"ასეთი ზონები გამოიყენება ტერორისტების მოსამზადებლად და გადასაბირებლად" - საშიში "მეზობლები" - კვირის პალიტრა

"ასეთი ზონები გამოიყენება ტერორისტების მოსამზადებლად და გადასაბირებლად" - საშიში "მეზობლები"

"ქვეყანას იმისთვის ჰყავს დაზვერვა და კონტრდაზვერვა, რომ ეს საკითხები მოაგვაროს და ქვეყანაში ტერორისტებმა ვერ შემოაღწიონ"

1 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ თბილისში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დაღუპული ერთ-ერთი ეჭვმიტანილი აჰმედ ჩატაევია.

"ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია", - განაცხადა სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

მათივე ინფორმაციით, 20 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო ჩატაევმა თავი აიფეთქა.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და ოთხი ძალოვანი დაიჭრა.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული ჯგუფის ერთი წევრი სპეცოპერაციამდე აიყვანეს და უკვე ბრალიც წაუყენეს. საედი დუდაევის წინააღმდეგ გამოძიება სსკ 328-ე და 323-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი პატიმრობას ვადით, 10-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

ვახტანგ მაისაია, ექსპერტი: - შს მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო საერთაშორისო ტერორიზმი. ტერორისტული აქტებისთვის დამახასიათებელია საცხოვრებლის დაკავება, მძევლების აყვანა, მუქარა, შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა. რომელი ტერორისტული დაჯგუფების წევრები იყვნენ, უცნობია, მაგრამ რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ჯიჰადისტური ქსელი, რომელიც დღეს უძლიერესია. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ საქართველო არის სატრანზიტო კორიდორი და შესაძლოა ამ მიმართულებით იყენებდნენ.

დავით კუხალაშვილი, ექსპერტი: - ჩვენ გვაქვს ორი ე.წ. ბუფერული ტერიტორია, ოკუპირებული რეგიონების სახით. ასეთი ზონები გამოიყენება ტერორისტების მოსამზადებლად და გადასაბირებლად. საზოგადოდ, ტერორიზმი ეყრდნობა ორ ძირითად ნიშანს - ეთნიკურსა და რელიგიურს.

პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს. მნიშვნელოვანია, როგორ მოხვდნენ ისინი საქართველოში, თუ ლეგალურად არიან შემოსული, მესაზღვრეებსა და სპეცსამსახურებს შორის კოორდინაციის რგოლია მოშლილი, თუ არალეგალურად - გამოდის, საზღვარს ვერ ვაკონტროლებთ. შეიძლება მათ ვინმეს ლიკვიდაცია სურდათ. ამ დრომდე რომ არ ახმაურებენ მათ გვარებს, არ არის გამორიცხული, გარკვეულ ჯგუფებზე მიდიოდეს მუშაობა და მათი ვინაობის დასახელებამ ხელი შეუშალოს სხვას.

თუ საქართველოში ტერაქტი მოხდებოდა, ეს შეიძლება გაკეთებულიყო ორი მიმართულებით - სტრატეგიული ობიექტების ნგრევა მოსახლეობის დაშინების მიზნით, ან სურდათ დაეტერორებინათ ხელისუფლება, რომ რაღაც დათმობებზე წასულიყო. მათი გვარების გაცხადებით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

აუცილებლად უნდა გაძლიერდეს აგენტურული საქმიანობა. შეიძლება სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მოვიპოვოთ, მაგრამ რაღაც მონაცემებს აუცილებლად მივიღებთ. სამწუხაროდ, ტერორიზმს არა აქვს ეროვნება და არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ქვეყანას იმისთვის ჰყავს დაზვერვა და კონტრდაზვერვა, რომ ეს საკითხები მოაგვაროს და ქვეყანაში ტერორისტებმა ვერ შემოაღწიონ. (იხილეთ სრულად)