"ამ საქმეში ფიგურირებს რამდენიმე დანა" - კვირის პალიტრა

"ამ საქმეში ფიგურირებს რამდენიმე დანა"

"დნმ-ის გაყალბების მიზნით დანაზე სისხლის დატანა შესაძლებელია"

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში შესაძლოა ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთოს. რამდენად შესაძლებელია საქმეში დნმ-ის "ჩადება" ან ნივთმტკიცებაზე მისი გაყალბება, ფიგურირებს თუ არა ამ დანაშაულში ბევრად მეტი მოზარდი, რა პრეტენზიები აქვთ ადვოკატებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ან გამოძიებასთან, ამ და სხვა საკითხებზე მაია ნიკოლეიშვილი "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა.

- შემთხვევის ადგილზე, იარაღზე და ა.შ. დნმ-ის აღმოჩენის თაობაზე ადვოკატებს ხშირად აქვთ პრეტენზიები, მაგრამ რამის დამტკიცება მეტად რთულია. მაგალითად, როცა ამბობენ, დანაზე სისხლი აღმოჩნდაო, და არსებობს გარდაცვლილიც, ბუნებრივია, მისი სისხლი ხელმისაწვდომია გამოძიებისთვის.

გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა ამოღებულ იარაღზე სისხლის დატანა? რასაკვირველია, უსინდისო გამომძიებლის ხელში შესაძლებელია. თუმცა ამის დამტკიცება ძნელია, არც უარყოფაა ადვილი.

- რა ეტაპზე შეიძლება დნმ-ის გაყალბება, შემთხვევის ადგილზევე, შსს-ს საგამოძიებო ნაწილში თუ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში?

- ადვოკატების განცხადებებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, იმ კრიმინალისტებისგან, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ, ეს გამორიცხულია. ვფიქრობ, ვერც სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მოხდება ასეთი რამ. ხშირ შემთხვევაში ადვოკატებს ეჭვი უფრო შსს-ს საგამოძიებო მოქმედებებზე აქვთ.

- ესე იგი, მაგალითად, შსს-ს საგამოძიებო სამსახურში დალუქული დანა რომ დევს, შეიძლება ვინმემ გახსნას და მასზე სისხლი დაიტანოს?

- ვერ გეტყვით, დნმ-ის გაყალბება სახელდობრ რა მომენტში ხდება. თუმცა ეს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც შესაძლებელია. მახსოვს ერთი საინტერესო შემთხვევა, ისიც ჯგუფურად საქმის გარჩევასა და დანით მკვლელობას ეხებოდა, მოულოდნელად აღმოჩენილმა დნმ-მა კი დიდი კითხვის ნიშნები გამიჩინა. მას შემდეგ დრო გავიდა, იმ პირს, ვისი დნმ-იც თითქოსდა მკვლელობის იარაღზე ნახეს, პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ დღემდე არ მასვენებს ფიქრი, რომ დნმ გაყალბებული იყო. საქმე ის არის, რომ თავდაპირველი კვლევებით (ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და ა.შ.) დანაზე სისხლის კვალი არ იყო. შემდეგ დანა თითის ანაბეჭდების ასაღებად სპეციალურ კამერაში ციანატრილატით დამუშავდა. ამ დროს ხდება ისეთი ნივთიერების აორთქლება, რომლის მსგავსს წებო "მომენტი" შეიცავს, და საგანს თხელი აპკი შემოეკვრება. ამის შემდეგ უკვე ადვილია თითის ანაბეჭდების აღება. როგორ წარმოგიდგენიათ, დანაზე, რომელიც კამერაში დამუშავდა, შემდეგ სისხლის კვალი და დნმ აღმოჩნდა? დნმ არის უფაქიზესი სტრუქტურის ცილა, რომელიც 36 გრადუს ტემპერატურაზეც კი იცვლება და ნადგურდება. როცა დნმ-ის აღმოჩენა უნდათ საგანზე, მას ლამპასაც არავინ დაანათებს, რადგან ცილა შესაძლოა დაზიანდეს. როგორც კვერცხის ცილა მკვრივდება სწრაფად, ასევე იცვლება დნმ-ის უფაქიზესი სტრუქტურაც არცთუ მაღალ ტემპერატურაზე. როგორ შეიძლება კამერაში მაღალ ტემპერატურაზე, ქიმიური დამუშავების შემდეგ, იარაღზე დნმ არ განადგურებულიყო? ეს ხომ დაუჯერებელია!

როგორც უკვე გითხარით, ეს საქმეც, ისევე როგორც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე, ჯგუფურ ჩხუბსა და დანებით მიყენებულ დაზიანებებს ეხებოდა. საბოლოოდ ერთი პირი აღმოჩნდა ყველა დაჭრაში "დამნაშავე". საერთოდ, ჯგუფურ ჩხუბს ეს ახასიათებს, ბოლოს პასუხისმგებლობა ერთს ეკისრება მაშინ, როცა რამდენიმე არის დამნაშავე! ის ერთი დამნაშავეებში ყველაზე დაუცველი გამოდის. სწორედ ამიტომ, როგორც ჩემთვის, როგორც ექსპერტისთვის, საინტერესოა, რამდენი დანა ფიგურირებდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში.

- ესე იგი, ამ საქმეში თქვენი ჩართვა მოსალოდნელია?

- შესაძლებელია. თუ საქმის მასალებს გავეცნობი და ეჭვი გამიჩნდება, რომ მხოლოდ ორი პირი არ არის დამნაშავე, მაშინ ჩავერთვები.

- ის მასალები, რაც გახმაურდა, რამის თქმის საფუძველს გაძლევთ?

- ამ საქმეში მთავარი კითხვა ეს არის - ხომ არ ყოფილა გამოყენებული იმაზე მეტი დანა, ვიდრე საქმეში ფიგურირებს. ეს დაღუპულთა ტანსაცმელზეც გამოჩნდება. ექიმმაც თქვა, ჩემი აზრით, რამდენიმე დანით იყო ჭრილობები მიყენებულიო. ცხადია, ექიმი ექსპერტული ცოდნით აღჭურვილი არ არის, მაგრამ მან პირველმა ნახა ეს დაზიანებები და მისი განცხადება ანგარიშგასაწევია. დანარჩენი უკვე ექსპერტული კვლევის საგანია.

რაც შეეხება ჩხუბში მონაწილე მოზარდებს, ისინი გამოძიებას არაფერს ეუბნებიან, თუმცა საახლობლო წრეში ჰყვებიან, რომ ჩხუბში მონაწილეებმა 51-ე სკოლის მოსწავლეებს ჭრილობები ბევრად მეტი დანით მიაყენეს.

- გარდაცვლილების მშობლები ექსპერტიზის ბიუროს ენდობიან თუ ალტერნატიული ექსპერტების ჩართვას გეგმავენ?

- როცა ბიუროს ექსპერტების თანდასწრებით გვამები გაიკვეთა, დაზარალებულ მხარეს შეეძლო ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტი, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, ახლა კი, ბრალდებული მხარისგან განსხვავებით, მათ დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვის უფლება აღარ აქვთ.

- კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე მინდა გკითხოთ, რომელიც მაგდა პაპიძის დანაშაულის ჩადენა-არჩადენას ეხება. როგორც ითქვა, თავიდან გადაღებულ ფოტოებზე უროზე სისხლის კვალი არ ჩანდა, მოგვიანებით კი სასამართლო პროცესზე გამოძიებამ წარადგინა ფოტომასალა, სადაც ეს უკვე ჩანდა.

- ეს ეპიზოდი არ მახსოვს, მაგრამ მაგდა პაპიძის საქმეში მტკიცებულებები რომ ვნახე, ვერ ვიპოვე დეტალი, რომელიც სხვა ვერსიამდე მიმიყვანდა. ამიტომ მაგ საქმეს არ გავეკარე.

- ადვოკატ ლედი ტუკვაძის თქმით, ერთ-ერთ საქმეში გამოძიებამ დამწვარი მანქანის ახლოს სიგარეტის ნამწვსა და ბოთლზე დნმ აღმოაჩინა.

- მანქანის სიახლოვეს დნმ-ის აღმოჩენა არადამაჯერებლად მეჩვენება. თუმცა გააჩნია, შემთხვევის ადგილიდან რამდენ მეტრში ნაპოვნ ბოთლსა და ნამწვზე აღმოაჩინეს დნმ, ცეცხლი რა სიმხურვალის იყო და ა.შ. სხვათა შორის, მსოფლიოში არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც მსგავს შემთხვევაში ითვლიან, მოცემულ ადგილზე რა ტემპერატურა შესაძლოა ყოფილიყო და რამდენად შეიძლებოდა იქ დნმ-ის აღმოჩენა. საქართველოში ასეთი ვიწრო პროფილის სპეციალისტები არც გვყავს.

- ბოლო დროს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნებს თუ ითვალისწინებენ მოსამართლეები?

- 2012 წლამდე გვქონდა პერიოდი, როცა მოსამართლეებისთვის მხოლოდ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა იყო მთავარი. კანონმდებლობაც ისეთი იყო, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ვერაფერს აკეთებდა. ახლა ვითარება შეიცვალა, მოსამართლეები გვისმენენ, მოგვყვებიან... მაგალითად, გვიჩიანის საქმეზე ჩვენმა ანალიზმა გამოძიება სხვა მიმართულებით წაიყვანა. ბრალდება აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ მკვლელობა მაყუჩიანი იარაღით ჩაიდინეს. ჩვენ შევაფასეთ დაზიანების დიამეტრი, დახრის კუთხე, ის, თუ რა კვალი დატოვა იარაღმა გასროლისას და მაყუჩიანი იარაღით მკვლელობა გამოვრიცხეთ. გამოძიება სერიოზულად მიუდგა ყველაფერს და გამოჩნდა უამრავი მოწმეც, რომლებმაც დაადასტურეს ის, რასაც ვამბობდით.

"ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელი უსინდისოდ მოიქცა"

პაატა შავაძე, ადვოკატი: "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტთან მქონდა დავა და საქმე ორი ინსტანციის სასამართლოში მოვიგე. საქმე ეხებოდა პირისთვის ნარკოტიკის ჩადებას. შეფუთვა გადაეცა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელმაც გასცა დასკვნა, რომ მასში ნამდვილად იყო ნარკოტიკული ნივთიერება, რომელზეც ბრალდებულის დნმ არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელმა პროცესზე განაცხადა, რომ შეიძლებოდა, ეჭვმიტანილს ხელი ეხლო შეფუთვისთვის, მაგრამ დნმ მასზე მაინც არ აღმოჩენილიყოო. "50%-ში ეს შესაძლებელია", - თქვა მან. ის უსინდისოდ მოიქცა. ჯერ ერთი, რაც თქვა (ხელის მოკიდების შემთხვევაში შეიძლებოდა თუ არა, რომ დნმ არ აღმოჩენილიყო აღნიშნულ ნივთზე), არ იყო მისი კვლევის საგანი. ასეთი კვლევის ჩატარებისთვის უფლებამოსილიც არ გახლდათ. უბრალოდ, უნდა ეთქვა და დაედასტურებინა ის, რაც ოფიციალურად დაწერილი იყო დასკვნაში. სამწუხაროდ, ამ ექსპერტმა თავისი განცხადებით უსაფუძვლო ეჭვი გააჩინა პირზე. ასეთ შემთხვევაში კი, როცა ეჭვი ჩნდება მტკიცებულების გარეშე, მოსამართლე ვალდებულია გადაწყვეტილება ბრალდებულის სასარგებლოდ მიიღოს. გვენეტაძის სასამართლო კი ასე არ მოიქცა".

"გამოძიებამ ქალის ყოფილ მეგობარ მამაკაცს საქმეში დნმ ჩაუდო"

ლედი ტუკვაძე, ადვოკატი: "ქალს სახლთან დაყენებული ავტომობილი დაეწვა. დაზარალებულმა ყოფილი მეგობარი მამაკაცი დაადანაშაულა. სინამდვილეში ეს კაცი ხანძრის დროს სხვა ადგილზე იმყოფებოდა, არსებობენ ამის მოწმეები. საუბედუროდ, მას თან არ ჰქონდა მობილური ტელეფონი. რასაკვირველია, როცა ადამიანს თან აქვს მობილური, ადვილია მისი ლოკაციის დადგენა. მოგვიანებით, საქმის მასალებში გაჩნდა საეჭვო დოკუმენტი, რომელიც გვამცნობდა, რომ გამოძიებამ აღმოაჩინა დამწვარი მანქანის სიახლოვეს სიგარეტის ნამწვი და ბოთლი, საიდანაც ამოიღეს მეგობარი მამაკაცის დნმ. ეს ყოვლად წარმოუდგენელია, რადგან ცეცხლწაკიდებული მანქანის უახლოეს პერიმეტრზე დნმ აუცილებლად განადგურდებოდა. აშკარა იყო, რომ ქალმა შური იძია ყოფილ მეგობარ მამაკაცზე და ამ საქმისთვის გამოიყენა შსს-ს მუშაკი, რომელმაც ეჭვმიტანილს საქმეში დნმ ჩაუდო".

ეკა ასათიანი