17 წლის ახალგაზრდას ჭრილობა გულში ჰქონდა - რა მოხდა წყალტუბოში? - კვირის პალიტრა

17 წლის ახალგაზრდას ჭრილობა გულში ჰქონდა - რა მოხდა წყალტუბოში?

ტრაგედია დატრიალდა წყალტუბოში, სადაც 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს. 3  დეკემბერს, დაახლოებით ღამის 2 საათზე დაჭრილი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგივას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით). მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ემუქრება", - აცხადებენ შსს-ში.