"შესაძლოა, ჩატაევის ჯგუფისთვის მეგზურობა ერთ-ერთ მათგანს გაეწია" - საიდან შემოვიდა და როგორ მოიპოვა იარაღი ჩატაევმა? - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, ჩატაევის ჯგუფისთვის მეგზურობა ერთ-ერთ მათგანს გაეწია" - საიდან შემოვიდა და როგორ მოიპოვა იარაღი ჩატაევმა?

თუ რას გეგმავდნენ ჩატაევი და მისი გარემოცვის წევრები საქართველოში, ამის თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განცახდება გააკეთა.

"ამ ეტაპზე ვმუშაობთ ორი მიმართულებით. გვეხმარებიან ჩვენი კოლეგები FBI-დან. ამ მიმართულებებს, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ. გამოძიებით გამოიკვეთება, ისინი საქართველოზე მუშაობდნენ, სხვა მიმართულებით, ტერაქტის მოსაწყობად იყვნენ ჩამოსულები თუ სხვა რამეს გეგმავდნენ, ამას ჯერ ვერ ვიტყვი", - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, ტერორიზმში ბრალდებულებმა იარაღი ტყეში არსებული ერთ-ერთი სამალავიდან მოიპოვეს.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად გამოძიება ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება, რათა დადასტურდეს, რომ იარაღები ნამდვილად ამ სამალავებიდანაა ამოღებული.

"ინფორმაციები რაც გვქონდა, ამომწურავად გავაცანით პარლამენტის ნდობის ჯგუფს. გავეცი პასუხები იმ კითხვებზე, რაც არის საზოგადოებაში - როგორ გადმოვიდნენ საქართველოში, იარაღი საიდან მოიპოვეს, რას გეგმავდნენ, მომავალში რა უნდოდათ ამ ადამიანებს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონი უფლებას არ მაძლევს ყველაფერი ღიად ვისაუბრო, თუმცა, ნდობის ჯგუფს, რაც გვქონდა დადასტურებული ინფორმაცია, გავაცანი. დადასტურებული გვაქვს ინფორმაცია იარაღთან დაკავშირებით, თუ საიდან მოიძიეს და მიიტანეს სახლში. ტყეშია ნაპოვნი, ერთ-ერთი სამალავიდანაა ამოღებული", - განაცხადა გომელაურმა.

მან ასევე დაადასტურა გაზეთ "კვირის პალიტრის" გავრცელებული ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ჩატაევი და მისი ჯგუფის წევერები საქართველოში ე.წ. მწვანე ზოლით შემოვიდნენ.

"რომელი ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთეს თბილისში, კონტრტერორისტული ოპერაციისას ლიკვიდირებულმა პირებმა, ამას ვერ დავასახელებ. ჩვენი ვერსიით, არის ე.წ. მწვანე საზღვრიდან გადმოსული", - აღნიშნა გომელაურმა.

"კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი ნინო ბურჭულაძე სტატიაში " რას გეგმავდა "ცალხელა აჰმედი" საქართველოში" წერს:

"სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა ჯგუფი საქართველოში თურქე-თიდან შემოვიდა, სადაც ჩატაევი ბოლო 6 თვე იმყოფებოდა(?!). თავადაც და მისი სამი თანმხლები (მათგან მხოლოდ საიდ დუდაევია ცნობილი, მოხდა თუ არა დანარჩენი ორის იდენტიფიცირება, უცნობია) "ისლამური ხალიფატის" გამოცდილი მებრძოლები იყვნენ. ჩატაევის ჯგუფს შემოსვლა შეეძლო როგორც არალეგალურად (ე.წ. მწვანე ზოლით), ისე სარფის საბაჟოს გავლით. საზღვრის გადმოლახვა იოლი არ არის, მაგრამ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს. ეს საქმე 600-900 დოლარამდე ჯდება, თუ საზღვარზე გადმოსვლას კონკრეტულ ცვლას დაამთხვევ, ან საქართველოში მომავალი ავტობუსების გამჭრიახ მძღოლებთან დაიჭერ თადარიგს. ჩატაევმა - ვაითუ, ვინმემ მიცნოსო, ალბათ, "მწვანე ზოლით" გადმოსვლა არჩია. ამ გზით შემოსვლა-გასვლის მსურველებს მომსახურებას გარკვეული ანაზღაურების ფასად "მეგზურებიც" სთავაზობენ, თუმცა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ეს "მეგზურის" გარეშეც შესაძლებელია. ვინაიდან მაღალმთიან აჭარაში "ისლამურ ხალიფატს" მხარდამჭერები ჰყავს (ხალიფატში "აჭარულ ფრთას" თამაზ ჭაღალიძე - "აჰმედ გურჯი" ხელმძღვანელობს. 2015 წლის შემოდგომაზე აჭარაში ანტიტერორისტული ოპერაციაც კი ჩატარდა და "ისლამური ხალიფატის" ადგილობრივი წევრები დააკავეს), შესაძლოა, ჩატაევის ჯგუფისთვის მეგზურობა ერთ-ერთ მათგანს გაეწია". (იხილეთ სტატია სრულად)