"კივილი ატყდა, დავიღუპეთო..." - კვირის პალიტრა

"კივილი ატყდა, დავიღუპეთო..."

"რა ეშველებათ იმ ბიჭების მშობლებს, რომლებმაც საღ-სალამათი შვილები გაუშვეს სკოლაში და უკან ვეღარ დაუბრუნდნენ"

"ხორავას ქუჩაზე ჩემი ორივე მოსწავლე სისხლის გუბეში იწვა. ლევანი სადარბაზოს კიბეზე სისხლისგან იცლებოდა, კონტაქტური აღარ იყო. გზის მეორე მხარეს, კორპუსის თაღთან კი დათო ეგდო ძირს"

ბოლო დროს საზოგადოებას მუდმივი სტრესის ქვეშ უწევს ცხოვრება და ყოველდღე უარყოფითი ინფორმაციის მოლოდინშია - დღე ისე არ გადის, შოკის მომგვრელი ფაქტები არ მოხდეს. ანტიტერორისტული სპეცოპერაციის სკანდალურ საქმეს, ბათუმის სასტუმროში მომხდარი სულისშემძვრელი ტრაგედია მოჰყვა, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საზოგადოება ამ ტკივილმა გააერთიანა, თუმცა განელებული არ იყო, რომ მორიგი ტრაგედია დატრიალდა. არასრულწლოვნების საზარელმა მკვლელობამ ქვეყანა აატირა. ეს ის შემთხვევაა, როცა მთელი ერი ჭირისუფალია. საუბედუროდ, ქუჩური გარჩევები მოზარდებს შორის ისევ სერიოზული პრობლემაა... პირველ დეკემბერს ლევან დადუნაშვილი და დათო სალარიძე სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდნენ. ორი საათი ხდებოდა, როცა მოზარდები თბილისის 51-ე საჯარო სკოლიდან ხორავას ქუჩისკენ გაემართნენ. როგორც ირკვევა, სწორედ იქ შეხვდნენ 53-ე და როგორც მოგვიანებით გაირკვა, პირველი ექსპერიმენტული სკოლის თანატოლებს. თვითმხილველების თქმით, ყველაფერი წამებში მოხდა და იქ მყოფებმა ახალგაზრდების გაშველება ვერ შეძლეს...

ლევან დადუნაშვილი თურმე მოჩხუბრებს აშველებდა და მას სხვისთვის მოქნეული დანა გულმკერდის არესა და ფეხში მოხვდა, რამაც არტერია დაუზიანა.

"ქუჩაში ხმაურზე გავედი. დავინახე, ბიჭი ძირს ეგდო, თავზე ედგა ამხანაგი, რომელიც მაგარი ნაცემი იყო, ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ძირს რომელიც ეგდო, სისხლისგან იცლებოდა, ქამარი გადავუჭირეთ, გვინდოდა, სისხლდენა შეჩერებულიყო, კრიჭა გავუხსენი, შევნიშნე, მუცელზეც ჭრილობა ჰქონდა. ხელი მივაჭირე, რომ სისხლისგან არ დაცლილიყო, მერე "სასწრაფოც" მოვიდა", - ჰყვება ფაქტის თვითმხილველი ქალბატონი.

ლევან დადუნაშვილი

ლევანი სისხლისგან მაინც დაიცალა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რაც შეეხება პარალელურ კლასელს, დათო სალარიძეს, მას დანით 14 ჭრილობა მიაყენეს. შემავალი ჭრილობა ჰქონდა გულმკერდისა და მუცლის არეში და გამჭოლი ჭრილობა ღვიძლზე. დაზიანებული იყო მაგისტრალური სისხლძარღვები, ბარძაყის არტერია. გაოგნებული ექიმი ამბობდა, ასე გამეტებით დასახიჩრებული პაციენტი არ მყოლიაო. დათოს ორი ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა. მოზარდის გადასარჩენად სისხლის ბანკი პირველი ჯგუფის სისხლს ითხოვდა, ყველა ფეხზე დადგა, მაგრამ, სამწუხაროდ, გულმა ვერ გაუძლო და დათოც გარდაიცვალა.

მოზარდების ჩხუბს შეესწრო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ვაჩეიშვილიც: "წინასწარ დაგეგმილ შეხვედრას ჰგავდა, 15-ზე მეტი იყვნენ. ჯერ ლაპარაკობდნენ, მერე უცებ ახმაურდნენ. დავუყვირეთ, ახლავე მოვა პატრულიო, მაგრამ ისე იყვნენ ამ ომში ჩართული, შეძახილებს ყურადღებას არ აქცევდნენ. ჩხუბი სამი წუთი გაგრძელდა, მერე დავინახე ბიჭი ფეხზე იდგა და თვითონაც უკვირდა, სისხლი რომ სდიოდა".

განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ მოსწავლეები სკოლიდან მშვიდად გადიან.

თინათინ ყენია, 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე: "ორივე კარგად სწავლობდა, კონფლიქტურები არ იყვნენ. ლევანის ძმაც ჩვენთან სწავლობს, მე-9 კლასშია. ამავე კლასის მოსწავლეა დათოს დაც. დათოს დედა უცხოეთშია სამუშაოდ, შვილებზე მამა ზრუნავდა.

ორი საათი ხდებოდა, აივნიდან სკოლის ეზოში უცხო ბიჭები შევნიშნე. შორიახლოს ჩემი მოსწავლეებიც დავინახე. იქ იდგნენ ლევანი და დათოც. ვთხოვე, სახლებში დროულად მისულიყვნენ. ბიჭებმაც ბაქრაძის ქუჩისკენ გაუხვიეს. მანდატურის სამსახურის თანამშრომელს ვთხოვე, ბაქრაძის ქუჩა დაეთვალიერებინა. რამდენიმე წუთში მანდატურმა მითხრა, რომ სკოლის გარე პერიმეტრი და ბაქრაძის ქუჩაც დაათვალიერა, მაგრამ იქ ჩვენი მოსწავლეები არ შეუნიშნავს. ოთახში შემოვედი - მშობლები მელოდებოდნენ, რომ უცებ კივილი ატყდა, "დავიღუპეთო". კივილის ხმას გავყევი... ხორავას ქუჩაზე ჩემი ორივე მოსწავლე სისხლის გუბეში იწვა. ლევანი სადარბაზოს კიბეზე სისხლისგან იცლებოდა, კონტაქტური აღარ იყო. გზის მეორე მხარეს, კორპუსის თაღთან, დათო ეგდო. განწირული ხმით ვყვიროდი, "სასწრაფო" გამოეძახათ. "სასწრაფომ" დაიგვიანა. ლევანი უკვე გარდაცვლილი ჩასვეს მანქანაში. დათოს ჩავძახოდი, არ მინდოდა, ჩასძინებოდა".

დათო სალარიძე

მომხდარ ფაქტზე შსს-მ უკვე დააკავა 2001 წელს დაბადებული გ.ბ. გავრცელებული ინფორმაციით, ის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა.

ლევან დადუნაშვილის ახლობელი: - ლევანისა და დათოს მეგობარ ბიჭს 51-ე სკოლელი გოგონა უყვარდა. მერე 53-ე სკოლაში გადასულა და იქ სხვა ბიჭს შეუყვარდა. ამის გამო მოხდა უთანხმოება. გოგონას შეყვარებული ძველ შეყვარებულს გოგოსთვის თავის დანებებას სთხოვდა. ამ ტრაგედიას წინ უძღოდა საქმის გარჩევები. ეს 53-ე სკოლის პედაგოგების ყურამდეც მისულა და დამრიგებლებს ბიჭების მამები გაუფრთხილებია, შვილებისთვის ყურადღება მიექციათ. სამწუხაროდ, ასეთი რამე 51-სკოლის დირექციას არ გაუკეთებია - ბიჭების მშობლებმა ამ კონფლიქტზე არაფერი იცოდნენ... როგორც მითხრეს, ოთხ მოზარდს ჰქონდა დანა და ახლა მათი ვინაობის დადგენას ცდილობენ.

ჩვენი ინფორმაციით, გოგონას შეყვარებულმა, რომელიც 53-ე სკოლელია, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მეგობრებს სთხოვა, ჩართულიყვნენ გარჩევებში. როგორც მითხრეს, დაკავებული ახალგაზრდა, რომელმაც ლევანი მოგვიკლა, სწორედ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობს. იმავე სკოლის მოსწავლეა მეორე ბრალდებულიც, რომელსაც პოლიცია ეძებს.

- ჩხუბში გოგონას შეყვარებულები მონაწილეობდნენ?

- იქ ბევრი ადამიანი ირეოდა, როგორც ვიცი, კონფლიქტი გოგონას შეყვარებულებს შორის დაიწყო და ჩაერთვნენ მეგობრებიც. ის ბიჭები კი დაშავებული არ არიან.

ჩვენი ლევანი კონფლიქტური არასოდეს ყოფილა. იმ დღესაც დათოს აშველებდა. მეგობარი ამბობს, რომ დაჭრეს, მხოლოდ ეს თქვა, მე რა შუაში ვიყავიო, მერე კი გონება დაკარგა... მამამისი ლევანის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა, იცოდა, როდის და სად იყო მისი შვილი, დღეში რამდენჯერმე ურეკავდა. ეს ამბავი რომ მოხდა, ჭიათურაში იყო. ვერ ვუთხარით, ცოცხალი რომ აღარ ჰყავდა შვილი. ყოველ წუთას რეკავდა, როგორ არისო - ეგონა, საოპერაციოდ იყო შეყვანილი.

ბავშვები ამბობენ, 30 მოზარდი მაინც იყო ამ კონფლიქტში ჩართულიო. დამნაშავეები დაისჯებიან, მაგრამ რა ეშველებათ იმ ბიჭების მშობლებს, რომლებმაც საღ-სალამათი შვილები გაუშვეს სკოლაში და უკან ვეღარ დაუბრუნდნენ...

თანაკლასელებს მათზე წარსულ დროში ლაპარაკი ძალიან უჭირთ. ტკივილიანი წერილებით სავსეა სოციალური ქსელი: "ვინ წარმოიდგენდა, ასეთი სისასტიკის მსხვერპლი რომ გახდებოდა ეს უდანაშაულო, უწყინარი ბიჭი... თვალს უხაროდა მისი დანახვა. სალამს ვერ დაასწრებდი. მუდამ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე... აი, ასეთი იყო ჩვენი ლევანიკო, ჩვენი უბნის თვალი... მეც დედა ვარ და ვიზიარებ მისი დედის, ნათიას ტკივილს, რომელიც თავს დაჰკანკალებდა შვილებს. უფალმა გააძლიეროს. მე კი დილაობით სკოლისაკენ მიმავალი ლევანიკოს დიდი ნაბიჯები მხოლოდ მოგონებად დამრჩება", - წერს ნინო შონია.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება. შს სამინისტროში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, დაკავებულია თუ არა პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე. სამართალდამცავები ერთ ბრალდებულს კიდევ ეძებენ. დაკავებული მალე სასამართლოს წინაშე წარდგება. ალბათ, გაირკვევა, რატომ ჩაიდინა ასეთი სადისტური მკვლელობა...

თეა ხურცილავა