"მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს დაკითხვას" - როდის გამოცხადდება ბურჭულაძე დაკითხვაზე? - კვირის პალიტრა

"მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს დაკითხვას" - როდის გამოცხადდება ბურჭულაძე დაკითხვაზე?

ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას მოითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ცნობილი საოპერო ბანის ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა განუცხადა, შესაბამისად, ბურჭულაძე 13 დეკემბრის ნაცვლად მზადაა გამოკითხვაზე დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში გამოცხადდეს. ბურჭულაძე პროკურატურამ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე სწორედ 13 დეკემბერს დაიბარა.

"პაატა ბურჭულაძე ამჟამად არ იმყოფება საქართველოში. ვესაუბრე მას ტელეფონით. იგი მზად არის გადადოს თავისი ყველა კონცერტი და პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩამოვიდეს საქართველოში. ოღონდ ეს მოხდება ან დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში. პაატა ბურჭულაძემ ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ მას სურს გამოკითხვა მოხდეს სასამართლოში, რის უფლებასაც კანონი აძლევს. მე მქონდა კომუნიკაცია გამომძიებელთან და იგი ამის თაობაზე ინფორმირებულია", - განაცხადა ბარათაშვილმა.

ბარათაშვილის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ფონდ "იავნანას" საქმიანობაში არანაირი დანაშაული და დარღვევა არ არსებობს.

"იგი მზად არის მთელი თავისი შესაძლებლობით ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მე ჩემი პრაქტიკის განმავლობაში არასდროს მინახავს, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც საკითხთან არანაირი შეხება არ აქვს, განცხადება შეეტანოს საგამოძიებო ორგანოში ტელევიზიაში ნანახი სიუჟეტის საფუძველზე. ეს უკვე საეჭვო ფაქტია", - განაცხადა ბარათაშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე გამოკითხვაზე "იავნანას" მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზეა დაბარებული. ბურჭულაძეს საგამოძიება უწყება გამოკითხვაზე 13 დეკემბერს ელოდება.

"ინტერპრესნიუსი"