"დამსაჯეთ იმისთვის, რაც მართლაც ჩავიდინე"
16-12-2017
"დამსაჯეთ იმისთვის, რაც მართლაც ჩავიდინე"
"არ დამიმალავს, რომ ვიჩხუბეთ, მაგრამ ეს ხომ არ არის ყაჩაღობა! საქმეში არც იარაღი დევს, არ არსებობს არც ერთი მოწმე... 12 წელი მომისაჯეს იმის გამო, რომ ჩხუბის დროს 50-ლარიანი საათი დავარდა ძირს და ის სახლში წავიღე"

რედაქციაში ციხიდან პატიმრის წერილი მივიღეთ. ის ჟურნალისტებს მისი საქმით დაინტერესებას გვთხოვს, წერს, რომ 50-ლარიანი საათის გამო ციხეში 12 წლით გამოკეტეს.

გელა მაიოროვის
ციხეში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ადრე ბევრი დაწერილა და თქმულა. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს
მაიოროვმა ციხეში ხუთი წელი გაატარა, კარგა ხანს სარეცელს იყო მიჯაჭვული და მოძრაობა უჭირდა. არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები მაშინ მაიოროვის წამებაში მონაწილეების გამოვლენასა და დასჯას ითხოვდნენ. აღიძრა კიდეც სისხლის სამართლის საქმე რუსთავის პროკურატურაში, მაგრამ როგორც მაიოროვი ამბობს, გამოძიება აქამდე არ დამთავრებულა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გელა მაიოროვი
ციხიდან გამოვიდა, მაგრამ დღეს ისევ პატიმარია და 12 წელი აქვს მისჯილი: "მინდა ჩემი ხმა მივიდეს საზოგადოებამდე. სად არის ოცნებად მოტანილი სამართლიანობა. როგორ იყენებენ კანონს და როგორ ისჯებიან უსამართლოდ ადამიანები".

გელა მაიოროვი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაგვიკავშირდა და ვრცლად გვიამბო თავისი გასაჭირი.
- იმ წლებში ყველას პირზე ეკერა გელა მაიოროვისა და ლერი ალიმონაკის წამების ამბავი. უფლებადამცველები, ეკა ბესელიათი დაწყებული, ჩვენზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ საუბედუროდ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მომხდარ უსამართლობაზე რომ ვწერ, ყურადღებას არავინ მაქცევს.

2008 წელს გეგუთის კოლონიაში 28 დღე კარცერში გავატარე. საღამოს წყალს უშვებდნენ და მთელი საღამო მუხლებამდე წყალში ვიყავი. ისე გამირთულდა მდგომარეობა, რომ ტუბდისპანსერში გადამიყვანეს ტუბერკულოზის მძიმე ფორმით. იქაც ფიზიკურად გამისწორდნენ - დამიმტვრიეს ნეკნები, დამიზიანეს ხერხემლის დისკი. რვა თვეზე მეტხანს ეტლს მიჯაჭვული ვიყავი. მაშინ საქმე აღიძრა რუსთავის პროკურატურაში. მას მერე მეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ყველამ მაღიარა ძალადობის მსხვერპლად, მაგრამ ციხიდან ჩემი გათავისუფლების შემდეგ არავის უზრუნია ჩემს ჯანმრთელობასა და რეაბილიტაციაზე. ყველაფრის მიუხედავად, იმედით ვცხოვრობდი, ვცდილობდი, მშვიდ ცხოვრებას დავბრუნებოდი, მეზრუნა ჩემს მონატრებულ ოჯახზე, მაგრამ 2015 წლის მარტში ისევ დამაკავეს.

- ამჯერად რა ბრალდებით?

- 2015 წლის 23 მარტს ნაცნობთან ერთად მანქანით სახლში ვბრუნდებოდი. შეხვედრიდან მოვდიოდით - მეგობარს უცხოელი სტუმრები ჰყავდა და იქ ვიყავით. გზაში პოლიტიკაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და მან "ნაციონალების" დაცვა დაიწყო. ვთხოვე, "ნაციონალები" ჩემთან არ ექო, რადგან მე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ვარ-მეთქი. ქუჩაში ვიჩხუბეთ. როცა ერთმანეთს დავცილდით, შევნიშნე, რომ მისი მაჯის საათი ძირს ეგდო. უკვე წასული იყო, ამიტომ წავიღე სახლში - მაინც მინდოდა, მეორე დღეს მენახა და ვიფიქრე, საათსაც მაშინ მივცემ-მეთქი, მაგრამ მეორე დილით პოლიცია მომადგა და დამაკავეს.

- რა ბრალდებით?

- თემქის მესამე განყოფილებაში მიმიყვანეს და მითხრეს, რომ ხულიგნობისთვის დამიჭირეს. მეკითხებოდნენ, რომელი მუხლით გაგიშვათ ციხეშიო, დამცინოდნენ. ვეუბნებოდი, ფეხმძიმე მეუღლე მყავს, რვა თვის გამოსული ვარ ციხიდან და ამ ხნის მანძილზე არაფერი დამიშავებია-მეთქი, მაგრამ არავინ მისმენდა. მერე გადამიყვანეს მუხიანის განყოფილებაში. არც ტელეფონზე დამარეკვინეს. ბოლოს მითხრეს, რომ ყაჩაღობის მუხლი წამიყენეს. თითქოს 50-ლარიანი საათი წავართვი ჩემს ნაცნობს.

- ალბათ, ნაცნობი გამხელდათ ყაჩაღობაში...

- ტყუოდა, როცა თქვა, თითქოს ხელში დანა დამინახა. პროკურატურა ბრალის აღიარებას მთავაზობდა და მეუბნებოდა, რომ შვიდ წელს მომისჯიდნენ. პროკურორი ყველანაირად ცდილობდა, ფსიქოლოგიურად გავეტეხე. რაც არ მომხდარა, როგორ მეღიარებინა! არ დამიმალავს, რომ ვიჩხუბეთ, მაგრამ ეს ხომ არ არის ყაჩაღობა! საქმეში არც იარაღი დევს, არ არსებობს არც ერთი მოწმე... 12 წელი მომისაჯეს იმის გამო, რომ ჩხუბის დროს 50-ლარიანი საათი დავარდა ძირს და ის სახლში წავიღე. წარმოიდგინეთ, მეგის ქარდავას, რომელსაც უამრავი ადამიანის წამებაში ედება ბრალი, ცხრა წელი მიუსაჯეს და მე - 12! მითხარით, სად არის სამართალი? რაც დავაშავე, იმისთვის დამსაჯონ, მე კანონს არ გავექცევი, მაგრამ რაც არ ჩამიდენია, იმას რატომ მაბრალებენ? მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, დედა მეორე ჯგუფის ინვალიდია. რატომ არ მაძლევენ მათთან ცხოვრების უფლებას?

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მშვიდი ცხოვრება მინდოდა, არაერთი პროგრამა დავწერე, იუსტიციის სამინისტროში გრანტიც მოვიგე, რაღაცებს ვაკეთებდი, მაგრამ არ დამაცადეს, შეთითხნილი ბრალდებით დამიჭირეს. ასე რატომ გამწირა ჩემმა ქვეყანამ? დღეს რატომ არავის ადარდებს ადამიანის ბედი? ამხელა სასჯელების უკანონოდ მისჯის მიუხედავად, არ გავბოროტებულვარ. ციხეშიც ვცხოვრობ სამლოცველოს საკანში, ხეზე კვეთა ვისწავლე და ვმუშაობ. ასევე ვსწავლობ გალობას და მედავითნეობას. ციხიდან მონაწილეობა მივიღე ლიტერატურულ კონკურსში და გამარჯვებული დეკემბერში გამოვლინდება...

გული მტკივა, რომ ამდენი წელი უკანონოდ უნდა ვიჯდე ციხეში. იქნებ ვინმე დაინტერესდეს ჩემი ბედით, იქნებ ვინმემ გულთან მიიტანოს ჩემი ტკივილი და გადახედოს ჩემს საქმეს. დამსაჯეთ იმისთვის, რაც ჩავიდინე, ნუ შემითითხნით სხვა ბრალდებას და ნუ მომისპობთ ცხოვრებას!

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები