"ცდილობდნენ მის ცოცხლად აყვანას, მოლაპარაკების გზით..." - ხაფანგი "ცალხელა აჰმედასთვის?" - კვირის პალიტრა

"ცდილობდნენ მის ცოცხლად აყვანას, მოლაპარაკების გზით..." - ხაფანგი "ცალხელა აჰმედასთვის?"

22 ნოემბერს, ბერი გაბრიელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან მალევე გაჩნდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევი იყო, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში ფიგურირებდა, შემდეგ კი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა ეს ინფორმაცია არ უარყვეს, მეტიც, 26 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა: "არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა შორის აჰმედ ჩატაევი იყოს, თუმცა, დაზუსტებული პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს, ვინაიდან მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები და სწორედ აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი ზუსტი ინფორმაცია. იყო ოპერატიული ინფორმაციები და მასშტაბური საფრთხეები ავიცილეთ თავიდან". მისივე თქმით, ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ამერიკული მხარე...

ჩატაევის საკითხს აქტიურად აშუქებდა რუსული და თურქული პერსაც.

24 ნოემბრის რუსულ გამოცემა «Новая газета» -ში გამოქვეყნდა სტსტაია, სათაური: "ხაფანგი  - თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევი მოკლეს - მსოფლიოში ძებნილი ტერორისტი".

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა აჰმედ ჩატაევს, ცნობილ ტერორისტს, რომელსაც, სხვა დანაშაულებებთან ერთად, წაყენებული აქვს სტამბოლის ათა-თურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების ბრალდებაც.

სტატიაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული მისი ბიოგრაფია და ტერორისტული გზა - აჰმედ ჩატაევი 1980 წელს, ჩეჩნეთის სოფელ ვედენოში დაიბადა, მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომში, რომელის დროსაც მარჯვენა ხელი დაკარგა და მას ამიტომ "ცალხელა" შეარქვეს. 2000-იანი წლების დასაწყისში გაიქცა საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად. რუსეთმა ინტერპოლის ხაზით მასზე ძებნა გამოაცხადა, მაგრამ აჰმედ ჩატაევმა როგორღაც ავსტრიის ხელისუფლება დაარწმუნა, რომ მისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მიეცათ. ბოლო წლებში იგი ევროპის ქვეყნებში დოკუ უმაროვის წარმომადგენლის სახელით დადიოდა.

სტატიის შემცირებული ვერსია:

"აჰმედ ჩატაევის ბედზე შეიძლება წიგნები დაიწეროს და ფილმები იქნეს გადაღებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში იგი ხუთჯერ დაიჭირეს - რუსეთში, უკრაინაში, ბულგარეთში, შვედეთში და საქართველოში - იარაღის უკანონო შენახვისა და ტერორისტებთან კავშირის გამო. საოცარია, რომ მან ხუთჯერვე შეძლო პატიმრობიდან თავის დაღწევა - სასამართლო აჰმედ ჩატაევს "ბრალის დაუდასტურებლობის" გამო ათავისუფლებდა. ამ დროს ყოველთვის ჩნდებოდა რომელიღაც ორგანიზაცია თუ გავლენიანი პოლიტიკოსი, რომლებიც აჰმედ ჩატაევს თავდებით უდგებოდა - რას ერჩით ამ კაცს, იგი ხომ პოლიტიკური დევნილია, მას რუსეთის ხელისუფლება დევნისო.

2012 წლის აგვისტოში მისი გვარი საქართველოში, ლაფანყურთან განხორციელებული სკანდალური სპეცოპერაციის დროს ამოტივტივდა. საქართველოს შსს-ის მაშინდელი ოფიციალური ინფორმაციით, დაღესტნიდან საქართველოში კარგად შეიარაღებულმა ოცკაციანმა ჯგუფმა შეაღწია, რომლის მიზანი "ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა" იყო (იმ დროს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო), თუმცა საბოლოო ჯამში ეს ვერსია ყალბი აღმოჩნდა. ზოგიერთი ცნობით, "ბოევიკები" პანკისის ხეობაში სწორედ აჰმედ ჩატაევის ხელმძღვანელობით იწრთვნებოდნენ. განზრახული იყო ჯგუფის გადასროლა რუსეთში, "კავკასიის იმარატის" გასაძლიერებლად.

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს აჰმედ ჩატაევი დაიჭრა და იგი საქართველოს ხელისუფლებას ჩაბარდა. აჰმედ ჩატაევი დააპატიმრეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი ციხიდან გაათავისუფლა. ამასთან, ოფიციალური ვერსიის მიხედვით, აჰმედ ჩატაევი იმიტომ აღმოჩნდა ლაფანყურში, რომ იგი თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის ახლოს მდგომმა ძალოვანებმა მიიწვიეს, მოლაპარაკებაში შუამავლის როლის შესრულების მიზნით.

ამის შემდეგ აჰმედ ჩატაევი თურქეთში გადავიდა. 2015 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ იგი სირიაში წავიდა და "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურს ალ-ბაღდადის ერთგულება შეჰფიცა. აჰმედ ჩატაევმა "ისლამური სახელმწიფოს" სტრუქტურაში მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავა და თავის ძველ ნაცნობს და ცნობილ პანკისელ ქისტს თარხან ბათირაშვილს დაუახლოვდა, რომელიც იმ დროს ე.წ. "ომის მინისტრი" იყო.

აჰმედ ჩატაევი ბატალიონ "იარმუკის" მეთაური გახდა. ეს ქვედანაყოფი ჩეჩნებისაგან შედგებოდა. აჰმედი საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობას ვერ იღებდა, რადგან ჩეჩნეთის პირველ ომში დაკარგულ ხელს ლაფანყურთან დაკარგული ფეხიც დაემატა. მოგვიანებით მას "ომის სამინისტროში" ოპერაციების დაგეგმვა და ფინანსების კონტროლი დაევალა. თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შემდეგ, არცთუ ისე იშვიათად, აჰმედ ჩატაევი მის ფუნქციებსაც ასრულებდა. 2015 წლის ოქტომბერში ამერიკამ აჰმედ ჩატაევი ტერორისტთა სიაში შეიტანა.

მანამდე კი, 2015 წლის ოქტომბერში, სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მსხვილი ტერაქტი მოხდა, რომლის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმემ დღის შემდეგ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ტერაქტის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევია. 2015 წლის ბოლოს აჰმედ ჩატაევი სირიიდან საქართველოს დაემუქრა. ხელისუფლების მისამართით გაგზავნილ აუდიოჩანაწერში იგი პანკისელი იმამის აიუბ ბორჩაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, რომელიც ქართულმა უშიშროებამ "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის გამო დააკავა. წინააღმდეგ შემთხვევაში აჰმედ ჩატაევი ტერაქტების მოწყობით იმუქრებოდა. ამჟამად აიუბ ბორჩაშვილს 14-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

დღემდე არავინ იცის, თუ როგორ მოხვდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი ტერორისტი აჰმედ ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე. ქართული სამართალდამცველი უწყებებიდან "ნოვაია გაზეტა"-სათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძალოვანები აჰემდ ჩატაევს (და მის ხალხს) საკმაო ხნის განმავლობაში "მწყემსავდნენ" და სპეცოპერაციის დროსაც კი ცდილობდნენ მის ცოცხლად აყვანას, მოლაპარაკების გზით...

ამ დრომდე მოკლულების ვინაობა ოფიციალურად არ დადასტურებულა". (წყარო)

აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციაზე მასალები გამოქვეყუნებულია თურქულ პრესაშიც, მაგალითად, გაზეთ Hürriyet Daily News-ში სათაურით "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკი, რომელმაც სტამბოლის აეროპორტში ტერაქტი დაგეგმა, საქართველოში მოკლეს", ასევე გაზეთ «Daily Sabah»-ში - "ათა-თურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი საქართველოში გაანადგურეს".

მოამზადა სიმონ კილაძემ