"შუშანაშვილის ჯგუფის აყვანა არ ნიშნავს ქართული მაფიის განადგურებას" - კვირის პალიტრა

"შუშანაშვილის ჯგუფის აყვანა არ ნიშნავს ქართული მაფიის განადგურებას"

"ქურდული სამყაროსთვის ევროპა ელდორადოა"

ორწლიანი გამოძიება კატალონიასა და მადრიდში დაკავებების სერიით დასრულდა - ქართველ სამართალდამცველებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ესპანეთის პოლიციამ დააკავა კრიმინალური ავტორიტეტის, კახა შუშანაშვილის დაჯგუფების 23 წევრი, რომელთა შორის 19 საქართველოს მოქალაქეა. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი, ძირითადად, ყაჩაღობდა და ფულს "ათეთრებდა". ქართულ მაფიას საკუთარი გადამზიდავი კომპანიაც კი ჰქონია, რომლის მეშვეობითაც ნაქურდალი ნივთები რეალიზებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში გადაჰქონდათ. დაკავებულთა შორისაა კახა შუშანაშვილის მეუღლეც, რომელსაც გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება. ესპანური მედიის ინფორმაციით, შუშანაშვილთან შეგროვებული "ობშიაკი" მისივე მითითებით სხვადასხვა ქვეყანაში ნაწილდებოდა. ევროპული ქურდული სალაროდან ყველაზე დიდ პროცენტს იღებდა კახას ძმა, ლაშა შუშანაშვილი ("რუსტავსკი"), რომლის დაკავება პოლიციამ სპეცოპერაცია "იავის" დროს ვერ შეძლო - ის ბერძენ სამართალდამცველებს სალონიკის ერთ-ერთი სასტუმროდან გაექცა.

ქართულ დანაშაულებრივ სინდიკატთან ბრძოლა ესპანეთში 2010 წლიდან გააქტიურდა. იქ ათეულობით ქართველი დააპატიმრეს, მათ შორის კახა შუშანაშვილი, რომელსაც ესპანური მედია ქართულ-რუსული მაფიის გენერლად მოიხსენიებს. ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ კახა შუშანაშვილს 20 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე ჩამოართვა მის საკუთრებაში არსებული ფული და ქონება. გამოძიების ინფორმაციით, ქართველი "კანონიერი ქურდის" მეთაურობით დაჯგუფება ესპანეთში 2008 წლიდან გააქტიურდა - ხსნიდნენ ფირმებს, სამრეცხაოებს, სადაც "ობშიაკის" ფული იკრიბებოდა, დააარსეს ფოსტის მიტანის მომსახურებაც. ესპანელი სამართალდამცავები შუშანაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხსაც განიხილავდნენ, თუმცა გადაწყდა, რომ იმ ქვეყანაშივე გაესამართლებინათ, სადაც დანაშაული ჩაიდინა. საქმის გამოძიებისას შუშანაშვილს მკვლელობის ერთი ბრალდება მოეხსნა, ვინაიდან ესპანური მედიის ცნობით,"ეს დანაშაული საფრანგეთის იურისდიქციაში შედის. ლაპარაკია საფრანგეთში კიდევ ერთი ქართველი "კანონიერი ქურდის", ვლადიმერ ჯანაშიას შეკვეთილ მკვლელობაზე. ჯანაშია ნიცაში, აგარაკზე 2010 წელს ჩაცხრილეს. ზუგდიდელი ჯანაშია ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანის მოკავშირე იყო. ერთი ვერსიით, მისი მკვლელობა რუსეთში "კანონიერ ქურდთა" ორ დაჯგუფებას შორის სისხლიანი დაპირისპირების ნაწილია, რომელიც რუსი ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანოვის, იმავე "იაპონჩიკის" მკვლელობით დაიწყო. ამ მკვლელობაში ქურდების ნაწილი სწორედ ონიანს ადანაშაულებს. ჯანაშიას ოჯახის ვერსიით, მკვლელობა კახა შუშანაშვილმა დაუკვეთა.

"ქურდული სამყაროსთვის ევროპა ელდორადოა"

გივი ლომინაძე, პოლიციის გენერალი, ყოფილი შს მინისტრი, სამძებრო სამსახურის ყოფილი უფროსი: - საბედნიეროდ, ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ქურდების ჭაჭანება არ არის - დიდი ბრძოლის შედეგად, როგორც იქნა, შევძელით ამ უბედურების მოცილება, სამაგიეროდ, პრობლემები შევუქმენით ევროპის ქვეყნებს.

- ესპანეთში ჩატარებული ოპერაცია შეფასდა როგორც ქართული მაფიის განადგურება. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ეს მძიმე დარტყმაა ქურდული სამყაროსთვის, მაგრამ შუშანაშვილის ჯგუფის აყვანა არ ნიშნავს ქართული მაფიის განადგურებას. ის, რომ "კანონიერ ქურდებში" შუშანაშვილი გამორჩეულ ავტორიტეტად ითვლება, ეს მართალია. მას დიდი კავშირები ჰქონდა არა მარტო საქართველოში, არამედ ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე.

დღეისთვის კრიმინალური ავტორიტეტების დიდი შემადგენლობაა წასული ევროპის ქვეყნებში და ეს განპირობებულია ამ ქვეყნების ლიბერალური კანონმდებლობით. ყველაზე მძლავრი დაჯგუფებები საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში იყვნენ ფეხმოკიდებული."არიან კვიპროსსა და საბერძნეთშიც. საზღვრის ცნება ევროპაში უკვე პირობითია, ამიტომ მათ გადაადგილება არ უჭირთ.

ქურდები არა მარტო იპარავენ, არამედ ამ გზით მოპოვებულ კაპიტალს აბანდებენ, მათ ბიზნესებიც აქვთ მშენებლობის, ვაჭრობის, გადაზიდვების, სატრანსპორტო დარგში. მათთვის ევროპის ქვეყნები ელდორადოა.

- რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს ჩვენს ქვეყანაში კრიმინალური ავტორიტეტების მიგრაციის საშიშროება?

- ყოველ წუთს უნდა ველოდოთ აქ ქურდული სამყაროს გაცოცხლებას, თუკი დავუშვებთ კანონმდებლობის შემსუბუქებას. დაუძლეველი არაფერია და, თუ სურვილი ექნებათ ჩვენს უცხოელ კოლეგებს, ერთობლივი მუშაობის შედეგი მნიშვნელოვანი იქნება ქურდული სამყაროს აღსაკვეთად.

ვინ არის კახა შუშანაშვილი

კახა შუშანაშვილი სამართალდამცველებმა ოთხი წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაცია "იავის" დროს აიყვანეს. ქართველ "კანონიერ ქურდს", რომელსაც ქართულ-რუსული მაფიის ერთ-ერთ ბოსად მოიხსენიებდნენ, ფულის გათეთრებაში, იარაღის კონტრაბანდასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებდნენ. ესპანეთში კრიმინალური საქმიანობით მოპოვებული მისი ქონება 24 მილიონ ევროდ შეფასდა. კახა შუშანაშვილს ათამდე დანაშაულს, მათ შორის, 2010 წელს მომხდარ შეკვეთილ მკვლელობას ედავებიან.

ნანა ფიცხელაური