"კი ვიცოდი, რომ რაღაცას მიმზადებდნენ, მაგრამ ასეთ მზაკვრულ რამეს თუ მოახერხებდნენ, ნამდვილად არ მეგონა"
14-06-2010
სკოლის დირექტორს არჩევნებში დამარცხებული კანდიდატი მოსწავლეზე ძალადობას აბრალებს?!

ცოტა ხნის წინ საინფორმაციო საშუალებებმა შემზარავი ინფორმაცია გადმოსცეს, - როგორც ითქვა, ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საშუალო სკოლის დირექტორი მეცხრეკლასელ მოსწავლეზე ძალადობდა. ამ საშინელ დანაშაულში სკოლის დირექტორ ზურა თაბაგარს მეცხრე კლასის მოსწავლემ დასდო ბრალი. სოფელში ჩასული ნანახმა და მოსმენილმა გამაოგნა. ყურებს არ ვუჯერებდი, რაც სოფელში მოვისმინე!

სკოლის დირექტორ ზურა თაბაგარს ოთხ მასწავლებელთან ერთად შეჩერებული აქვს უფლებამოსილება.

ზურა თაბაგარი, ბალღოჯიანის სკოლის დირექტორი:
- იმ
დღეს ყვარელში ვიყავი, რესურსცენტრში. შუადღე იქნებოდა, რაიონიდან რომ დავბრუნდი. საკრებულოს შენობაში პოლიციელები იყვნენ. იქ ჰყავდათ ის გოგონაც ოთხ მასწავლებელთან ერთად. რომ გავიგე, რას მაბრალებდა ბავშვი, ელდა მეცა. თურმე მე, სკოლის დირექტორი ზურა თაბაგარი, ვძალადობდი. გარდა იმისა, რომ სკოლის დირექტორი ვარ, ამ ბავშვების მასწავლებელიც ვარ.

KvirisPalitra.Geის
გოგონა ჩემი ქალიშვილის კლასელია. მესამე ტრიმესტი სულ არ უვლია სკოლაში, მხოლოდ იმ პარასკევს მოვიდა. 25 წელიწადია მასწავლებელი ვარ, 14 წელი - დირექტორი, კარგად ვიცი ბავშვებთან ურთიერთობის მეთოდები. ყველამ კარგად იცის, რომ გოგონა გონებასუსტია. ბავშვებს ვკითხე, რატომ არ დადის ბავშვი სკოლაში-მეთქი, მიპასუხეს, ზურა მასწავლებელო, თქვენი ეშინიაო.

ბავშვი გონებასუსტი კი არის, მაგრამ მინდოდა, ერთი აბზაცი მაინც ჩაებარებინა, რომ ნიშნის დაწერის საშუალება მქონოდა, ამიტომაც ბავშვებს ვთხოვე, დაეხმარეთ, გაკვეთილის ერთი თავი ასწავლეთ-მეთქი. რაკი მითხრეს, თქვენი ეშინიაო, მხარზე ხელი დავადე, შევაქე კიდეც და ვუთხარი, ნურაფრის გეშინია, ერთი გაკვეთილი ჩამაბარე, სკოლაშიც იარე და შენც მიიღებ ცხრა კლასის დამთავრების ატესტატს-მეთქი. მეცხრე კლასამდეც წვალებით მოვიყვანეთ. სკოლაში არის მისი პირადი საქმე და ჩაიხედეთ, რას წერდნენ მასზე მასწავლებლები მესამე კლასიდან.

- თქვენი აზრით, რატომ დაგადოთ ამ ბავშვმა ხელი მაინცდამაინც თქვენ?
- ეს ამბავი პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ სიტუაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. საქმე ისაა, რომ ჩვენს სოფელში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი პირწმინდად დამარცხდა და ეს ამბავი მე მბრალდება.

- თქვენ საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იყავით?
- მე სახელმწიფო მოხელე ვარ, სკოლის დირექტორი. საარჩევნო უბანი სკოლაში იყო განთავსებული. მოგეხსენებათ, იქ მე ოფიციალურად არავითარი უფლებები არ მქონდა, მაგრამ რადგან სკოლის დირექტორი ვიყავი, ეტყობა, ფიქრობდნენ, რომ შემეძლო სოფელზე ზეგავლენის მოხდენა. პედაგოგები, რომლებმაც ეს ამბავი წამოიწყეს, რომელთაც ჩვენება მიაცემინეს ბავშვს, არჩევნებამდე ზეიმობდნენ გამარჯვებას(!).

თუ "ნაციონალების" კანდიდატი აკაკი კეკენაძე გახდებოდა ჩვენი სოფლის დეპუტატი, ეს ოთხი პედაგოგი გაინაწილებდა სკოლაში თანამდებობებს. ჩემდა საუბედუროდ, ჩვენს სოფელში "ნაციონალების" კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა და ამას მოჰყვა ეს ამბავიც.

ამის მოთავე, ერთ-ერთი მასწავლებელი, ნინო მოდებაძე აკაკი კეკენაძის რძალია. მისი მაზლი რომ ვერ გახდა დეპუტატი, ამას მე და ჩემს მეუღლეს გვაბრალებდა. კი ვიცოდი, რომ რაღაცას მიმზადებდნენ, მაგრამ ასეთ მზაკვრულ რამეს თუ მოახერხებდნენ, ნამდვილად არ მეგონა.

- ტელეეთერში აჩვენეს კაცი, რომელიც ამბობდა, რომ თურმე წლების განმავლობაში ასეთი საქციელის გამო თოხით დაგდევდნენ მოსაკლავად.
- ეს კაცი დეპუტატ კეკენაძის მამა იყო. სიუჟეტის მერე მივედი და ვკითხე, ვინ დამდევდა-მეთქი, მითხრა, მთვრალი ვიყავი და არ ვიცი, რა ვთქვიო. თუ არ იცოდი, რას ლაპარაკობდი, მიდი ახლა და ახსნა-განმარტება მიეცი პოლიციას შენს ნათქვამზე-მეთქი. პოლიციაში რად უნდა წავიდე, შენ და შენმა მეუღლემ ჩემს შვილს ხმა არ მიეცითო!

ნახევარი საქართველო მიცნობს, სად არ მიმუშავია. თუ ერთი კაცი მაინც ხელს დამადებს და იტყვის, რომ ოდესმე ცუდად შემიხედავს მოსწავლისთვის ან მასწავლებლისთვის, რად მინდა ამათი სასამართლო, მე თვითონ ვიკრავ შუბლში ტყვიას.

- ბავშვთან და მის ოჯახთან თუ შეეცადეთ სიტუაციის გარკვევას?

- რამდენიმეჯერ მივედი. ვუთხარი, დაუძახეთ მთელ ოჯახს, თუ დამნაშავე ვარ, რატომ იმალებით, გამოდით, დამსაჯეთ, თოფი მესროლეთ, ჩამქოლეთ-მეთქი, მაგრამ სახლში ვერავის ვპოულობ - ვერც დედას, ვერც მამას.

სახლში მხოლოდ ბებიაა, რომელმაც არაფერი იცის. მე კი არა, პოლიციაც ეძებს ბავშვს და ვერ პოულობენ, დედამ სოფლიდან წაიყვანა.
ამ ოთხი მასწავლებლიდან ერთ-ერთი, ქალბატონი ლია კუპატაძე თავს იკლავდა, გოგონა ჭკუასუსტი კი არა, ძალზე საღად მოაზროვნე ბავშვიაო. არადა, მე მაქვს რამდენიმე წლის წინ მისი ხელმოწერილი განცხადება, სადაც ზუსტად ქალბატონი კუპატაძე წერს, რომ ბავშვი ძალზე დაბალი განვითარებისაა, მისი მაღალ კლასებში სწავლება წარმოუდგენელია და მშობლებმა ის სპეცსკოლაში უნდა მიაბარონო.

ხათუნა თაბაგარი, ზურა თაბაგარის მეუღლე: - რამდენიმე წლის წინ ჩემი მეუღლე და აკაკი კეკენაძე ერთად იყვნენ თბილისში ქორწილში, რომ დაურეკეს და შესთავაზეს, ჩამოდი, სოფელში კენჭი იყარეო. ეს უთხრა ზურას, სოფელში ჩასვლას და იქ კენჭის ყრას მთხოვენ და თქვენ რას მირჩევდითო? მანამდე აკაკისაგან ვიცოდით, რომ თბილისშიც ჰქონდა კარგი სამსახურის დაწყების პერსპექტივა. ზურამ უთხრა, ჩემი გამოცდილებით გეტყვი, თბილისში მეტი პერსპექტივაა, დეპუტატობა სარფიანი საქმე არ გეგონოს, იმ ხელფასით ცალ ტუფლსაც ვერ იყიდიო. რა ვიცი, რა ბოღმა ჩაიდო გულში, არც ის ვიცი, რა იფიქრა.

მე თვითონ პირველ არჩევნებზე კეკენაძის აგიტატორი ვიყავი. მერე ეს კაცი მოულოდნელად ზურას დაუპირისპირდა. წინა არჩევნებში დეპუტატი რომ გახდა, სკოლაში კრება მოიწვია და განაცხადა, მოვედი იმისათვის, რომ სოფელი ისეთი სარეველასგან გავწმინდო, როგორიც ზურა თაბაგარიაო. მაშინ შეახსენა, გახსოვს, თბილისში რომ მითხარი, სოფელში არ ჩამოხვიდეო? ის თუ გახსოვს, რომ მეუბნებოდი, ტუფლებს ვერ იყიდი მაგ თანამდებობით, ამასობაში ფეხები გამოყო მაგიდის კუთხიდან, ნახე მამაჩემმა რა ტუფლები მიყიდა გამარჯვების ნიშნადო! ამას რომ სოფელს დაანახებ, ის დეპუტატად აგირჩევს?

ამ ამბის გაპოლიტიკურება, ცოტა არ იყოს, დაუჯერებლად მეჩვენა. ამიტომ იმ გოგონას კლასელებს გავესაუბრე.

მარი გოგშელიძე: - პარასკევ დღეს ზურა მასწავლებლის გაკვეთილი გვქონდა. ის გოგო ორჯერ არის კლასში დარჩენილი. დირექტორმა გაკვეთილი ჰკითხა. როგორც ყოველთვის, არ იცოდა. დირექტორმა უთხრა, ორი აბზაცი მაინც ისწავლე და გაკვეთილების შემდეგ ჩამაბარეო. ჩვენც გვთხოვა, დაეხმარეთო. გაკვეთილი რომ დამთავრდა, ტირილი დაიწყო. არ დავრჩები, რადგან გაკვეთილების შემდეგ მტოვებს და ძალადობს, მიშველეთო. გავოგნდით, მაგრამ ჩვენ რა შეგვეძლო, ვურჩიეთ, მშობლისთვის მოეყოლა ყველაფერი. მე ვერ ვეტყვი, მასწავლებელმა უთხრას ან თქვენ უთხარითო.

შემდეგ ქართულის მასწავლებელი ნინო მოდებაძე შემოვიდა, იკითხა, რა ხდებაო. ადგა და მოუყვა ყველაფერს, მან კი დამრიგებელს გადასცა. დამრიგებელმა დაგვიბარა და ამ გოგონამ იგივე გაიმეორა. მერე ნინო მოდებაძესთან წაგვიყვანა, სადაც ნინო მოდებაძის მაზლი - ყოფილი დეპუტატი აკაკი კეკენაძე დაგვხვდა. კეკენაძემაც გამოკითხა ჩვენი კლასელი. მერე ჩვენ გამოგვიშვეს, ის გოგო კი დაიტოვეს.

- ხშირად ტოვებდა გოგონას დირექტორი გაკვეთილების შემდეგ?
- არასოდეს დაუტოვებია.

გონერი გურული, სოფლის მცხოვრები: - მაგ ბავშვმა ჩემს შვილს და კიდევ 5 ბიჭს ზუსტად იგივე ბრალდება წაუყენა რამდენიმე ხნის წინ. კარგა ხანი არბენინეს ბავშვები პოლიციაში. ამბობდა, ვითომ ჩემმა შვილმა სამი ლარი შესთავაზა ამ საქმის სანაცვლოდ. ისე ვცემე, დავალურჯე ბავშვი. არ ვუჯერებდი, რომ უარყოფდა. იმ ოთხი მასწავლებლიდან ერთ-ერთი - ელდინა იობაშვილი ამ არჩევნებში კეკენაძის აგიტატორი იყო. მითხრა, ხომ იცი, ხმა კეკენაძეს უნდა მისცეო! ვუთხარი, რა თქვენი საქმეა, ვის მივცემ-მეთქი. მიეცი ხმა კეკენაძეს და ზურა თაბაგარი სკოლაში აღარ იქნებაო.

ჩემმა შვილმა წელს დაამთავრა სკოლა. ბანკეტი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჰქონდათ. ბანკეტზე პოლიციის თანამშრომელიც იყო. მოულოდნელად მოვიდა ეს კაცი და მეუბნება, გინდა თუ არა, ადექი, თაბაგარს შეაგინეო. ოთხჯერ გამიმეორა. უნდოდა, ჩხუბი გამომეწვია. რა ვიცი, პროვოკაცია სჭირდებოდათ თუ რა?

- თქვენ რატომ აგარჩიეს ამ საქმის მოსაწყობად?
- ძალიან ნასვამი ვიყავი და ეტყობა, იფიქრეს, შეიძლება რამეს გამოვრჩეთო. კიდევ კარგი, გონი არ მქონდა დაკარგული, თორე მთვრალს რომ მართლა რამე მეთქვა ზურასთვის, კაცი თამადა იყო და მაგას მოითმენდა?

ნაირა მარტიაშვილი, მასწავლებელი: - 109 ბავშვი ჰყავს ამ სკოლას, 25 მასწავლებელი ვართ და დავიჯეროთ, ამ ხნის განმავლობაში ვერაფერი შევამჩნიეთ. ჩვენზე უკეთ ვინ იცის, ვინ არის ზურა თაბაგარი? მისგან უხეშობა, წყენაც გვახსოვს, მაგრამ ეს ამბავი რომ დააბრალეს, მაგის დასაცავად აქ ის ხალხიც მოვიდა, ვინც თაბაგარზე ნაწყენი იყო.

არ გვინდა, ვიფიქროთ, რომ იმას, რაც მოხდა, პოლიტიკური მოტივი აქვს, მაგრამ ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი: იმ ოთხი მასწავლებლიდან ერთი დეპუტატის რძალია, მეორე - აგიტატორი, მესამე - მისი შტაბის უფროსი და მეოთხე - კომისიის წევრი!

ჩვენ გადავწყვიტეთ იმ მასწავლებლების ვერსიაც მოგვესმინა. ლიანა კუპატაძემ ჩვენთან ინტერვიუზე უარი განაცხადა.

მაია ცერცვაძე, კლასის დამრიგებელი: - ყველაზე ბოლოს ჩემთან მოვიდა ეს ამბავი. პარასკევს რა მოხდა სკოლაში, ნამდვილად არ ვიცი. შაბათს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დამიბარა. მითხრა, თურმე თქვენს კლასში ასეთი საშინელი ამბავი ხდებაო.

იმავე საღამოს მივედი მათ ოჯახში, მშობელს ავუხსენი მდგომარეობა, მოვაყვანინე ბავშვი და მან იგივე გაიმეორა. დედამისმა კატეგორიული უარი განაცხადა ამ ამბის გახმაურებაზე. მითხრა, მეორე ბავშვი ავად მყავს, ხვალ თბილისში მივდივარ და რომ დავბრუნდები, რა გადაწყვეტილებასაც მივიღებ, ეს ჩემი საქმეაო.

- ერთი მოსწავლე ამბობს, რომ თავდაპირველად "დაკითხვას" თქვენსა და ნინო მოდებაძესთან ერთად დეპუტატობის კანდიდატი აკაკი კეკენაძეც ესწრებოდა. რა უნდოდა იქ დეპუტატობის კანდიდატს?
- იცით, ის არაფერ შუაში არ არის... მხოლოდ ის თქვა, ეს ამბავი მშობელმა უნდა იცოდესო.

- მშობელმა ხომ გთხოვათ, ჩემს ჩამოსვლამდე არაფერი მოიმოქმედოთო?
- პოლიციაში მე არ დამირეკავს. ერთ-ერთმა მასწავლებელმა დარეკა. სკოლა უკვე დაკეტილი იყო და პოლიციასთან ერთად გამგეობის ერთ-ერთ ოთახში შევედით. ამ ამბავს ნინო მოდებაძე, ელდინა იობაშვილი, მე და ლია კუპატაძე ვესწრებოდით. მე მხოლოდ დავაფიქსირე, რომ ამ ბავშვმა ეს ნამდვილად თქვა, თორემ ტყუის თუ მართალს ამბობს, ნამდვილად არ ვიცი.

KvirisPalitra.Geელდინა იობაშვილი: - მთელი სოფელი მე მადანაშაულებს, ტელევიზია რად გამოიძახეო, ტელევიზია მე კი არა, თაბაგარმა მოიყვანა...

- თაბაგარს რაში აძლევდა ხელს საქვეყნოდ თავის მოჭრა?
- რა ვიცი, მეც ეგ არ მიკვირს? წარმოიდგინეთ, რა ფსიქიკის ადამიანია. ორშაბათს, 7 ივნისს, სკოლიდან რომ გამოვდიოდი, ნინო მოდებაძემ დამიძახა. შეძრული იყო ქალი. მითხრა, აქ რაღაც საშინელება ხდებაო.

- ზურა თაბაგარისთვის სხვა დროს თუ შეგიმჩნევიათ ასეთი რამ?
- დავუშვათ, ჭორად გამიგია.

- ამ კონკრეტულ ბავშვზე თუ სხვებზეც?
- ამ ბავშვზე გავიგე პირველად.

- უმშობლოდ რატომ წაიყვანეთ ბავშვი დაკითხვაზე?

- მშობელი შინ არ იყო. ახლა ეს ბავშვი შეურაცხადად გამოაცხადეს.

ეს გოგონა ისეთია, რომ დაარიგო და გინდოდეს, რაიმე გაიმეოროს, არ გაიმეორებს. ეს ჩემზე უკეთესად იციან ფსიქოლოგებმა. ბავშვს რომ მოვუსმინე, შევძრწუნდი. ნაცვლად იმისა, პედაგოგებს ეთქვათ, შვილო, ხომ არ გვატყუებო, საშინელი რეაქცია ჰქონდათ. ატყდა წივილ-კივილი, იგონებ და იტყუებიო! ბავშვი ისედაც ტრავმირებულია და ესენი კიდევ თავს დაჰყვიროდნენ.

როგორც მოქალაქეს, როგორც ადამიანსა და როგორც მასწავლებელს არ მქონდა ზნეობრივი უფლება, ამაზე გავჩუმებულიყავი. მასწავლებელი რომ ასეთ რამეს მოისმენს და მოითმენს, ის მასწავლებელია? უღრმესი მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ასე კომპეტენტურად ჩაერივნენ საქმეში.

- თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის აგიტატორი იყავით?
- მერე რა? ვინც ჩვენს მთავრობას გვერდით არ უდგას, ის არც მიმაჩნია საღად მოაზროვნედ. კეკენაძე კარგი ახალგაზრდაა, ასეთი სჭირდება ქვეყანას. ეს ოთხი მასწავლებელი გმირია, ჩასაწიხლი და ჩასაქოლი კი არა!

P.S. გულდამძიმებული დავბრუნდი ბალღოჯიანიდან. სოფელი, რომელსაც ახლა საფიქრალად მოსავალი და ხვნა-თესვა უნდა ჰქონდეს, პოლიტიკურ ინტრიგებშია გახლართული. სხვათა შორის, დედაქალაქში წამოსვლამდე მეზობელ სოფელში, ახალსოფელში შევიარე და იქ კიდევ ერთი უცნაური ამბავი მელოდა.

იქაურებმა მითხრეს, რომ რამდენიმე წლის წინ ოპოზიციურად განწყობილი ახალსოფლის სკოლის დირექტორი სწორედ ამ ხერხით მოუშორებიათ თავიდან. დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს. ძიებამ დადგინა, რომ ბავშვი ტყუოდა, მაგრამ ამ საქმეს დირექტორის სახელი და თანამდებობა მაინც შეეწირა!
ნანიკო
11 ნოემბერი 2013 03:25
სიმართლემ კი გაიმარჯვა,ანუ თაბაგარი გამართლდა მაგრამ ის მასწავლებლები როლებიც ცილს სწამებდნენ სათანადოდ არ დაისაჯნენ(მხოლოდ სკოლიდან გაათავისუფლე)ეს არა არის საკმარისი...არაუშავს,უფალი მაღლიდან იყურება...
NIKUSHA..
11 აგვისტო 2010 03:49
"vai pedagogebs" ucodebt am mascavleblebs da tviton xart gaunatleblebi da wera-kitxvis ucodinrebi...
ELENE..
18 ივლისი 2010 14:23
ამ სტატიამ დამაინტერესა,გადავიკითხე და რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ობიექტურად არავინ მსჯელობს,ყველას აზრი სუბიექტურია, რაც იწვევს იმის შთაბეჭდილებას, რომ "დირექტორ" ზურაბ თამაგარის "ახლობლები და დამქაშები" ხართ...შეხედეთ ამ ამბავს მეორედ მხრიდანაც,მედალს ხომ ორი მხარე აქვს?!...ველოდები ობიექტურ გამოხმაურება-შეფასებებს..

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები