"გოგი, გთხოვ, გამოჩნდი" - კვირის პალიტრა

"გოგი, გთხოვ, გამოჩნდი"

რამდენიმე დღის წინ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბობოყვათის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, გოგი დოლიძე გაუჩინარდა. ის 7 დეკემბრის დილას სახლიდან სკოლისაკენ გაეშურა, თუმცა, ამის ნაცვლად სოფელ ბობოყვათიდან ქობულეთში მიმავალ სამარშრუტო ტაქსიში ჩაჯდა და ქობულეთში ჩავიდა. საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.

გოგის ძებნა სამართალდამცავებმა 7 დეკემბრის საღამოსვე დაიწყეს. ოჯახი, თავდაპირველად მის გაუჩინარებას ინტერნეტთამაშს "ლურჯ ვეშაპს" უკავშირებდა, თუმცა, დღეისთვის ეს ვერსია სამართალდამცველებმა გამორიცხეს, - გაუჩინარებული მოსწავლის პირად კომპიუტერში აღნიშნული ინტერნეტთამაშის კვალი არ მოიძებნა.

გაუჩინარებიდან რამდენიმე თვით ადრე, გოგი დოლიძის "ფეისბუკგვერდზე" გაჩნდა ჩანაწერები სიკვდილის თაობაზე. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაუჩინარებული მოსწავლის ძებნიდან მეხუთე დღეს ოჯახს სამართალდამცავები თბილისდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ სავარაუდოდ, გაუჩინერებული ნაპოვნიაო. ბიჭის მამა სასწრაფოდ ქობულეთიდან დედაქალაქში გაემგზავრა, თუმცა ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. გაუჩინარეული მოსწავლის მამა დედაქალაქიდან შინ შვილის გარეშე დაბრუნდა.

თეონა დოლიძე, გოგის და:

- ჩვენს ოჯახს ისეთი მძიმე დღეები უდგას, შეუძლებელია, ჩვენი ტკივილის გადმოცემა. ამის მიუხედავად, მინდა, ვთხოვო ყველას, ჩემი ძმის დაკარგვასთან დაკავშირებით დაუზუსტებელს ნურაფერს დაწერს, - ყველგან დაიწერა, რომ თითქოს გაუჩინარების წინ ოჯახის წევრები გოგის ეკამათნენ, არადა, არანაირი კამათი არ ყოფილა. უბრალოდ, მამამ შენიშვნა ცოტა მკაცრად მისცა, - გოგის სოფელში მეგობრები ჰყავს, რომელთაც ერთ საღამოს ქეიფი გადაწყვიტეს, გოგიც მათთან იყო და რადგან სმას არ არის მიჩვეული, ზედმეტი მოუვიდა. ამის გამო წაიქცა და სახით დაეცა. ცხადია, სახე დაეკაწრა, რის გამოც მამამ უსაყვედურა, - უკვე იმ ასაკში ხარ, ზომა ყველაფერში უნდა იცოდე, განსაკუთრებით დალევისასო. მაგრამ რომელი მამა არ ეტყვის ამას შვილს?! სკოლაშიც მამამ გაუშვა, - გოგის დაჩხაპნილი სახის გამო კომპლექსი ჰქონდა, მაგრამ მამა არ მოეშვა, ამისთვის სკოლის გაცდენა არ ღირსო. ჩემმა ძმამაც აიღო ჩანთა და წავიდა, მაგრამ თურმე სკოლის ნაცვლად ქობულეთისკენ მიმავალ სამარშრუტოში ჩაჯდა.

- შესაძლოა იმის გამო გაუჩინარებულიყო, რომ სკოლაში წასვლა არ უნდოდა?

- არ ვიცი… თუ სკოლაში წასვლა ასე არ უნდოდა, შეეძლო, სხვა რამ მოეფიქრებინა. არ მჯერა, რომ ამის გამო გაუჩინარდა. მე ძალიან ნიჭიერი ძმა მყავს, ძალიან გონიერი… ამას რანაირად იზამდა?!

- ამას მისი მეგობრებიც აღნიშნავენ, რომ გოგი ჭკვიანი ბიჭია...

- ასეა. როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი, იმის მიუხედავად, რომ ჩემზე უმცროსია, იმ წიგნებს ვაკითხებდი ხოლმე, რომელსაც მე თავად ვკითხულობდი; პირველად კი უარობდა, არ წავიკითხავ, კომპიუტერი ბევრად უფრო მომწონსო, მაგრამ როცა წაიკითხავდა, იცით, რა კარგი დასკვნები გამოჰქონდა?!

მისთვის ცხოვრება მხოლოდ სიკვდილი ვერაფრით იქნება, - სინამდვილეში ძალიან მხიარულია, როცა სიცილის ხასიათზე არ ვიყავი, მაშინაც კი ძალით მაცინებდა ხოლმე.

- როგორც ცნობილია, გოგი მამასთან ერთად ცხოვრობდა.

- დედა თურქეთში მუშაობდა, - ჯერ მე მიხდიდა სწავლის ფულს იქ მუშაობით, მერე ცოტა ხანს ჩამოვიდა და ისევ წავიდა, სოფელში არ არის დიდი შემოსავალი და სხვა გზა ვერ დაინახა. ახლა ძალიან განიცდის, - მე რომ წასული არ ვყოფილიყავი, ეს არ მოხდებოდაო, გოგი იმიტომ დაიკარგა, რომ მე მის გვერდით არ ვიყავიო… აღარ ვიცი, რა ვქნათ.

- გოგის გვერდზე არის ჩანაწერები სიკვდილზე, რაიმე ხომ არ უჭირდა ისეთი, რაც არავინ იცოდით?

- არ ვიცი, არ უთქვამს, შეიძლება გულში მართლაც ჰქონდა რაიმე დარდი და არ ამბობდა, მაგრამ ასეთი რა დარდი უნდა ჰქონებოდა, რომ ასე გადაკარგულიყო? მანამდე მსგავსი არასოდეს არაფერი მოსვლია თავში.

- იქნებ მაინც ყველაფერი კომპიუტერთან მიჯაჭვულობის გამო მოხდა, ცხოვრების მიმართ ინტერესი დაკარგა?

- როგორ უნდა დაეკარგა ინტერესი, როცა მართვის მოწმობის კურსები გაიარა.  სწავლის გაგრძელებაც უნდოდა…

სიკვდილზე, ყველა ფიქრობს მეტ-ნაკლებად ამ ასაკში. გოგის გვერდზე ბევრი მხიარული სტატუსიც აქვს. ამ სტატუსებს რომ გადავხედავ ხოლმე, მგონია, რომ აუცილებლად გამოჩნდება… ვერაფრით ვუშვებ, რომ შეიძლება  რაიმე ცუდი დაემართა, ვერაფრით. ისედაც, რაღაც ცუდი რომ აეტეხა თავისთვის, თუნდაც ზღვაში გადამხტარიყო, ან საიდანმე გადმომხტარიყო, ასეთ მდგომარეობაშიც კი ვინმე მაინც ნახავდა. ის კი არსად ჩანს... ამიტომ ველით… იცით, როგორ ველით? ამ ყველაფერს ვლაპარაკობ მხოლოდ იმიტომ, რომ გოგიმ იცოდეს, ოღონდ გამოჩნდეს და არავინ არაფერს ვეტყვით, კრინტსაც არ დავძრავთ, იმაზე რაც მოხდა, სიტყვასაც არ ვიტყვით. ან რატომ უნდა ვთქვათ, რად გვინდა ამ ტკივილის მოგონება? გთხოვ, გოგი, გამოჩნდი!

თუ ფოტოებზე აღბეჭდილი ბიჭი სადმე ნახეთ, გთხოვთ დარეკოთ ტელეფონზე: 555412437

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)