"ვტოვებ ჩემს ძმაკაცებს და ისინი მოუვლიან შენს ქმარსო" - ვინ და რატომ დაემუქრა გარდაცვლილი მსაჯის მეუღლეს? - კვირის პალიტრა

"ვტოვებ ჩემს ძმაკაცებს და ისინი მოუვლიან შენს ქმარსო" - ვინ და რატომ დაემუქრა გარდაცვლილი მსაჯის მეუღლეს?

ეროვნული ჩემპიონატის მსაჯის, 34 წლის ილია ტუღუშის ცხედარი ორდღიანი ძებნის შემდეგ ლანჩხუთისა და ფოთის საზღვარზე, მალთაყვის ტყეში ჩამომხრჩვალი ნახეს.

ილია ტუღუში ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მომხდარზე სს საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა და მას ფოთის პოლიცია იძიებს. ტუღუშის ოჯახი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს და საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. მსაჯის მეუღლე, ეკა ტუღუში, იმ პირებს ასახელებს, რომლებიც გარდაცვალების წინაღამეს ილია ტუღუშთან სახლში იმყოფებოდნენ:

"ჩემი ქმარი თავს არ მოიკლავდა, მკვლელობის წინაღამეს ჩვენთან მოვიდნენ ირაკლი ბახტაძე, გიორგი ინაიშვილი და ნუგზარ ჩხაიძე. ისინი ილიას 5.000 ლარს სთხოვდნენ. ფული თამაშის წინადღეებში მიუციათ, ფეხბურთის მატჩი უნდა მოგებულიყო თურმე. პასუხი მოსთხოვონ გიორგი ინაიშვილს, რომელიც დამემუქრა, მე ხვალ მივფრინავ, ვტოვებ ჩემს ძმაკაცებს და ისინი მოუვლიან შენს ქმარსო".

3 დეკემბერს ერთმანეთს ლანჩხუთის "გურია" და თელავის საფეხბურთო კლუბი შეხვდა. ერთ-ერთი ვერსიით, თამაში გაყიდული იყო - ის ლანჩხუთის "გურიის" გამარჯვებით უნდა დამთავრებულიყო, მსაჯების მოსასყიდად კი ტუღუშს მათთვის 5.000 ლარი უნდა გადაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ინაიშვილი და ირაკლი ბახტაძე "მაზავშიკები" არიან და მათ ტუღუშს 5.000 ლარი გრიგოლეთში, ფეხბურთის ბაზაში ლანჩხუთის "გურიის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძის შუამავლობით გადასცეს. "გურია"-თელავის მატჩი ფრედ 1:1 დამთავრდა, რის შემდეგაც "გურიამ" მეორე ლიგა დატოვა.

ნუგზარ ჩხაიძემ "ფეისბუკგვერდზე" დადო წერილი, სადაც ილო ტუღუშის სახლში მისვლას ადასტურებს და ამბობს, რომ ტუღუშმა ლანჩხუთის "გურიის" ყოფილი თანამშრომლისგან გიორგი ინაიშვილისგან ფული ისესხა და მის მოსათხოვად გაჰყვა მას მსაჯის ოჯახში.

იყო თუ არა გაყიდული 3 დეკემბრის მატჩი, ლანჩხუთის "გურიის" მთავარ მწვრთნელს ინფორმაცია არა აქვს, ირაკლი კვირიკაშვილი კი, რომელიც მატჩის მთავარი მსაჯი იყო, ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.

კახა მშვიდობაძე, ილია ტუღუშის ბიძაშვილი: - იმ ადამიანებმა, რომლებიც სახლში ესტუმრნენ, ილოს თანხა მისცეს, რომ 3 დეკემბრის მატჩი ლანჩხუთის "გურიას" მოგებით დაესრულებინა. ილოს ფული მსაჯებისთვის უნდა გაენაწილებინა, თუმცა ილოს ფული მსაჯებისთვის არ გადაუცია, ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ "გურია" მის სახლში მაინც მოიგებდა და ამიტომ.

ეტყობა, "მაზავშიკებიც" დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყველაფერი მოგვარებული იყო, გუნდი მოიგებდა და, ალბათ, თამაშზე დიდი თანხა დადეს.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სრულად

ნანა ფიცხელაური