"საზარელმა მკვლელობებმა უნდა გამოგვაფხიზლოს" - კვირის პალიტრა

"საზარელმა მკვლელობებმა უნდა გამოგვაფხიზლოს"

დაუსჯელობის სინდრომი თუ არასწორად წაკითხული კანონი?!

"ასეთი ახალგაზრდის ემოციური მდგომარეობა მძიმეა - შეიძლება უცებ იტიროს ან გაიცინოს, ან გაბრაზდეს... უნდა გავარკვიოთ, რატომ ჩაიდინა ეს. უნდა შევცვალოთ მიდგომები. თუმცა მე არასოდეს დავუჭერ მხარს გათამამებას - თუ დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს"

თბილისსა და წყალტუბოში მომხდარი შემზარავი მკვლელობების შემდეგ საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი და დანაშაულის მიზეზი შეიძლება იყოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსიც, რომლის მიხედვით, სხვადასხვა დანაშაულში მხილებულ ბავშვებს ციხეს არიდებენ.

გიორგი ტურაზაშვილი, სამართლის სპეციალისტი, ადვოკატი: - 2 წელი იწურება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებიდან, სადაც მითითებულია, რომ მთავარია, არასრულწლოვნის "საუკეთესო ინტერესი", ანუ ლმობიერები უნდა ვიყოთ, მაგრამ ბავშვთა მართლმსაჯულება არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ბავშვის "საუკეთესო ინტერესზე" ვიყოთ მორგებული და არა პრევენციასა თუ მართლწესრიგის დაცვაზეც. კოდექსში გარკვევით წერია, რომ მიზანი არის ბავშვის "საუკეთესო ინტერესების" დაცვა, მაგრამ იქვე წერია მართლწესრიგის დაცვაზე. კანონის გამომყენებლებმა უნდა შეძლონ მათ შორის ბალანსის დაცვა. ეს არის მართლმსაჯულების არსი... დღეს კი არასრულწლოვან დამნაშავეს ბრალდებულს ნაკლებად უწოდებენ და ამბობენ, კანონთან კონფლიქტშიაო.

- ანუ მათ მიმართ ლმობიერია სასამართლო, პროკურატურა და პოლიციაც?

- დიახ, და სისხლის სამართლის საქმეების წარმოებისას ხშირად განრიდებები გამოიყენება. პირის დაკავებასაც კი ერიდებიან, თუ დანაშაულის რამდენიმე შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. თუ საქმე მაინც სასჯელამდე მივიდა, ისიც ძალიან მსუბუქია... ბოლო დღეებში მომხდარი საზარელი შემთხვევები კი გამოწვევაა და უნდა აფხიზლებდეს ამ კანონის გამომყენებლებს.

კოდექსში ყველაფერი სწორად არის გაწერილი, მაგრამ რატომღაც თვალი ავარიდეთ კანონის მეორე ნაწილს, სადაც მართლწესრიგის დაცვაზეა ლაპარაკი. ახლა სწორედ ამ ბალანსზე უნდა ვიფიქროთ და საკითხს გონივრულად მივუდგეთ. მნიშვნელოვანია, პროფესიონალებმა სწორად იმოქმედონ. ამ სეგმენტში ვინც მუშაობს - პროკურორი, პოლიციელი, სოცმუშაკი, ადვოკატი, მოსამართლე - ყველა გადამზადებულია. პროპორციულობა აუცილებელია! მოზარდს ფაქიზად უნდა მივუდგეთ, მაგრამ რაც ეკუთვნის, ის უნდა მიიღოს! იქნება ეს სასჯელი, პროფილაქტიკური ღონისძიება თუ მისი აღზრდა-განვითარება.

- როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთი ტრაგედიის დროს?

- ღმერთმა ნუ ქნას, მსგავსი ფაქტი კიდევ მოხდეს. პროფესიონალს არა აქვს ასეთ დროს დაბნევის უფლება!.. სამართალდამცავმა უწყებებმა პრობლემებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. უნდა გვქონდეს ინფორმაცია, როგორ გარემოში იზრდება ბავშვი, რა იწვევს მასში აგრესიას და ა.შ. ტრაგედიის მიზეზების გარკვევა უმნიშვნელოვანესია იმის დასადგენად, თუ რამ განაპირობა, რომ 40 ბავშვი ერთმანეთს გამეტებით ურტყამდა და ამ ჩხუბს ორი მოზარდი შეეწირა.

- როგორი უნდა იყო სკოლის როლი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?

- ალბათ, ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში უნდა იგრძნობოდეს არაფორმალური იურისდიქცია - მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ ეს არის დაწესებულება სწავლისა და წესრიგისთვის. ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია პრობლემურ ბავშვებზე. მანდატურებმა და მასწავლებლებმა ასეთ ბავშვებთან ინდივიდუალურად უნდა იმუშაონ. ახლა სკოლის გარეთ დგანან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და აკონტროლებენ სიტუაციას. აუცილებელია შს სამინისტროში შეიქმნას ინსტიტუცია სკოლებში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. განათლების სისტემა, შს სამინისტროსთან ერთად, უნდა სწავლობდეს საფრთხის შემცველ ბავშვებს და ჰქონდეთ პრობლემური ბავშვების სია. საჯარო გაკვეთილები უნდა ჩატარდეს და მართლწესრიგს დაეთმოს ყურადღება. აუცილებელია ეკლესიის როლის გაძლიერებაც, ფსიქოლოგების ჩართულობა და ა.შ.

- არასრულწლოვანთა საქმეების განხილვაში მონაწილეობდით როგორც ადვოკატი. რა პრობლემები გამოაშკარავდა?

- ასეთი ახალგაზრდის ემოციური მდგომარეობა მძიმეა - შეიძლება უცებ იტიროს ან გაიცინოს, ან გაბრაზდეს... უნდა გავარკვიოთ, რატომ ჩაიდინა ეს. უნდა შევცვალოთ მიდგომები. თუმცა მე არასოდეს დავუჭერ მხარს გათამამებას - თუ დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს.

- დაუსჯელობა ხომ არ არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღეს ასეთ სასტიკ დანაშაულს ვხვდებით?

- შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი... ჩვენ ევროპული გამოცდილება უნდა გავიზიაროთ, როგორ ახერხებენ ასეთ სიტუაციაში ბალანსის დაცვას. ბრიტანეთში არის ძალ\იან კარგი პრაქტიკა - არსებობს პრევენციის ცენტრი, რომელიც იკვლევს არასრულწლოვანთა ქცევას. ჩვენც უნდა ვიკვლევდეთ დანაშაულის მიზეზებს, რომ როგორმე დავამყაროთ მართლწესრიგი.

ლოგიკურია, როცა ამბობთ, რომ სააკაშვილის დროს კანონის გამკაცრებამ გამოიწვია დანაშაულის კლება. შეიძლება ბევრმა თქვას, ძალიანაც კარგი, ციხემ ხომ მოაგვარა ეს პრობლემაო, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ასეთ დროს არასრულწლოვნის ფსიქიკური მდგომარეობაა გასათვალისწინებელი, შესაძლოა მომავალში ვეღარ განვითარდეს და მაწანწალა გახდეს. არც ეს არის გამოსავალი. ბავშვის "საუკეთესო ინტერესი" მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი მის განვითარებაზე იყოს ორიენტირებული. კოდექსი სრულყოფილია, მაგრამ სწორად უნდა გავიგოთ...

თეა ხურცილავა