"საბრალო ბებია რას იფიქრებდა, რომ თანაშეზრდილს მისი თორნიკე მოსაკლავად მიჰყავდა" - კვირის პალიტრა

"საბრალო ბებია რას იფიქრებდა, რომ თანაშეზრდილს მისი თორნიკე მოსაკლავად მიჰყავდა"

ქვეყანა შეძრა თბილისში, ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ, როდესაც სკოლის მოსწავლეების ჩხუბისას ორი მოზარდი უმოწყალოდ დაჭრეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. მომხდარიდან მეორე დღეს კიდევ ერთი უბედურება წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფსკვითში დატრიალდა, სადაც არასრულწლოვანის ხელით მისივე თანასოფლელი და თანატოლი დაიღუპა.

თბილისურმა ტრაგედიამ თითქოს გადაფარა 2000 წელს დაბადებული თორნიკე ბაღაშვილის მკვლელობა, არადა, ბიჭი არანაკლები გულქვაობისა და სისასტიკის მსხვერპლი გახდა.

გვესაუბრება გარდაცვლილის ახლობელი:

- თორნიკე სანიმუშო და საამაყო ბიჭი იყო, მის მოკვლას ვინმე თუ შეეცდებოდა, ამას როგორ ვიფიქრებდით. საოცრად თბილი, მშვიდი და უკომფლიქტო, მიუხედავად იმისა, რომ მშობლებისგან შორს იზრდებოდა. თორნიკეს დედა უცხოეთში იყო წასული სამუშაოდ, მამაც სხვა რაიონში ცხოვრობდა. ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს, საშინელ დღეში არიან... დედა, რომელსაც ერთადერთი შვილი მოუკლეს, გონზე არ არის, არ არსებობს მისი სანუგეშო სიტყვა ქვეყანაზე...

- როგორც ცნობილია, მკვლელობაში ბრალდებულიც სოფელ ოფშკვითის მცხოვრებია...

- ასეა. ის და თორნიკე ერთად გაიზარდნენ, კარის მეზობლები იყვნენ. ოღონდაც ეგ იყო, მშობლებმა გამოიყვანეს სკოლის ბოლო კლასიდან და თბილისში წაიყვანეს სამუშაოდ. თითქოს ეს ბიჭიც არ ჩანდა მკვლელად დაბადებული… ვერ ვხვდებით რა მოხდა, რამ გაუღვივა ასეთი შეუბრალებლობა, რომ თანაშეზრდილი დანისთვის გაიმეტა.

სოფელი აქამდე თითქოს ქალაქისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ ყველა ერთმანეთს იცნობს და ინდობს, მაგრამ... რატომ ხდებიან 16-17 წლის ბიჭები მკვლელები, რატომ იმახინჯებენ ასე ცხოვრებას?...

- დანაშაულის მიზეზი რა გახდა?

- როგორც ამბობენ, კონფლიქტი ტელეფონის გამო მოხდა... როგორც ვიცი, დღეს უკვე ბრალდებულ ბიჭს სადღაც ვიღაცის ტელეფონი აუღია და წაუღია. ტელეფონის პატრონისთვის ეს ვიღაცას უთქვამს, ის კიდევ თორნიკეს აბრალებდა თურმე, - შენ ჩამიშვიო. თორნიკე უარობდა, მაგრამ არ დაუჯერა. ამიტომაც ჩამოვიდა თბილისიდან, დაუძახა კიდევ მეზობლის ორ ბიჭსა და სამივენი თორნიკეს მიადგნენ... საბრალო ბებიამისი შეესწრო ამას, რას იფიქრებდა, რომ თანაშეზრდილს მისი საყვარელი თორნიკე მოსაკლავად მიჰყავდა...

სოფლის სასაფლაოზე ავიდნენ, როგორც ჩანს, იკამათეს იქაც, დანა ამოიღო და  დაარტყა, პირდაპირ გულში მოხვდა ბიჭს... ბნელოდა თურმე, ბიჭები, ვინც ახლდნენ, ახლა ამბობენ, დანა თუ ჰქონდა არ ვიცოდით, დარტყმაც არ დაგვინახავსო...

- მერე რა მოხდა, ვინ ნახა დაჭრილი?

- სამწუხაროდ, სასწრაფო არ გამოუძახიათ. ბრალდებული მიხვდა თუ არა, რა მოხდა, გაიქცა, თანმხლებმა ბიჭებმა თორნიკე სასაფლაოს კართან, გზაზე გაიყვანეს და გამვლელ მანქანას სთხოვეს დახმარება, მაგრამ ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა...

თორნიკე ბაღაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის მოზარდი, რომელიც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თბილისში დააკავეს. მას სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ბრალდებულის ინტერესებს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტი ირაკლი შენგელია იცავდა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობის ფაქტს აღიარებს, თუმცა წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.

ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის მეორე პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

განათლების რესურსცენტრის მმართველის განმარტებით, ბრალდებულს ერთი წელია უკვე, რაც მოსწავლის სტატუსი აღარ აქვს.

იხილეთ ასევე: მოკლული მოსწავლის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)