"საქმის გამჩარხველების წრე ფართოვდება" - კვირის პალიტრა

"საქმის გამჩარხველების წრე ფართოვდება"

"თუ კანონის უზენაესობას სასამართლო ვერ იცავს, მოქალაქეებს უჩნდებათ სურვილი, მიზნის მიღწევა სხვა გზებით სცადონ, ანუ ყალიბდება აზრი, რომ მთავარი კანონი კი არა, ალტერნატიული, არალეგალური გზების მოძიების უნარია"

არსებობს თუ არა საზოგადოებაში კანონის უზენაესობის განცდა, თუ გაჩნდა ტენდენცია, რომ წარმატების მოსაპოვებლად კონკრეტულ ჩინოვნიკთან მისასვლელი გზების პოვნა საკმარისია? "კვირის პალიტრის" შეკითხვებს იურისტი იმედა დვალიძე პასუხობს:

- სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში სასამართლოებში ვითარება არ იცვლება. მართლმსაჯულების კრიზისი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მცდარ საზოგადოებრივ დამოკიდებულებას აყალიბებს. უფრო მარტივად რომ ავხსნა, სასამართლო კაცობრიობას მხოლოდ იმისთვის არ სჭირდება, რომ სამართლიანობა დაიცვას, გამართული სისტემა საზოგადოებაში მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის განცდას ქმნის.

დიდი ხანია, სასამართლო სისტემაში კრიზისი გვაქვს; მოსამართლეებს ისევ ასეულობით საქმე აწერიათ და ვერ ახერხებენ მათ დროულად განხილვას, ამასობაში კი მომჩივანი მხარეები ზარალდებიან, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია მათი საქმიანობისთვის.

ხელისუფლებამაც კარგად იცის ამ კრიზისის შესახებ, თუმცა მდგომარეობა, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით, მაინც არ იცვლება.

სადამდე მივყავართ ამ ვითარებას? თუ კანონის უზენაესობას სასამართლო ვერ იცავს, მოქალაქეებს უჩნდებათ სურვილი, მიზნის მიღწევა სხვა გზებით სცადონ, ანუ სახელმწიფოში ყალიბდება აზრი, რომ მთავარი კანონი კი არა, ალტერნატიული, არალეგალური გზების მოძიების უნარია.

- სახელმწიფო სტრუქტურებში ე.წ. საქმეების ჩაწყობის ტენდენციას გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა! მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფართოვდება საქმის გამჩარხველების - იმ ადამიანების წრე, რომლებიც ჩინოვნიკებთან მისასვლელ გზებს ეძებენ, არ იშურებენ არც ფინანსებს, არც დროს და მათთან მოლაპარაკებით წარმატების მიღწევასაც ახერხებენ. ეს კორუფცია და სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც, ფაქტობრივად, ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუციებს და სახელმწიფოებრიობას. პროცედურები კანონით სწორედ იმისთვის არის განსაზღვრული, რომ ანარქიამდე არ მივიდეთ და ყველა მოქალაქე თანაბარუფლებიანი იყოს, თუმცა აშკარაა, რომ პროცესები პირიქით ვითარდება.

საქართველოში ყოველთვის არსებობდა ჯგუფი, რომელიც პრივილეგიებით სარგებლობდა, მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს ყველამ იცოდა, რომ არსებობდა კონკრეტული საქმე, რომლითაც ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფი იყო დაინტერესებული, ამიტომ მას არავინ ეკარებოდა, თუმცა სახელმწიფოში არ იყო საყოველთაო განცდა, რომ "ჩაწყობით წარმატებას მიაღწევდი, პირიქით, ყველა ფრთხილობდა, ასეთი ქმედებისთვის არ დაეჭირათ. სამწუხაროდ, ეს განცდა ბოლო დროს აღარ მაქვს. მიდგომა რადიკალურად შეიცვალა - აღარ არსებობენ კონკრეტული პრივილეგირებული ჯგუფები, თუმცა მომრავლდნენ ადამიანები, რომლებსაც ვიღაცებთან მისასვლელი გზები ნაპოვნი აქვთ და ამით სარგებლობენ. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ფინანსური გარიგებაც უნდა ვიგულისხმოთ, რადგან რაც უნდა ახლობელი იყოს, არავინ არაფერს აკეთებს ახლობელთან ქულების დასაწერად, სანაცვლოდ ყველა რაღაცას ელის.

შესაძლოა, ასეთ კორუფციულ გარიგებებში მაღალჩინოსნებიც არიან ჩართულნი, თუმცა ვფიქრობ, საქმის ჩაწყობის ტენდენცია საშუალო რგოლშიც გაჩნდა, რაც უფრო სახიფათოა, რადგან თუ საჯარო სექტორის შუა რგოლი ასეთ მაქინაციებში ჩართვას გაბედავს, ეს ნიშნავს, რომ მას დაბალი რგოლიც მიჰბაძავს და მთლიანად სტრუქტურა გახდება კორუფციული.

- როგორც იურისტი, არაერთი ბიზნესმენის უფლებებს იცავთ. იქნებ დაასახელოთ კონკრეტული მაგალითი, რომელი სახელმწიფო მოხელე არ ამბობს უარს ასეთ გარიგებაზე?

- ჩემი კლიენტის ნებართვის გარეშე მის საქმიანობაზე საუბრის უფლება არა მაქვს. სახელმწიფო უწყებებში ასეთ ტენდენციას პირველად სწორედ ადვოკატები ვამჩნევთ, რადგან უამრავ დაზარალებულ ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა, რომელთა ნაწილს ჰქონდა ან დღემდე აქვს სახელმწიფოსთან დავა და მხოლოდ იმის გამო ვერ ახერხებს მის წარმატებით გადაწყვეტას, რომ "ვიღაცებთან ვერ მიდის ან ხმას ვერ აწვდენს, ამ დროს კი, რაღაც ჯგუფი მარტივად შედის "ვიღაცის კაბინეტში და იქიდან კონკრეტული შეთანხმებით გამოდის.

იმედი მაქვს, სახელმწიფო ამ საკითხზე აუცილებლად დაფიქრდება, რადგან სახელმწიფო სწორედ კანონზე დგას და თუ მისდამი პატივისცემა შეირყევა, ეს სახელმწიფოს ნგრევის წინა პირობა გახდება.

რუსუდან შელია