითხრა, აქედან უნდა წავიდეთო. მეზობელ კორპუსში ახლობლები ცხოვრობენ და მათ შეგვიფარეს. მკაცრად გაგვაფრთხილეს, გარეთ კი არა, აივანზეც არ გავსულიყავით და არც ფანჯრებს მივახლოებოდით. დაახლოებით ერთ საათში სროლა დაიწყო. კაცებმა თქვეს, რომ ცეცხლი ჩვენი კორპუსის ერთი აივნიდან გახსნეს და შემდეგ საპასუხო სროლებიც გაისმა. სახლის ზანზარზე ვხვდებოდი, რომ მსხვილკალიბრიან იარაღსაც ისროდნენ. ეზოში ისმოდა აფეთქებების ხმა. კარ-ფანჯრები ზანზარებდა, ჭაღები ჩამოვარდნაზე იყო. ყოველი მცირე შესვენების შემდეგ გვეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ახალ-ახალი შეტევა იწყებოდა.

ლელა, 52 წლის: - სამივე მამაკაცი თითქმის ყოველთვის გვიან ღამე მიდი-მოდიოდა. არავისთან კონტაქტობდნენ, არც ესალმებოდნენ. ქალებს უნდოდათ მათ შესახებ პოლიციისთვის ეცნობებინათ, მაგრამ მერე მიავიწყდათ ან ეჭვი გაუქარწყლდათ. ვიღაცამ თქვა, რა ქნან, ქართული არ იციან და შეიძლება ამიტომაც არ გვეკონტაქტებიანო. შემდეგ, როდესაც იმ აივნიდან და ფანჯრებიდან ცეცხლი არ წყდებოდა, რამდენჯერმე დავინახე, აივანზე გადმომდგარი კაცი როგორ ისროდა.

დროდადრო ცნობისმოყვარეობა მოგვერეოდა და ფანჯრიდან გახედვას ვცდილობდით, რაზეც სპეცრაზმელები მაშინვე გვანიშნებდნენ, არ გამოიხედოთო. არ მახსოვს, რა დრო იქნებოდა, ძლიერი აფეთქების ხმამ შეგვაზანზარა, სადარბაზოდან კვამლი და ბუღი ერთად გამოვარდა. შემდეგ გავიგეთ, კიბე ჩაუნგრევიათ, ლიფტიც დამწვარა - ორმხრივი სროლის დროს გაჩნდა ცეცხლი თუ ვინმემ განგებ გააჩინა, არ ვიცი.

თეა ხურცილავა, ლალი პაპასკირი