"ჩემი ძმა ცოცხალია!" - კვირის პალიტრა

"ჩემი ძმა ცოცხალია!"

"მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. ალბათ, ფიქრობენ, ბრძოლა მოჰბეზრდება და ხელს ჩაიქნევსო, მაგრამ როგორ?! ძმა არის ჩემი! ღმერთს რა ვუთხრა, სოსოს შვილებს, სინდისს..."

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მფრინავის ძმა იმედს არ კარგავს, რომ აფრიკაში უგზო-უკვლოდ დაკარგული სოსო ოსორაულის კვალს მიაგნებს. ყოფილი სამხედრო მფრინავი (მან შეიარაღებული ძალები პროტესტის ნიშნად დატოვა) გიორგი ოსორაული ქართული მხარის უმოქმედობაზე ლაპარაკობს...

- ერთი თვის წინ აქციაც გავმართეთ მოთხოვნით, გაგვარკვიონ, ცოცხალია თუ არა ჩემი ძმა, თუმცა, ერთი სანუგეშო, პატივისცემის გამომხატველი ზარიც კი არ ყოფილა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სიტყვაც არავის უთქვამს, დედაჩემი ან სოსოს მეუღლე რომ დაემშვიდებინათ. მანამდე ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ტელეფონით ველაპარაკე. ახალი არც მას არაფერი უთქვამს, გაზეპირებული ფრაზა გაიმეორა - ამ საკითხზე ვმუშაობთო. არ ვიცი, როგორ მუშაობენ, ვისთან აქვთ ურთიერთობა. წასვლას აპირებდნენ, მაგრამ ჩვენ კი არა, გაერო და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი" ვერ შედის - საბრძოლო მოქმედებების ზონააო. მე ისევ ჩემი კავშირებითა და წყაროებით ვცდილობ რაღაცების გარკვევას. ყველა, ვისთანაც კი მქონია და მაქვს ურთიერთობა, დარწმუნებით მეუბნება, რომ ჩემი ძმა ცოცხალია. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც აჯანყებულების მოთხოვნა არ შეასრულეს და მილიონი დოლარი არ გადაიხადეს, ყველაფერი ჩაიხლართაო... რასაკვირველია, ამას ჩვენი მთავრობა არც ხმამაღლა იტყვის და არც მე მეტყოდა, რადგან Gთანხის გადახდას არ აპირებდნენ. მოკლედ, სოსო გაწირეს.

- სანდოა ის წყარო, რომელიც გარწმუნებთ, რომ თქვენი ძმა ცოცხალია?

- მათ ჩემი მოტყუება არ სჭირდებათ. როგორც მეუბნებიან, ეს ინფორმაცია იმ პირებმა მიაწოდეს, ვისაც აჯანყებულებთან ურთიერთობა აქვთ, თუმცა, ხმამაღლა ლაპარაკი არ უნდათ, რადგან მეტის თქმის უფლება არ აქვთ. ლაპარაკია, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები მოაგვარებენ საქმეს და სოსოს გამოიყვანენ... მათი ინფორმაცია კონგოს ხელისუფლებისას ემთხვევა.

მეც ვაპირებდი წასვლას, მინდოდა, სახელმწიფოს ეშუამდგომლა, რათა იქაურ გენერლებს შევხვედროდი და ერთხელ და სამუდამოდ გამეგო, რის საფუძველზე ამბობს კონგოს დემოკრატიული ხელისუფლება, რომ სოსო ცოცხალია და რას ეყრდნობა საქართველოს ხელისუფლება, როდესაც მის სავარაუდო დაღუპვაზე ლაპარაკობს, თუმცა ჩვენი ხელისუფლება ვერ ან არ დამეხმარა, ამიტომაც ახლა ჩემი ძალებით ვცდილობ აფრიკაში ჩასვლას...

ცოტა ხნის წინ სოსოს მეუღლემ წერილით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, იქნებ სიმართლის დადგენაში დამეხმაროთო, თუმცა მარგველაშვილის უწყებამ გვიპასუხა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის და ხელი ისევ საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ გაიშვირა. ყველა დუმს... საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვე იმ მასალების გაცნობა, რომლებიც დამიდასტურებდა, ვისთან ჰქონდა კავშირი ამ დროის განმავლობაში. მიპასუხეს, საბუთები პროკურატურაშია გაგზავნილი და ჩვენ ხელი აღარ მიგვიწვდებაო. ვერც პროკურატურამ გამცა პასუხი, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე და თუ აღიძრა, რა მუხლით... მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. ალბათ, ფიქრობენ, ბრძოლა მოჰბეზრდება და ხელს ჩაიქნევსო, მაგრამ როგორ?! ძმა არის ჩემი, ღმერთს რა ვუთხრა? სოსოს შვილებს, სინდისს...

- ამბობთ, იქ საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ შედიანო. თქვენც იგივე ინფორმაცია გაქვთ?

- მითხრეს, შეზღუდვები აქვთ, მაგრამ 5-6 თვე ვერ შესულიყვნენ, შეუძლებელიაო... ქართულ მხარეს შეტაკების ადგილსა და სოსოს სავარაუდო საფლავზეც კი არ აქვს ზუსტი ინფორმაცია. ამბობენ, ასი კილომეტრის რადიუსშია დაკრძალულიო, თუმცა, სხვა ვერსიებიც აქვთ... კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ოჯახს დღემდე ურიცხავს ხელფასს და როგორ არ დავინტერესდე? მინდობილობა გააკეთეს და ყოველთვე ოჯახი მის ხელფასს იღებს.

გარდა ამისა, სოსოსთან ერთად მყოფი მფრინავების (უკრაინელი და ბელორუსი მფრინავები, რომლებიც თავიანთი საფრენი აპარატების ჩამოვარდნისთანავე დაიღუპნენ) ცხედრები სამშობლოში გადაასვენეს, სოსოზე კი, არც ცოცხალსა და არც გარდაცვლილზე, არავინ არაფერს ამბობს. წლების წინ ყოფილა შემთხვევა, როცა სამხედრო მფრინავი ტყვედ აუყვანიათ და რაღაც პერიოდის შემდეგ მოუკლავთ, თუმცა, ისეთი ფაქტებიც არსებობს, რომ ტყვეები თანხის სანაცვლოდ თუ დიპლომატიური სამსახურების ჩარევით გამოუშვიათ...

- ჰააგისთვის გადაცემული სამხედრო ტყვის გაცვლაზეც იყო ლაპარაკი...

- დიახ, თუმცა, ეს იქ მყოფ სამხედროებსაც არ სჯერათ, რადგან ყველამ იცის, რომ იმ გენერალს სოსოში არავინ გაცვლიდა... არ მინდა, ვთქვა, სად შეიძლება იყოს ჩემი ძმა, თუმცა, სანდო და საიმედო ინფორმაციები მაქვს და ამიტომაც არ ვეძებ, როგორც დაღუპულს. იქ მყოფებთან კავშირი რომ არ მქონდეს, ვიტყოდი, რომ ჩემი ძმა დაიღუპა და ბრძოლას შევწყვეტდი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის თქმით, მათ ოსორაულის ოჯახთან მუდმივი ურთიერთობა აქვთ:

- ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი უკვე გამოყენებულია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამატებითი მტკიცებულებები მოვიპოვოთ, რათა ოჯახს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ...

ლალი პაპასკირი