"იქნებ მოვალემაც აიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა..." - რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი?! - კვირის პალიტრა

"იქნებ მოვალემაც აიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა..." - რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი?!

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩოჩხათის მკვიდრი, 34 წლის ილო ტუღუში ფოთში, მალთაყვის ტყეში ადგილობრივმა საპატრულო სამსახურმა გამთენიისას გარდაცვლილი იპოვა.  გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი ჩამოიხრჩო, თუმცა ამის არ სჯერათ მისი ოჯახის წევრებს. მათი თქმით, თვითმკვლელობა ან ინსცენირებულია, ან ახალგაზრდა კაცს თვითმკვლელობა აიძულეს.

ილო ტუღუში ფეხბურთის მსაჯი იყო და როგორც რეგიონალური, ისე ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩებისას, მსაჯობდა. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილის მეუღლე, სამი მცირეწლოვანი შვილი და დედ-მამა დარჩა.

გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ილია ტუღუშის გარდაცვალება ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდება. ოჯახის ინფორმაციით, "გურია"- "ლანჩხუთის" თამაშზე "ლანჩხუთს" უნდა მოეგო, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რის შემდეგაც ილია ტუღუშს თანხის დაბრუნება მოსთხოვეს.

"თამაში მოგებული უნდა ყოფილიყო, ეს ფული ამაზე გაიცა, მერე კი ჩემს შვილს ფულის დაბრუნება მოსთხოვეს", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ მარინა ტუღუშმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.

"5000 ლარის გულისთვის გაიმეტეს ჩემი მეუღლე", - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ ეკა მოისწრაფიშვილმა.

ლანჩხუთის საფეხბურთო გუნდის "გურიის" დირექტორი ნუგზარ ჩხაიძე ჩაწყობილ თამაშებს გამორიცხავს.

გვესაუბრება სოფელ ჩოჩხათის ერთ-ერთი მცხოვრები:

- ჩემ თვალწინ გაიზარდა და დავაჟკაცდა ილო, თბილი და მოსიყვარულე ბიჭი იყო, ეს ორმეტრიანი გოლიათი ისე არ გაგცდებოდა თბილად რომ არ მოეკითხე, მასზე ავის სათქმელად ენა როგორ მომიბრუნდება... სამი ანგელოზივით შვილი დარჩა. სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედია დატრიალდა, როგორც ამბობენ, ვალები ჰქონდა, რომელიც ვერ გაისტუმრა და ამიტომაც აუტეხა თავს ასეთი რამ. ან იქნებ მოვალემაც აიძულა, ვინ იცის... ეს სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ. სამწუხაროდ, საკმოდ აზარტული იყო და ეს დიდ პრობლემად ჰქონდა ქცეული ოჯახსაც...

- თუმცა, გარდაცვლილი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მან თავი იმ მატჩის გამო ჩამოიხრჩო, რომელშიც 5000 ლარი იყო გადახდილი და რომელშიც ლანჩხუთის "გურიას" უნდა მოეგო. მათი მტკიცებით, ასე არ მოხდა და მსაჯს ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვეს. მან კი ვერ დააბრუნა...

- ვერაფერს გამოვრიცხავთ. სულ არ არის გასაკვირი ასეთი რამაც მომხდარიყო, თუმცა ჩაწყობილი თამაშები, იმედია, არ დაიმალება და ესეც გაირკვევა. გამოძიებამ უნდა დადგინოს, რა როგორ იყო...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)