სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ცნობილია - კვირის პალიტრა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ცნობილია

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

"სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი 51 მუხლის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას. ადგილი ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი", - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სარჩელით, რომელიც მერაბიშვილის დაცვის მხარემ სტრასბურგში გააგზავნა, ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა გამოიხატებოდა იმაში, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას შენიღბული მოტივი ჰქონდა და ის პოლიტიკური მოტივებით იყო გამოყენებული.

როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი თავდაპირველად დანაშაულების გამოძიება იყო, ხოლო მოგვიანებით კი ეს მიზანი "ჟვანიას გარდაცვალებასა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის მიღებამ შეცვალა".

"სასამართლოს დასკვნით, ვერ დადგინდა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი მისი პოლიტიკური სცენიდან მოშორება იყო. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის მტკიცება, რომ ის საკნიდან გაიყვანეს და გვიან ღამით დაკითხეს, საკმაოდ დამაჯერებელია და შესაბამისად, დამტკიცებულია. სასამართლომ მიიჩნია, რომ თავისუფლებაზე მერაბიშვილის უფლების შეზღუდვა, მუდმივ სიტუაციას წარმოადგენდა. ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო დასკვნამდე მივიდა, რომ ამ შეზღუდვის მთავარი მიზანი, დროთა განმავლობაში შეიცვალა. თავიდან ამის მიზანი იყო დანაშაულების გამოძიება, ხოლო მოგვიანებით კი ინფორმაციის მიღება ჟვანიას გარდაცვალებასა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე", - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

"ინტერპრესნიუსი"