"ჩემი შვილია მკვლელი, წაიყვანეთ, მომაშორეთო..." - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილია მკვლელი, წაიყვანეთ, მომაშორეთო..."

რამდენიმე დღის წინ, ტრაგედია დატრიალდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სადაც 68 წლის ქალი საკუთარ სახლში მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალბატონის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ახალგაზრდა დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1950 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ქალი მიყენებული ჭრილობის შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

"პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, 24 წლის ახალგაზრდა სამართალდამცველებს საკუთარმა მამამ ჩააბარა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი.

მკვლელობის მოტივი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა ბრალდებულის ახლობლები ამბობენ, რომ დანაშული 24 წლის ახალგაზრდამ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა.

გვესაუბრება სოფელ კარალეთის მკვიდრი:

- გარდაცვლილი ქალი ეროვნებით ქართველი არ იყო, რუსი გახლდათ, მრავალი წლის წინ გამოთხოვდა საქართველოში  და შვილები ისეთი კარგ ქართველებად გაზარდა, რომელთა მსგავსი, ყველასთვის სანატრელია. მისი ვაჟი დღეს საქართველოში არ არის, რუსეთშია, იქ აწარმოებს ბიზნესს, სადაც სოფლიდან ბევრი თანატოლი წაიყვანა და დაასაქმა. ეს ხალხი დღეს მისი დახმარებით სოფელში ოჯახებს ინახავს. დედაც წაიყვანა, მაგრამ არ დარჩა შვილთან, მთელი ცხოვრება სადაც გავატარე, იქ უნდა მოვკვდეო... გარდაცვლილს ქალიშვილი სოფლიდან ახლოს ჰყავდა გათხოვილი, მაგრამ ქალი მაინც მარტო ცხოვრობდა... შვილები დედას ძალიან დიდ პატივს სცემდნენ, როცა ვაჟს დაუკავშირდნენ და უთხრეს, ჩამოდი, დედაშენი მძიმედ არისო, ატირდა თურმე საბრალო... მეზობლებს ძალიან გვიყვარდა, არ ვიცი, ეს როგორ გაბედა და გააკეთა ბიჭმა, რომლის ოჯახთანაც ახლობლობდნენ.

ტრაგედია ღამით დატრიალდა, როგორც ჩანს, კარი ღია იყო და ისე შევიდა.

დილას ეზოში რომ ვერ დაინახეს, მეზობლის ქალები შევიდნენ სახლში და ეს საშინელება დახვდათ, - გარდაცვლილი საწოლის ქვეშ ისე იყო შეტენილი, მხოლოდ ცალი ხელის მტევანი უჩანდა. მეზობლებმა იმდენად ვერ წარმოიდგინეს, რომ ვინმე მოკლავდა, იფიქრეს, წნევის გამო გული ხომ არ გაუჩერდაო, მაგრამ...

მკვლელი, სავარაუდოდ, უმწეო ქალის გასაძარცვად შევიდა. მკვლელის მამა მშრომელი და პატიოსანი კაცია. პოლიციელებმა ძაღლი მოიყვანეს, რომელიც ჯერ გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობლის სახლს მიადგა, რადგან მკვლელს სისხლიანი ტანსაცმელი გაუხდია და ამ მეზობლის სახლის სხვენზე შეუყრია შუაღამისას, ამით უდანაშაულო კაციც საფრთხეში ჩააგდო...

როგორც ჩანს, მამას უთხრა, რაც ჩაიდინა. მან კი არ დამალა შვილის დანაშაული, ეგრევე გამოვიდა და დარეკა პოლიციაში, უთქვამს, აღარ გინდათ ძებნა, ჩემი შვილია მკვლელი, წაიყვანეთ, მომაშორეთო...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)