"ლისი ბავშვებს შთააგონებდა, რომ სიკვდილი კარგია" - კვირის პალიტრა

"ლისი ბავშვებს შთააგონებდა, რომ სიკვდილი კარგია"

მეორე დღეა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში 17 წლის გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ. ოჯახი ბიჭის გაუჩინარებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებს. (იხილეთ: "ხელები დაკაწრული ჰქონდა, რის გამოც ვეჩხუბე, ის კი იცინოდა" - რას ამბობს ოჯახი 17 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე? )

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ საშიშ ინტერნეტთამაშზე, რომელსაც მოზარდები ეწირებიან. "კვირის პალიტრა" ამ პრობლემაზე უკვე წერდა. გტავაზობთ ამონარიდს არქივიდან.

სტრესის მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი გუგა სიხარულიძე:

- ძირითადად, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე ახდენენ ზეგავლენას, გარდატეხის ასაკის ბავშვებზე. აქცევენ თავიანთი გავლენის ქვეშ და მოზარდი მარიონეტივით მართვადი ხდება. ზომბირებულ ადამიანს ნებისმიერი რამე შეიძლება გააკეთებინო, თან ის ასაკია, როდესაც ძალიან ადვილია ზეგავლენის მოხდენა, ამ ასაკში ბავშვი თვითდამკვიდრებას ცდილობს. ზოგჯერ აქვთ პროტესტის გრძნობა, კონფლიქტები ოჯახში. ამ დროს მესამე პირის ჩართვამ, შესაძლოა, მოზარდი თავისი ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს. სწორედ ამ ასაკში ხდებიან ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე დამოკიდებულები...

- კომპიუტერთან გატარებული დრო უნდა შეუზღუდოს მშობელმა შვილს?

- ეს არ არის გამოსავალი. თავად ბავშვი არ უნდა იყოს დათრგუნვილი, გაღიზიანებული, მშობლის ჯიბრზე რაღაცის გაკეთების სურვილი არ უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, მოზარდის ფსიქოლოგიური მართვა ერთადერთი პრევენციული გზაა. ამ თამაშში ის 50 ნაბიჯი სწორედ ადამიანის თანდათან დამორჩილებას ემსახურება. იოლი დავალებებით იწყება და შემდეგ რთულდება. რაც შეეხება მოტივს, რა ინტერესი აქვს ჯგუფს, ვინ და რატომ აკეთებს ამას, პასუხის გაცემა რთულია. ფაქტია, ეს პრობლემა არსებობს და ადამიანურ წესებს არ ექვემდებარება.

"ლისი ბავშვებს შთააგონებდა, რომ სიკვდილი კარგია"

როგორც ცნობილია, მსგავსი ორგანიზაციები 2015 წლიდან გაჩნდა რუსეთში და იქაც პირველი მსხვერპლი 15 წლის გოგონა იყო, რომელიც მატარებელს ჩაუვარდა. შემდეგ თამაშის გვერდზე გაჩნდა მისი თვითმკვლელობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა - სხვებსაც მოუწოდებდნენ მიებაძათ მისთვის. 21 წლის ფილიპ ლისი ამბობს, რომ ეს თამაში მან შექმნა და მოზარდებს მოუწოდებდა გადაეჭრათ ვენები ან გადამხტარიყვნენ სახურავიდან. ბავშვებს შთააგონებდა, რომ სიკვდილი კარგია, 50 დღის განმავლობაში მათ უნდა შეასრულონ გარკვეული დავალებები, მათ შორის სხეული დაისერონ, ხელზე ვეშაპი ამოიკაწრონ, რამდენიმე საათით დადგნენ მრავალსართულიანი სახლის სახურავის კიდეზე, გადაიღონ ფოტოები, ატვირთონ... თამაშის ბოლოს კი მოზარდი თვითმკვლელობამდე მიდის. როგორც ამბობენ, თუ ბავშვები უარს იტყვიან თვითმკვლელობაზე, მათ ოჯახის ამოწყვეტით ემუქრება ე.წ კურატორი. თამაშის მსურველებს ადვილად პოულობენ. (იხილეთ სრულად)