"ქართულ-რუსული მაფიის გენერალი" და ძმებ შუშანაშვილების კრიმინალური კლანი - კვირის პალიტრა

"ქართულ-რუსული მაფიის გენერალი" და ძმებ შუშანაშვილების კრიმინალური კლანი

"ქურდული სამყაროსთვის ევროპა ელდორადოა"

ორწლიანი გამოძიება კატალონიასა და მადრიდში დაკავებების სერიით დასრულდა - ქართველ სამართალდამცველებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ესპანეთის პოლიციამ დააკავა კრიმინალური ავტორიტეტის, კახა შუშანაშვილის დაჯგუფების 23 წევრი, რომელთა შორის 19 საქართველოს მოქალაქეა. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი, ძირითადად, ყაჩაღობდა და ფულს "ათეთრებდა". ქართულ მაფიას საკუთარი გადამზიდავი კომპანიაც კი ჰქონია, რომლის მეშვეობითაც ნაქურდალი ნივთები რეალიზებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში გადაჰქონდათ. დაკავებულთა შორისაა კახა შუშანაშვილის მეუღლეც, რომელსაც გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება. ესპანური მედიის ინფორმაციით, შუშანაშვილთან შეგროვებული "ობშიაკი" მისივე მითითებით სხვადასხვა ქვეყანაში ნაწილდებოდა. ევროპული ქურდული სალაროდან ყველაზე დიდ პროცენტს იღებდა კახას ძმა, ლაშა შუშანაშვილი ("რუსტავსკი"), რომლის დაკავება პოლიციამ სპეცოპერაცია "იავის" დროს ვერ შეძლო - ის ბერძენ სამართალდამცველებს სალონიკის ერთ-ერთი სასტუმროდან გაექცა.

ქართულ დანაშაულებრივ სინდიკატთან ბრძოლა ესპანეთში 2010 წლიდან გა-აქტიურდა. იქ ათეულობით ქართველი დააპატიმრეს, მათ შორის კახა შუშანაშვილი, რომელსაც ესპანური მედია ქართულ-რუსული მაფიის გენერლად მოიხსენიებს. ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ კახა შუშანაშვილს 20 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე ჩამოართვა მის საკუთრებაში არსებული ფული და ქონება. გამოძიების ინფორმაციით, ქართველი "კანონიერი ქურდის" მეთაურობით დაჯგუფება ესპანეთში 2008 წლიდან გააქტიურდა - ხსნიდნენ ფირმებს, სამრეცხაოებს, სადაც "ობშიაკის" ფული იკრიბებოდა, დააარსეს ფოსტის მიტანის მომსახურებაც. ესპანელი სამართალდამცავები შუშანაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხსაც განიხილავდნენ, თუმცა გადაწყდა, რომ იმ ქვეყანაშივე გაესამართლებინათ, სადაც დანაშაული ჩაიდინა. საქმის გამოძიებისას შუშანაშვილს მკვლელობის ერთი ბრალდება მოეხსნა, ვინაიდან ესპანური მედიის ცნობით,"ეს დანაშაული საფრანგეთის იურისდიქციაში შედის. ლაპარაკია საფრანგეთში კიდევ ერთი ქართველი "კანონიერი ქურდის", ვლადიმერ ჯანაშიას შეკვეთილ მკვლელობაზე. ჯანაშია ნიცაში, აგარაკზე 2010 წელს ჩაცხრილეს. ზუგდიდელი ჯანაშია ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანის მოკავშირე იყო. ერთი ვერსიით, მისი მკვლელობა რუსეთში "კანონიერ ქურდთა" ორ დაჯგუფებას შორის სისხლიანი დაპირისპირების ნაწილია, რომელიც რუსი ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანოვის, იმავე "იაპონჩიკის" მკვლელობით დაიწყო. ამ მკვლელობაში ქურდების ნაწილი სწორედ ონიანს ადანაშაულებს. ჯანაშიას ოჯახის ვერსიით, მკვლელობა კახა შუშანაშვილმა დაუკვეთა.

ნანა ფიცხელაური

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად