"დანა პირდაპირ გულში ჰქონდა დარტყმული" - კვირის პალიტრა

"დანა პირდაპირ გულში ჰქონდა დარტყმული"

"ტორაძე თორნიკეს სულ ფულს სთხოვდა. როცა თბილისში წავიდა, დავისვენეთ, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ისევ ჩამოვიდა. იცოდა, თორნიკეს ორი კაპიკი ჰქონდა დაგროვებული და ისევ დაუწყო შეწუხება. ბოლო ერთი კვირა თორნიკე არ გადიოდა გარეთ, ემალებოდა. იმ დღეს დაუძახა, გამოდიო. გაჰყვა ბავშვი და..."

წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდას, ივერიკო ტორაძეს სასამართლოში იმის ახსნა მოუწევს, რატომ მიაყენა დანით სასიკვდილო ჭრილობა 17 წლის თორნიკე ბაღაშვილს.

ერთ-ერთი ვერსიით, ქუთაისელმა გოგონამ ტელეფონი დაკარგა და ეჭვი ივერიკო ტორაძეზე მიიტანა. მან თორნიკესგან შეიტყო ტორაძის მისამართი, ქუთაისიდან ოფშკვითში სახლში მიაკითხა და მობილურის დაბრუნება მოითხოვა. ტორაძე მიხვდა, რომ გოგონას მისი სახლის მისამართი თორნიკემ მისცა და ბიჭს ჯერ მუქარის შემცველი მესიჯი გაუგზავნა, შემდეგ კი საქმის გასარჩევად თანაკლასელი ქუჩაში დაიბარა. ბიჭები სასაფლაოს ტერიტორიაზე ჯერ წაკამათდნენ და მოულოდნელად ტორაძემ თორნიკეს გულში დანა ჩასცა. მეორე ვერსიით, ბრალდებული მოკლულს ფულს სძალავდა...

როგორც ირკვევა, თანატოლებს შორის საქმის გარჩევას თვითმხილველები ჰყავს. ინციდენტის შემდეგ ტორაძე გაიქცა, მეგობრებმა კი დაჭრილი იქვე ახლო მოსახლის სახლში შეიყვანეს და სასწრაფოც გამოიძახეს. სამწუხაროდ, თორნიკე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამდღიანი ძებნის შემდეგ ბრალდებული თბილისში დააკავეს.

მოკლულის ოჯახის წევრები ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას და მისი ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ. თორნიკე ბაღაშვილი დედისერთა იყო, ის სოფელში ბებიასა და ბაბუასთან იზრდებოდა, დედა, მაცაცო ცომაია, ტრაგედიის დროს საქართველოში არ იყო.

რევაზ მარგველაშვილი, რწმუნებულის წარმომადგენელი სოფელ ოფშკვითში: "ბიჭები თანაკლასელები იყვნენ, მაგრამ ტორაძე ბოლო წლებია გამოსულია სკოლიდან. მასაც ბებია და ბაბუა ზრდიდა, ბიძა, გვერდით სახლში ცხოვრობს და, ძირითადად, ის ზრუნავდა მასზე და მის ძმაზე. მამამისი ქუჩის მუსიკოსია თბილისში და აქ იშვიათად ჩამოდის. არ გამიგია, ბიჭებს კონფლიქტი ჰქონოდათ."

მეზობელი: - ტრაგედია ტრიალებს თორნიკეს ოჯახში. ივიკო მეზობლის ორ ბიჭთან ერთად მისულა თორნიკესთან. სახლში ყოფილა ბებიამისი და დაინახა, როგორ გაიყვანეს შინიდან მისი შვილიშვილი, მაგრამ რას წარმოიდგენდა, რომ მოკლავდნენ. სიბნელე იყო და ბიჭები, ვინც ახლდნენ, ამბობენ, დანა თუ ჰქონდა ივიკოს, არ ვიცოდით და არც დარტყმა დაგვინახავსო.

თორნიკე ბაღაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, ირაკლი შენგელიას თქმით, მისი დაცვის პირი მკვლელობას აღიარებს, თუმცა საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მკვლელს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გვანცა ცომაია, გარდაცვლილის დეიდა: - თორნიკე მშრომელი და წესიერი ბიჭი იყო. დილით სკოლაში დადიოდა, საღამოს მწვანილის საწყობში მუშაობდა და ბანკეტისთვის ფულს აგროვებდა. ის ბიჭი თორნიკეს სულ ფულს სთხოვდა. როცა თბილისში წავიდა, დავისვენეთ, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ისევ ჩამოვიდა. იცოდა, თორნიკეს ორი კაპიკი ჰქონდა დაგროვებული და ისევ დაუწყო შეწუხება. ბოლო ერთი კვირა თორნიკე არ გადიოდა გარეთ, ემალებოდა. სასაფლაო ჩვენი სახლიდან 200 მეტრშია. საღამოს რვის ნახევრისთვის თორნიკეს დაუძახა, გამოდიო. გაჰყვა ბავშვი და ზუსტად ნახევარ საათში ვიპოვეთ დაჭრილი. დანა პირდაპირ გულში ჰქონდა დარტყმული. ისიც თქვეს, ვითომ გოგოს გამო მოკლა, ესეც ტყუილია, გოგოს გამო თუ მოკლა, სად არის ის გოგო? თორნიკე ფულს რომ არ აძლევდა, ამიტომ მოკლა.

თეა ხურცილავა