"დამემუქრა, ჩემს ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მოუვლიან შენს ქმარსო" - კვირის პალიტრა

"დამემუქრა, ჩემს ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მოუვლიან შენს ქმარსო"

ერთ-ერთი ვერსიით, ლანჩხუთის შესაძლო მოგებაზე მათ ტოტალიზატორში დიდი თანხა დადეს. მერე, ალბათ, ილოს მიადგნენ, ამხელა ფული (სავარაუდოდ, ეს ბიუჯეტის ფულია) წავაგეთ, ადექი და მოიტანეო. არ არის საინტერესო, რა უნდოდა კლუბის დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძეს "მაზავშიკებთან"? ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, ეს მატჩი შევისწავლეთ და მსაჯმა აბსოლუტურად სწორად დადო პენალტიო, მაგრამ ვინც თამაშს უყურა, ყველას შეეპარა ეჭვი

ეროვნული ჩემპიონატის მსაჯის, 33 წლის ილია ტუღუშის ცხედარი ორდღიანი ძებნის შემდეგ ლანჩხუთისა და ფოთის საზღვარზე, მალთაყვის ტყეში ჩამომხრჩვალი ნახეს. ილია ტუღუში ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მომხდარზე სს საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა და მას ფოთის პოლიცია იძიებს. ტუღუშის ოჯახი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს და საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. Oმსაჯის მეუღლე, ეკა ტუღუში, იმ პირებს ასახელებს, რომლებიც გარდაცვალების წინაღამეს ილია ტუღუშთან სახლში იმყოფებოდნენ: "ჩემი ქმარი თავს არ მოიკლავდა, მკვლელობის წინაღამეს ჩვენთან მოვიდნენ ირაკლი ბახტაძე, გიორგი ინაიშვილი და ნუგზარ ჩხაიძე. ისინი ილიას 5.000 ლარს სთხოვდნენ. ფული თამაშის წინადღეებში მიუციათ, ფეხბურთის მატჩი უნდა მოგებულიყო თურმე. პასუხი მოსთხოვონ გიორგი ინაიშვილს, რომელიც დამემუქრა, მე ხვალ მივფრინავ, ვტოვებ ჩემს ძმაკაცებს და ისინი მოუვლიან შენს ქმარსო".

3 დეკემბერს ერთმანეთს ლანჩხუთის "გურია" და თელავის საფეხბურთო კლუბი შეხვდა. ერთ-ერთი ვერსიით, თამაში გაყიდული იყო - ის ლანჩხუთის "გურიის" გამარჯვებით უნდა დამთავრებულიყო, მსაჯების მოსასყიდად კი ტუღუშს მათთვის 5.000 ლარი უნდა გადაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ინაიშვილი და ირაკლი ბახტაძე "მაზავშიკები" არიან და მათ ტუღუშს 5.000 ლარი გრიგოლეთში, ფეხბურთის ბაზაში ლანჩხუთის "გურიის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძის შუამავლობით გადასცეს. "გურია"-თელავის მატჩი ფრედ 1:1 დამთავრდა, რის შემდეგაც "გურიამ" მეორე ლიგა დატოვა.

ნუგზარ ჩხაიძემ ფეისბუკგვერდზე დადო წერილი, სადაც ილო ტუღუშის სახლში მისვლას ადასტურებს და ამბობს, რომ ტუღუშმა ლანჩხუთის "გურიის" ყოფილი თანამშრომლისგან გიორგი ინაიშვილისგან ფული ისესხა და მის მოსათხოვად გაჰყვა მას მსაჯის ოჯახში.

იყო თუ არა გაყიდული 3 დეკემბრის მატჩი, ლანჩხუთის "გურიის" მთავარ მწვრთნელს ინფორმაცია არა აქვს, ირაკლი კვირიკაშვილი კი, რომელიც მატჩის მთავარი მსაჯი იყო, ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გავრცელდა ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის ვიდეომიმართვა: "მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ილია ტუღუშს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან ის ეროვნული ლიგის გათამაშებებში არ მონაწილეობდა, ის მხოლოდ ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და ასევე რეგიონულ გათამაშებებში მსაჯობდა. დასახელებული სამი პირი არასდროს ყოფილა ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი. მინდა ასევე დავაფიქსირო, რომ ფედერაცია მზად არის საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს გამოძიებასთან".

ალექსანდრე სარიშვილი, ლანჩხუთის მერი, ილო ტუღუშის მეგობარი: "ილია და მე ბავშვობის მეგობრები ვართ.

მას ისეთი პრობლემა არ ჰქონია, თავი რომ მოეკლა. ვიღაცამ თვითმკვლელობა ოჯახსაც კი დაუკავშირა, რაც აბსურდია. ილოს ძალიან მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდა".

კახაბერ ასკურავა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი: "შეუძლებელია, ილოს თავი ჩამოეხრჩო. მიკვირს, აქამდე რატომ არავინ დაჰკითხეს, ოჯახი ხომ ასახელებს კონკრეტულ პირებს.

შესაძლოა, ილო შუამავალი იყო მოქმედ მსაჯებსა და კლუბ "გურიას" შორის, რათა გუნდი მეორე ლიგიდან არ გავარდნილიყო.

დროთა განმავლობაში ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მილიონზე მეტია გამოყოფილი ლანჩხუთის "გურიისთვის". თავისთავად, ხელმძღვანელობას, რომელსაც ამხელა ფული ჰქონდა მოხმარებული, აშინებდა გუნდის 3 დეკემბრის შედეგი და ყველაფერზე წავიდოდა, "გურია" მეორე ლიგიდან რომ არ გავარდნილიყო. გუნდის მენეჯმენტს ვიღაც აუცილებლად მოჰკითხავდა, ბიუჯეტიდან მილიონები რომ მიგქონდათ, ასეთი შედეგი რატომააო.

ეს საქმე შესასწავლია, ამდენი ფული აქვთ გამოყოფილი და თანამშრომლების წინაშე დავალიანებები ერიცხებათ.

გუნდის ხელმძღვანელიც და ფეხბურთის ფედერაციაც ამბობენ, ჩვენ რა შუაში ვართო. ყველა ისე ლაპარაკობს, თითქოს იმ ბიჭმა უმიზეზოდ ჩამოიხრჩო თავი.

არის კიდევ ერთი ვერსია, როგორც ამბობენ, ტოტალიზატორშიც იყო ამ თამაშზე ფსონი დადებული. ის ორი კაცი, რომლებიც ნუგზარ ჩხაიძეს ახლდნენ, "მაზავშიკი" იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ლანჩხუთის შესაძლო მოგებაზე მათ ტოტალიზატორში დიდი თანხა დადეს. მერე, ალბათ, ილოს მიადგნენ, ამხელა ფული (სავარაუდოდ, ეს ბიუჯეტის ფულია) წავაგეთ, ადექი და მოიტანეო. არ არის საინტერესო, რა უნდოდა კლუბის დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძეს "მაზავშიკებთან"? ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, ეს მატჩი შევისწავლეთ და მსაჯმა აბსოლუტურად სწორად დადო პენალტიო, მაგრამ ვინც თამაშს უყურა, ყველას შეეპარა ეჭვი. მე თუ მკითხავთ, საქმე პროკურატურას უნდა გადაეცეს, რადგან შესაძლოა კომპლექსურ დანაშაულთან გვქონდეს საქმე - ლაპარაკია ბიუჯეტის ფულსა და კონკრეტული პირების მაქინაციებზე".

კახა მშვიდობაძე, ილია ტუღუშის ბიძაშვილი: - იმ ადამიანებმა, რომლებიც სახლში ესტუმრნენ, ილოს თანხა მისცეს, რომ 3 დეკემბრის მატჩი ლანჩხუთის "გურიას" მოგებით დაესრულებინა. ილოს ფული მსაჯებისთვის უნდა გაენაწილებინა, თუმცა ილოს ფული მსაჯებისთვის არ გადაუცია, ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ "გურია" მის სახლში მაინც მოიგებდა და ამიტომ.

ეტყობა, "მაზავშიკებიც" დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყველაფერი მოგვარებული იყო, გუნდი მოიგებდა და, ალბათ, თამაშზე დიდი თანხა დადეს.

მატჩი ისე რომ არ დამთავრდა, როგორც მოელოდნენ, ილოს სახლში მიაკითხეს, ის კი უკვე ფოთში იყო წასული. ილოს მეუღლისთვის ერთს უთქვამს, ჩემი ვალი, 5.000 ლარი აქვს მოსაცემიო, მეორეს - დასარიგებელი თანხა უნდა მოეცაო. ეკას უთქვამს, რომელია მართალიო და დაბნეულან, ერთმანეთშიც არ იყვნენ მოლაპარაკებული.

ილო ბოლოს ფოთში ნახეს, ეტყობა, ამათ მოსაცილებლად ფულს ეძებდა, ტოტალიზატორში აპირებდა თანხის დადებას, იქნებ რამენაირად ამოვაგდო ეს 5 ათასი ლარიო. როგორც ჩანს, იქაც წააგო და ამიტომ გადაწყვიტა თავის მოკვლა.

ის ხალხი ილოს 5.000 ლარისთვის ასე გამწარებული არ დაუწყებდნენ ძებნას და არც ილო მოიკლავდა ამისთვის თავს. მათ, როგორც ჩანს, დიდი თანხა ჰქონდათ დადებული.

კომენტარისთვის ლანჩხუთის "გურიის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძესაც დავუკავშირდით, რომელიც აგრესიულად შეგვხვდა და შეურაცხყოფაც არ დაიშურა:

- ინფორმაცია დავდე ჩემს ფეისბუკგვერდზე და თუ ძაან გაინტერესებთ ჩემი აზრი, მიდით და ნახეთ. ბიჭო, რა ვერ გაძეხით ეს ჟურნალისტები, კაროჩე... სასაცილოები და მოცლილები ხართ. დავიღალე რაა! ჭკუიდან ნუ გადამიყვანთ!

ნანა ფიცხელაური