"გამოდის, მშობლებიც დამნაშავეები ყოფილან, ფინანსურად ეხმარებიან ტერორისტს" - კვირის პალიტრა

"გამოდის, მშობლებიც დამნაშავეები ყოფილან, ფინანსურად ეხმარებიან ტერორისტს"

"მშობლები მოითხოვენ დემირელის სკოლის აღდგენას, მათ აქციებიც გამართეს"

"თურქეთის მხარეს არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები"

"ჩემს მეგობრებთან ერთად 12 წელია საქართველოს მომავლისთვის ვმუშაობ... არც საქართველოში, არც თურქეთში არასდროს მიტარებია იარაღი და არ დამირღვევია კანონი. თურქეთში ტყუილად მდებენ ბრალს იმაში, რაც არ ჩამიდენია და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ. არც იქ და არც აქ კავშირი არ მქონია ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ფეთჰულაჰ გიულენს არც კი ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ. გიულენი დემირელის კოლეჯის დირექტორი არ არის, არც პატრონი, არც მეწილე და არც მისი დამფუძნებელი. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, საქართველოც მიყვარს... მე დანაშაული არ ჩამიდენია, ამიტომ თავს დამნაშავედ არ ვცნობ. გადატრიალების მცდელობის შესახებ ტელევიზიიდან გავიგე. არ მჯერა, რომ ეს გიულენის მხრიდან არის დაგეგმილი. ევროპის ქვეყნების ლიდერები ამბობენ, რომ ამის უკან გიულენი არ დგას. მისი იდეოლოგია მომწონს, ჰიტლერის იდეოლოგიასაც ვეცნობი, ისევე როგორც კომუნიზმსაც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რეჟიმების ქმედებებზე ვაგებ პასუხს", - განაცხადა სასამართლო პროცესზე დემირელის კოლეჯის მენეჯერმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით 24 მაისს დააკავეს თბილისში და სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. ერდოღანის მთავრობის მტკიცებით, ჩაბუქი ამერიკაში მცხოვრებ ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია FETO-სთან თანამშრომლობს, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ჩაბუქის ოჯახმა ლტოლვილის სტატუსისა და თავშესაფრის მოთხოვნით ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა, რაზეც უარი მიიღო, სასამართლომ კი სამინისტროს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საფეთ ბაირაქთუთანი, მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი: - ბატონი მუსტაფა 183 დღეა ციხეშია და პროკურატურამ წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადის კიდევ სამი თვით გაგრძელება მოითხოვა, ვინაიდან თურქეთის მხარეს არა აქვს საკმარისი მტკიცებულებები. ჩვენი ადვოკატები მუსტაფას გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით წარდგნენ, მაგრამ სასამართლო პროკურატურის არგუმენტს დაეყრდნო - შესაძლოა გაქცევა სცადოსო. გამორიცხულია - მას ოჯახი აქ ჰყავს, პასპორტი ლტოლვილთა სამინისტროში აქვს ჩაბარებული, ამასთან, არ სურს თურქეთში დაბრუნება, სწორედ ერდოღანის რეჟიმს გაურბის. პროკურატურა თურქეთიდან დამატებით მტკიცებულებებს ელოდება. ამდენ ხანს თუ ვერ მოვიდა მტკიცებულებები, ეს არ არის საკმარისი მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად? სახელმწიფო ურთიერთობების გამო უდანაშაულო ადამიანები არ უნდა გაიწირონ. გიულენი ამერიკაში ცხოვრობს, ევროპაშიც ხშირად მოგზაურობს, მაგრამ არც ერთ ქვეყანას მისი ექსტრადირება არ მოუხდენია. ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს ასეთი პრინციპი - არა გაქვს მტკიცებულება, უდანაშაულო ადამიანს არ გადმოგცემ. ცუდი თამაში მიდის... ბატონ მუსტაფას სასკოლო სისტემა აწყობილი აქვს და იკვეთება ალტერნატიული სკოლების მფლობელების ინტერესები, რომლის მიზანი ის არის, რომ უმენეჯეროდ, უპატრონოდ დატოვონ სისტემა და ნელ-ნელა დაიხუროს სკოლები, ისევე, როგორც დემირელის სკოლა. აშკარად, ამ სკოლის დახურვის მიზეზი პოლიტიკური იყო. დარჩა 4 სკოლა - რუსთავში, ქუთაისში, მარნეულსა და თბილისში და, ალბათ, მათაც მიადგებიან.

მშობლები მოითხოვენ დემირელის სკოლის აღდგენას, მათ ჩვენგან დამოუკიდებლად სამინისტროსა და კანცელარიასთან აქციებიც გამართეს. თურქეთიდან გამოგზავნილ საქმეში წერია, რომ ბატონი მუსტაფა, როგორც შუამავალი, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის წილების ნაწილის გასხვისებას ცდილობდა აშშ-ში დაფუძნებული საგანმანათლებლო ფირმისთვის. თუ ეს მართლა გააკეთა, საქართველოს სამართალდამცველებმა უნდა წაუყენონ ბრალი და არა თურქეთმა. მეორეც, ეს წილები არ გასხვისებულა. ის წილების მფლობელი კი არ არის, დაქირავებული პირია. თუ ჩაბუქი დამნაშავეა, მაშინ ჩვენც, თანამშრომლებიც, დამნაშავეები ვყოფილვართ, ჩვენც დაქირავებული ვართ და მშობლებამდეც უნდა მივიდეს საქმე, ისინი ხომ ფულს იხდიან სწავლაში და გამოდის, ფინანსურად ეხმარებიან ტერორისტს.

თუბა ჩაბუქი, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე: - დღეს თურქეთში ზღვარგადასული დიქტატურაა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეჟიმს გაექცა დევნილი მასწავლებლების ოჯახი, ისინი ბავშვებით თურქეთიდან გასვლას ნავით ცდილობდნენ და მთელი ოჯახი დაიხრჩო, წყალმა მათი ცხედრები საბერძნეთის სანაპიროზე გამორიყა. ისინი რეჟიმის მსხვერპლი არიან, დიდი საფრთხის წინაშე იდგნენ, ამიტომაც წავიდნენ ასეთ რისკზე. თურქეთის ციხეებში წამება გრძელდება. იქაური მედია ამას არ ავრცელებს, მაგრამ სოციალურ ქსელებში ხალხი აღშფოთებას ვერ მალავს, ციხეები მოხუცებითაც კი გაავსეს. როგორც მეუბნებიან, 700-მდე ახალშობილი ბავშვი დედებთან ერთად არის ციხეში. ერთი პატიმარი დედის ახლობელი წერდა, დამშეული ბავშვი რომ დაეპურებინა, დედა იძულებული შეიქნა ერთი ცალი ბადრიჯანი მოეხარშა და ახალშობილს ის აჭამაო. ციხეებში დღითი დღე იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი, ავადმყოფებს არც წამლებს აწვდიან და არც საკვებს. ორი კვირის წინ ფეხმძიმე ქალი ითხოვდა საავადმყოფოში გადაყვანას, ბავშვს ვერ ვგრძნობ მუცელშიო. ოთხი დღე ახვეწნინეს, არ გადაიყვანეს. ამასობაში ნაყოფი მომკვდარა, ქალს სისხლი მოეწამლა და გარდაიცვალა. წარმოდგენაც კი არ მინდა, თურქეთის ციხეში რომ მოხვდეს ჩემი ქმარი, რა დღეში ჩააგდებენ.

ჩვენ ამჟამად სახელმწიფო გვიცავს, პროკურატურის გადაწყვეტილებით გამოგვიყვეს დაცვა.

თუ საქართველოს ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ თურქეთიდან აქ გვემუქრება საფრთხე და დაცვა გამოგვიყო, თურქეთში რატომ ვიქნებით უსაფრთხოდ?

ლტოლვილთა სამინისტრო ამტკიცებს, თუ ჩაბუქს თურქეთს გადავცემთ, საფრთხე არ ელისო. ხომ არის ეს ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტები? ბავშვებს მამა ენატრებათ, სულ მასზე მელაპარაკებიან. მუსტაფა ჩვენზე ყოჩაღადაა, აქეთ გვამხნევებს და მეუბნება, სასამართლოზე რა შედეგიც უნდა მივიღოთ, გულს ნუ გაიტეხო. მეც არ ვიტეხ გულს და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში ვარ.

ნანა ფიცხელაური