"ჩემს შვილს ორი კაცი ვერ მოკლავდა" - რამდენი დანა ფიგურირებდა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებში? - კვირის პალიტრა

"ჩემს შვილს ორი კაცი ვერ მოკლავდა" - რამდენი დანა ფიგურირებდა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებში?

ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში მხოლოდ ერთი დამნაშავე არაა და რამდენიმე ცივი იარაღია გამოყენებული.

როგორც ზაზა სარალიძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ინიციატორები არც დავით სარალიძე და არც ლევან დადუნაშვილი არ ყოფილან. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილი, სავარაუდოდ, მეგობარს დასახმარებლად გაჰყვა, ხოლო მეორე დაღუპული - ლევან დადუნაშვილი კონფლიქტში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა.

"რეალურად რომ ვიმსჯელოთ, იმდენი ჭრილობა აქვს მიყენებული, რომ გამორიცხულია ეს ორ კაცს გაეკეთებინა. იყო ხუთი შემღწევი ჭრილობა და კიდევ შვიდი, რაც ორი დანით გამორიცხულია. ჩემს შვილს ორი კაცი ვერ მოკლავდა, ვერც მოერეოდა, ხუთი კაციც რომ ყოფილიყო, ვერ მოერეოდა. შიშველი ხელით ვერც ერთი ვერ მოერეოდა. მისი ყველაზე დიდი მინუსი იყო, რომ ძალიან ძლიერი იყო და მაგის გამო იყო, რომ იარაღი იხმარეს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში შესაძლოა ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთოს. რამდენად შესაძლებელია საქმეში დნმ-ის "ჩადება" ან ნივთმტკიცებაზე მისი გაყალბება, ფიგურირებს თუ არა ამ დანაშაულში ბევრად მეტი მოზარდი, რა პრეტენზიები აქვთ ადვოკატებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ან გამოძიებასთან, ამ და სხვა საკითხებზე მაია ნიკოლეიშვილი "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ვერ გეტყვით, დნმ-ის გაყალბება სახელდობრ რა მომენტში ხდება. თუმცა ეს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც შესაძლებელია. მახსოვს ერთი საქმე, ისევე როგორც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე, ჯგუფურ ჩხუბსა და დანებით მიყენებულ დაზიანებებს ეხებოდა. საბოლოოდ ერთი პირი აღმოჩნდა ყველა დაჭრაში "დამნაშავე". საერთოდ, ჯგუფურ ჩხუბს ეს ახასიათებს, ბოლოს პასუხისმგებლობა ერთს ეკისრება მაშინ, როცა რამდენიმე არის დამნაშავე! ის ერთი დამნაშავეებში ყველაზე დაუცველი გამოდის. სწორედ ამიტომ, როგორც ჩემთვის, როგორც ექსპერტისთვის, საინტერესოა, რამდენი დანა ფიგურირებდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში.

- ესე იგი, ამ საქმეში თქვენი ჩართვა მოსალოდნელია?

- შესაძლებელია. თუ საქმის მასალებს გავეცნობი და ეჭვი გამიჩნდება, რომ მხოლოდ ორი პირი არ არის დამნაშავე, მაშინ ჩავერთვები.

- ის მასალები, რაც გახმაურდა, რამის თქმის საფუძველს გაძლევთ?

- ამ საქმეში მთავარი კითხვა ეს არის - ხომ არ ყოფილა გამოყენებული იმაზე მეტი დანა, ვიდრე საქმეში ფიგურირებს. ეს დაღუპულთა ტანსაცმელზეც გამოჩნდება. ექიმმაც თქვა, ჩემი აზრით, რამდენიმე დანით იყო ჭრილობები მიყენებულიო. ცხადია, ექიმი ექსპერტული ცოდნით აღჭურვილი არ არის, მაგრამ მან პირველმა ნახა ეს დაზიანებები და მისი განცხადება ანგარიშგასაწევია. დანარჩენი უკვე ექსპერტული კვლევის საგანია.

რაც შეეხება ჩხუბში მონაწილე მოზარდებს, ისინი გამოძიებას არაფერს ეუბნებიან, თუმცა საახლობლო წრეში ჰყვებიან, რომ ჩხუბში მონაწილეებმა 51-ე სკოლის მოსწავლეებს ჭრილობები ბევრად მეტი დანით მიაყენეს.

- გარდაცვლილების მშობლები ექსპერტიზის ბიუროს ენდობიან თუ ალტერნატიული ექსპერტების ჩართვას გეგმავენ?

- როცა ბიუროს ექსპერტების თანდასწრებით გვამები გაიკვეთა, დაზარალებულ მხარეს შეეძლო ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტი, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, ახლა კი, ბრალდებული მხარისგან განსხვავებით, მათ დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვის უფლება აღარ აქვთ.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, აირჩიეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეკა ასათიანი