მეზობლის დაუდევრობამ ოჯახი ამოწყვიტა?! - კვირის პალიტრა

მეზობლის დაუდევრობამ ოჯახი ამოწყვიტა?!

"მინახავს კორპუსები, სადაც პირდაპირ სადარბაზოებში აქვთ გამოტანილი გამწოვის თავი... რატომ არ ტეხენ განგაშს?!"

11 დეკემბერს გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე კორპუსის ბინაში, დედა-შვილის, 22 წლის მარიამ ხოხაშვილისა და 54 წლის თამარ ავალიშვილის ცხედრები იპოვეს. როგორც ითქვა, მათი დაღუპვის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. თუმცა გაირკვა, რომ ოჯახს გაზი ბინაში შეყვანილი არ ჰქონია. ჯერჯერობით გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დადგენილი არ არის, მაგრამ ექსპერტიზის წინასწარი შედეგებით, ისინი გაზის ნამწვით მოიწამლნენ - ბინაში მეზობლის ბინის ნამწვმა შეაღწია.

ამ ტრაგედიას კიდევ ერთი ტრაგედია უძღოდა წინ - ცოტა ხნის წინ ამავე ბინაში ოჯახის უფროსი, გურამ ხოხაშვილი იპოვეს გარდაცვლილი, თუმცა მაშინ გაზით მოწამვლაზე ეჭვი არავის მიუტანია, დღეს კი ეჭვობენ, რომ ისიც ანალოგიურად მოიწამლა. მისი გარდაცვალებიდან მალე ორი თვე გადის, მაგრამ გურამ ხოხაშვილის დაღუპვის მიზეზის შესახებ ექსპერტთა დასკვნა ჯერ საქმეში არ დევს.

ოჯახის ახლობელი: - გამორჩეული ოჯახი იყო, თბილი და ერთმანეთზე მზრუნველი. გურამსა და თამრიკოს ქალ-ვაჟი ჰყავდათ, 19 წლის ნიკა სულ მარტო დარჩა. თამრიკო პედაგოგი იყო, შემცირებაში მოყვა და აღარ მუშაობდა. წინა საღამოს მარიამი შეუძლოდ გამხდარა, გულისრევა და თავბრუსხვევა ჰქონია წინადღეებშიც და "სასწრაფო" გამოუძახებიათ, მაგრამ ექიმები ვერაფერს მიხვდნენ. მარიამის საქმრო ილია იმავე უბანში ცხოვრობს, ტრაგედიის დღეს მათთან იყო, 10 საათისთვის წასულა შინ. მეორე დილით მარიამს თურმე მესიჯებს უგზავნიდა და გოგომ რომ არ უპასუხა, იფიქრა, სძინავსო. მოგვიანებით რომ დარეკა და არც მარიამის დედამ უპასუხა, ძმაკაცებისთვის უთხოვია, გაარკვიეთ, რა ხდებაო. მათგან პასუხი დროზე რომ ვეღარ მიიღო, თბილისიდან ისევ გორში დაბრუნდა, კარზე დააკაკუნა, მაგრამ არავინ გაუღო და ამის შემდეგ ატეხა ხმაური. ნიკას ძმაკაცი გადავიდა ფანჯრიდან და ეს შემზარავი სურათი დახვდა. მარი თურმე ძირს ეგდო, შეიძლება თავი ცუდად რომ იგრძნო, გარეთ გასვლას ცდილობდა. დედამისი სავარძელში ესვენა... ამბობენ, მეზობელს საჰაერო მილში ჰქონია არასწორად დამონტაჟებული გაზის გამწოვი და ნამწვი გროვდებოდა ხოხაშვილების ბინაში. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც გადაამოწმონ გაზის სამსახურის თანამშრომლებმა, თუ სად არის ბინაში გამწოვი შეერთებული. მე თბილისში ვცხოვრობ და აქაც საგანგაშო სიტუაციაა. მინახავს კორპუსები, სადაც პირდაპირ სადარბაზოებში აქვთ გამოტანილი გამწოვის თავი. ნამწვი ხომ გროვდება სადარბაზოში და შეიძლება უამრავი ადამიანი მოიწამლოს? როცა მრიცხველების შემმოწმებელი ადის კიბეზე და ხედავს ამას, რატომ არ ტეხს განგაშს?!

ზურაბი, ხოხაშვილების ქიწნისელი მეზობელი: "ჯერ გურამის გარდაცვალების მიზეზი არ ვიცით, ახლა კიდევ ეს უბედურება, ამოწყდა ოჯახი. გურამი ხშირად ამოდიოდა სოფელში, ბაღებს უვლიდა. ყველას უყვარდა ეს ოჯახი".

თეა ხურცილავა