თბილისში მამაკაცმა ყოფილი ცოლი სახეში დაჭრა და პატრულის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა - კვირის პალიტრა

თბილისში მამაკაცმა ყოფილი ცოლი სახეში დაჭრა და პატრულის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სროლა იყო თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, რომლის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა.

თვითმხილველთა თქმით, ლუბლიანას #11-ში მამაკაცი იარაღით ემუქრებოდა ქალბატონს, რის გამოც გამოიძახეს პატრული. ადგილზე მისულ პატრულის ეკიპაჟს მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა.

შსს-ს პრესსამსახურში განმარტეს, რომ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტი იყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. წინასწარი ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე შეირაღებული პირი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 1961 წელს დაბადებული ბ.ბ. ყოფილ მეუღლეზე - 1961 წელს დაბადებულ ნ.კ.-ზე ძალადობდა. ბ.ბ.-მ პოლიციელების დანახვისთანავე ცეცხლი გახსნა და მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. ამის შემდეგ, ამავე იარაღიდან გასროლით, მან სახის არეში დაჭრა ყოფილი ცოლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბ.ბ.-მ, წინასწარი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება მიიღო. ორივე დაჭრილი დაუყოვნებლივ იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

მომხდარის გამო ლუბლიანას ქუჩა გადაკეტილი იყო. ამ დროისთვის მოძრაობა თავისუფალია.