"არ აღიარებს კომერციულ მოსყიდვას და განიცდის ძალიან" - რას ამბობს საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" თანამფლობელის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"არ აღიარებს კომერციულ მოსყიდვას და განიცდის ძალიან" - რას ამბობს საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" თანამფლობელის ადვოკატი?

საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" თანამფლობელის, თემურ დათიკაშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ ადვოკატმა თამარ აბესაძემ ჟურნალისტებს სუს-იდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, თემურ დათიკაშვილს ბრალდების მხარე კომერციულ მოსყიდვას ედავება.

ადვოკატის განცხადებით, ის ესაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელმაც განუმარტა, რომ მომხდარის გამო წუხს. ასევე, ადვოკატის თქმით, დათიკაშვილი ამბობს, რომ ეს იყო პროვოკაცია, თუმცა ვისი მხრიდან შეიძლება ჰქონოდა პროვოკაციის მოწყობას ადგილი, ადვოკატის განმარტებით, ამაზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობს.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წარუდგენიათ.

"კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს ბრალის ფორმულირება არ აქვს. რაც შეეხება ვინმესთან კავშირს, აბსოლუტურად ყველაფერს უარყოფს და ამბობს, რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია. წუხს ყოველივეზე და გულისტკივილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა სპორტს, ახლა კი ხდება ისე, რომ მასთან დაკავშირებით ვრცელდება ასეთი ინფორმაციები. პროვოკაციასთან დაკავშირებით შემდგომში მოგახსენებთ დაზუსტებით, ვინაიდან შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ. თანხაზე საუბარი საერთოდ არ არის. ეს დასადგენია, იყო თუ არა თანხა საქმეში. სუს-მა რა გაავრცელა ერთია და სინამდვილეში რა არის, ეს მეორეა", - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, კითხვაზე, იცნობს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დათიკაშვილი სხვა დაკავებულებს, ადვოკატის განმარტებით - იცნობს, "იმიტომ, რომ ყველანი კალათბურთელები არიან".

"რაც შეეხება ბერიშვილების აღიარებას, მე არ მეხება აღნიშნული საკითხი, მაგრამ ბერიშვილებმა თავიანთ ქმედებაზე აგონ პასუხი, თუკი ეს ასეა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არის ძალიან შეწუხებული ამ ყველაფრისგან, არ აღიარებს კომერციულ მოსყიდვას და განიცდის ძალიან", - განაცხადა ადვოკატმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ "სოხუმის"მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"