ბაჩო ახალაია: "ღარიბაშვილი პირადად იყო ჩემს საკანში შემოსული" - კვირის პალიტრა

ბაჩო ახალაია: "ღარიბაშვილი პირადად იყო ჩემს საკანში შემოსული"

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის მხრიდან მან არაერთი "უსინდისო შეთავაზება" მიიღო, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის თაობაზეც. ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა ახალაიამ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ამ ხელისუფლების მხრიდან იყო უსინდისო შემოთავაზებები. ყველა უსინდისო შემოთავაზებაზე ჩემი მხრიდან იყო ღირსეული პასუხი. თუ რას მთავაზობდნენ, დეტალებს მნიშვნელობა არ აქვს. მე გეუბნებით, რომ ეს იყო უსინდისო შემოთავაზება. ღირსეული პასუხის შედეგად წავიდნენ უკან.

შემოთავაზებები მიმიღია ღარიბაშვილისგან, მიმიღია ასევე ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსისგან, ანზორ ჩუბინიძისგან".

კითხვაზე, იყო თუ არა იმდროინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად შესული მათან საკანში, ახალაიმ უპასუხა:

"დიახ. შინაარსი ყველა შემოთავაზების იყო უსნდისო. ამიტომ ყველა უსინდისო შემოთავაზებაზე პასუხი იყო ღირსეული: - არა. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ჩემთან საკანში ღარიბაშვილი იყო შემოსული. ეს ასე ხდება. აქედან სხვანაირად არც არავინ გასულა და გავა", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე:

"დღეს საზოგადოებამ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო. სწორედ ეს არის ჩემი დაკავების ამოცანა, რომ არც ერთ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალება არ მქონოდა. მე არასდროს მითქვამს, რომ წმინდანი ვარ, ან განსაკუთრებული ადამიანი, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, ყველა კითხვაზე გამაჩნია პასუხი. ეს არის პრინციპის საკითხი. მე ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს. ბრალდებები, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემ მიმართ ისმოდა, იყო არა მხოლოდ უსამართლო, არამედ ძალიან სამარცხვინო ", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.