"12 წელი მომისაჯეს იმის გამო, რომ ჩხუბის დროს 50-ლარიანი საათი დავარდა ძირს და ის სახლში წავიღე" - კვირის პალიტრა

"12 წელი მომისაჯეს იმის გამო, რომ ჩხუბის დროს 50-ლარიანი საათი დავარდა ძირს და ის სახლში წავიღე"

გელა მაიოროვის ციხეში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ადრე ბევრი დაწერილა და თქმულა. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მაიოროვმა ციხეში ხუთი წელი გაატარა, კარგა ხანს სარეცელს იყო მიჯაჭვული და მოძრაობა უჭირდა. არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები მაშინ მაიოროვის წამებაში მონაწილეების გამოვლენასა და დასჯას ითხოვდნენ. აღიძრა კიდეც სისხლის სამართლის საქმე რუსთავის პროკურატურაში, მაგრამ როგორც მაიოროვი ამბობს, გამოძიება აქამდე არ დამთავრებულა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გელა მაიოროვი ციხიდან გამოვიდა, მაგრამ დღეს ისევ პატიმარია და 12 წელი აქვს მისჯილი: "მინდა ჩემი ხმა მივიდეს საზოგადოებამდე. სად არის ოცნებად მოტანილი სამართლიანობა. როგორ იყენებენ კანონს და როგორ ისჯებიან უსამართლოდ ადამიანები".

გელა მაიოროვი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაუკავშირდა "კვირის პალიტრას" და თავისი გასაჭირი ვრცლად უამბო ჟურნალისტს, გთავაზობთ ამონარიდებს.

2008 წელს გეგუთის კოლონიაში 28 დღე კარცერში გავატარე. საღამოს წყალს უშვებდნენ და მთელი საღამო მუხლებამდე წყალში ვიყავი. ისე გამირთულდა მდგომარეობა, რომ ტუბდისპანსერში გადამიყვანეს ტუბერკულოზის მძიმე ფორმით. იქაც ფიზიკურად გამისწორდნენ - დამიმტვრიეს ნეკნები, დამიზიანეს ხერხემლის დისკი. რვა თვეზე მეტხანს ეტლს მიჯაჭვული ვიყავი. მაშინ საქმე აღიძრა რუსთავის პროკურატურაში. მას მერე მეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ყველამ მაღიარა ძალადობის მსხვერპლად, მაგრამ ციხიდან ჩემი გათავისუფლების შემდეგ არავის უზრუნია ჩემს ჯანმრთელობასა და რეაბილიტაციაზე. ყველაფრის მიუხედავად, იმედით ვცხოვრობდი, ვცდილობდი, მშვიდ ცხოვრებას დავბრუნებოდი, მეზრუნა ჩემს მონატრებულ ოჯახზე, მაგრამ 2015 წლის მარტში ისევ დამაკავეს.

- ამჯერად რა ბრალდებით?

- 2015 წლის 23 მარტს ნაცნობთან ერთად მანქანით სახლში ვბრუნდებოდი. შეხვედრიდან მოვდიოდით - მეგობარს უცხოელი სტუმრები ჰყავდა და იქ ვიყავით. გზაში პოლიტიკაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და მან "ნაციონალების" დაცვა დაიწყო. ვთხოვე, "ნაციონალები" ჩემთან არ ექო, რადგან მე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ვარ-მეთქი. ქუჩაში ვიჩხუბეთ. როცა ერთმანეთს დავცილდით, შევნიშნე, რომ მისი მაჯის საათი ძირს ეგდო. უკვე წასული იყო, ამიტომ წავიღე სახლში - მაინც მინდოდა, მეორე დღეს მენახა და ვიფიქრე, საათსაც მაშინ მივცემ-მეთქი, მაგრამ მეორე დილით პოლიცია მომადგა და დამაკავეს.

ვრცლად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია