"ეს ვიდეოჩანაწერი არის ბომბი,­ რომლითაც დასტურდება სააკაშვილისა და მერაბიშვილის ტერორისტებთან კავშირი" - კვირის პალიტრა

"ეს ვიდეოჩანაწერი არის ბომბი,­ რომლითაც დასტურდება სააკაშვილისა და მერაბიშვილის ტერორისტებთან კავშირი"

აჰმედ ჩატაევმა ჩაწერა ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მასთან საუბარი, როცა ისინი რაღაც დავალებებს აძლევდნენ ლაფანყურის ამბებთან დაკავშირებით... ეს იქნება საერთაშორისო სკანდალი, რომლითაც დასტურდება სააკაშვილისა და მერაბიშვილის ტერორისტებთან კავშირი

გაბრიელ სალოსის გამზირზე განხორციელებულ სპეცოპერაციას საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის მოადგილე ვიქტორ ჭელიძე ეხმაურება. როგორც განგვიცხადა, არცთუ დიდი ხნის წინ აჰმედ ჩატაევის უახლოეს მეგობართან ერთად იმყოფებოდა საკანში და სკანდალური ინფორმაციებიც აქვს - ვიდეოფირი, რომელზეც ის საუბრობს, შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს.

- იარაღი, რომელიც იმ ბინაში იყო შეტანილი, უეჭველად საქართველოში არსებული ერთ-ერთი სამალავიდან გამოიტანეს და ეს იყო თავის დროზე რუსეთიდან შემოტანილი იარაღი! ქართულ მხარეს ხელს არ აძლევდა იმ პირების ლიკვიდაცია, მხოლოდ დაკავება იყო განზრახული, თანაც შემდგომი დამუშავების და გადაბირების მიზნით... თუმცა, ცეცხლის გახსნამ ისე არივ-დარია ყველაფერი, მათი ლიკვიდაციის გამო ქართულ მხარეს თავი სამართლებელიც გაუხდა. განცხადება, რომ ერთ-ერთმა თავი აიფეთქა, სწორედ ამას უსვამდა ხაზს, - ჩვენ არაფერ შუაში ვართო.

ლიკვიდაციას შესაძლოა მოჰყვეს საპასუხო ნაბიჯი და ტერორისტული აქტი ხალხმრავალ ადგილზე. ამის თავიდან არიდებას ცდილობს ქართული მხარე, რომელსაც სურს, კვლავაც შეძლოს სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მოქმედების გაკონტროლება-დაბალანსება, რაც უფრო და უფრო რთულდება. თუმცა, ჩატაევის მოხსენიება ტერორისტთა შორის, სულ სხვა დასკვნების გამოტანის საფუძველს მაძლევს...

- კერძოდ?

- არცთუ დიდი ხნის წინ #12 პენიტენციარულ დაწესებულებაში ვიხდიდი სასჯელს აბსურდული ბრალდებების გამო. საკანში ჩატაევის უახლოეს ძმაკაცთან ერთად ვიჯექი. ის დღემდე ციხეშია, ქართული სახელითა და გვარით იხდის სასჯელს. სინამდვილეში ჩრდილოკავკასიელია და სულ სხვა სახელი და გვარი აქვს. მისგან გავიგე, რატომ გაათავისუფლა ხელისუფლებამ ჩატაევი. ამის მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი სპეცსამსახური მისგან ითხოვდა. ჩატაევმა ჩაწერა ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის მასთან საუბარი, როცა ისინი რაღაც დავალებებს აძლევდნენ ლაფანყურის ამბებთან დაკავშირებით... ეს ვიდეოჩანაწერი არის ბომბი, საერთაშორისო სკანდალი, რომლითაც დასტურდება ყოფილი პირველი პირისა და მერაბიშვილის ტერორისტებთან კავშირი. ჩატაევის ძმაკაცმაც იცოდა, სად ინახებოდა ეს ვიდეოჩანაწერი, მაგრამ ამბობდა, - ინფორმაციას არ მივცემ ხელისუფლებას, რადგან ჩატაევისთვის სიტყვა მაქვს მიცემული, რომ მის უნებართვოდ ხმა არ ამოვიღოო. ჩატაევი დაჰპირდა ქართულ სპეცსამსახურს, რომ ამ ჩანაწერს თავად მიუტანდა, მაგრამ სიტყვა გატეხა. ცხადია, თუ ის საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა, ქართულ მხარეს ისევ მისი დაკავება, დამუშავება და ჩანაწერის მიღება მოუნდა. ჩატაევს კი, როგორც ჩანს, სხვა მიზნები ჰქონდა და თანამზრახველების ციხიდან გათავისუფლებას სხვა გზით ცდილობდა. მას საქართველოს ციხეებში არაერთი თანამზრახველი ჰყავს, ერთ-ერთი სწორედ ის არის, ვისზეც უკვე გესაუბრეთ.

- აიუფ ბორჩაშვილს გულისხმობთ?

- არა. პირი, რომელზეც გესაუბრეთ, თავის დროზე ჩატაევთან ერთად დააკავეს. ასე რომ, თუ ჩატაევის ლიკვიდირება ან მათთან რამე კავშირი დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ქართული სპეცსამსახურის და ჩატაევის პირადი ინტერესების გადაკვეთასთან, რასაც სიტუაციის არევა და გართულება მოჰყვა.

ეკა ასათიანი