ციხის აგენტურის ბინძური მეთოდები - კვირის პალიტრა

ციხის აგენტურის ბინძური მეთოდები

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #23)

რას იხსენებს ქალთა კოლონიის ყოფილი დირექტორი

ამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა დამცველებმა განაცხადეს, იმ ქალებს შორის, რომლებიც სასჯელს მკვლელობისთვის იხდიან, უმრავლესობა პასუხისგებაში ქმრის ან საყვარლის მკვლელობისთვისაა მიცემულიო. ამან ქალთა კოლონიის ყოფილი დირექტორის, გულიკო ნადარეიშვილის ნაამბობი გამახსენა.

რა გადახდათ თავს ქალებს, რომელთაც მკვლელობის, ნარკოტიკების შენახვისა თუ ქმრის ერთგულების გამო გისოსებს მიღმა ერგოთ ცხოვრების საუკეთესო წლების გატარება, გულიკო ნადარეიშვილის მონათხრობიდან შეიტყობთ:

- ჩემს დროს ქმრის მკვლელობის გამო კოლონიაში ერთი კაცის ორი ცოლი იჯდა. კაცი სამეგრელოდან იყო. ცოლები კი ერთი აფხაზი ჰყავდა, მეორე - მეგრელი. ქალებს ოჯახში უფროსი და უმცროსი ცოლების სტატუსი ჰქონდათ.  კაცი  თურმე სადისტი ყოფილა, საშინლად ექცეოდა ქალებს. ამოუვიდათ ყელში და ერთ დღესაც ნაჯახით  მოკლეს, მერე ატეხეს მოთქმა-კივილი, ჩვენს ქმარს სასიმინდეში ნაჯახი დაეცაო, მაგრამ  გამოძიებას რას მოატყუებდნენ? ორივე დააპატიმრეს.

ხშირად ყოფილა, ქალებს სასჯელი მოუხდიათ და შინ ვეღარ დაბრუნებულან. ოჯახები არ იღებდნენ და ჩემთან ცხოვრობდნენ წლობით.

ლია ხ. ოტობაიიდან იყო და სიძის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მკვლელი არ იყო.  სიძეს, იმ არაკაცს, სანამ ამ ოჯახის სიძე გახდებოდა, ორივე დასთან ჰქონია ურთიერთობა ისე, რომ დებმა არც იცოდნენ. ორივე ერთი კაცისაგან დაფეხმძიმდა.  როდესაც ლიამ გაიგო, რომ მის უმცროს დას სიგიჟემდე  უყვარდა ეს მამაკაცი, თანახმა იყო, ჩემი და შეირთოს ცოლად, ოღონდ გოგოს სახელი არ გაუტყდესო.

ბოლოს ისე მოხდა, რომ იმ კაცმა მისი და მაინც არ შეირთო ოფიციალურად. ისე ცხოვრობდა მასთან და სოფელში თავი მოსჭრა. როგორც ვიცი, მათ ბიძაშვილსა და შერცხვენილ ძმას მოუკლავთ ის უნამუსო, მაგრამ მკვლელობა ლიამ აიღო თავის თავზე. 6 წელი მოიხადა.

კალმით ნახატი დედა-შვილი, გვარად ლობჟანიძეები იხდიდნენ სასჯელს. გოგონას მამა კიბოთი ახალი გარდაცვლილი იყო. სანიმუშო ოჯახი ჰქონიათ, ორი გოგო ეზრდებოდათ, მაგრამ მამა გარდაიცვალა  და ოჯახის ბედი უკუღმა დატრიალდა. უფროსი  გოგოს შეყვარებული მორფინისტი ყოფილა. ახალგაზრდები დაქორწინებას აპირებდნენ და სულ ერთად იყვნენ. ერთხელაც საქმროს დიღომში წამლის ბარიგასთან წაუყვანია  გოგო. იქ კი თურმე ოპერაცია ტარდებოდა.

KvirisPalitra.Geგოგო დაბლა ელოდებოდა. ბიჭი ჩამოვიდა, წამალი ჩანთაში გოგოს ჩაუდო და ამ დროს დაიჭირეს ორივე. ბიჭის ოჯახი ძალიან ცუდად მოექცა გოგოს. უთხრეს, შენ ხომ თითქმის ჩვენი შვილის ცოლი ხარ, საქმროს დანაშაული საკუთარ თავზე აიღე და შენ უფრო ადვილად გამოგიყვანთო. გოგო 19 წლის იყო, გამოუცდელი და დაეთანხმა. დედამისმა რომ გაიგო, მისი შვილი წამლის გამო დაეკავებინათ, სურვილმა, შვილს ვუშველოო, სისულელე ჩაადენინა.

იცით, რა თქვა? ეგ ერთი ამპულა რა არის, იცით, სახლში რამდენი მორფი მაქვსო? მართლა ჰქონდათ. მის  კიბოიან ქმარს ტკივილს მორფით უყუჩებდნენ და რამდენიმე გამოუყენებელი ამპულა დარჩენოდათ. დედას ეგონა, ამით სასჯელს ავაცილებ შვილსო, მაგრამ პირიქით გამოვიდა. ქალიც დაიჭირეს. კოლონიაში შეყვარებულისთვის ერთხელაც არ მოუკითხავს  ბიჭს. გაუბედურებულები კინაღამ უბინაოდაც დარჩნენ. მარჯანიშვილზე ჰქონიათ ბინა და ნაძირალა გამომძიებელი ეუბნებოდათ, ბინა გაყიდეთ და იმ ფულით ორივეს გაგიშვებთო.

გრიბოედოვის თეატრში წარმოდგენა დავდგით, რომელშიც ეს გოგოც მონაწილეობდა. მთავრობის ერთმა წევრმა ნახა წარმოდგენა და გადაირია, ასეთ გოგოს ციხეში  რა უნდაო და მისი შუამდგომლობით გაათავისუფლეს.

ტყიბულელი გოგონას, მაიას ამბავიც მინდა გიამბოთ. მის ოჯახში ოთხი და-ძმა იყვნენ. მაია ყველაზე პატარა იყო. ფრიადებზე დაამთავრა სკოლა, მაგრამ პირველ წელს ვერ ჩაირიცხა და მუშაობა დაიწყო.

მამა ლოთი ჰყავდა. რომ დალევდა, ცოლს სცემდა უმოწყალოდ. პირველ ხელფასზე მაიამ თურმე თანამშროლები დაპატიჟა შინ. გოგონას მამისთვის უთხოვია, დღეს არ დალიოო.  სუფრა თურმე ტალავერში გაშალეს. მაინც დაულევია მამამისს და ჭკუიდან გადასულს 30 კაცზე გაშლილი სუფრა ამოუყირავებია.  აყალმაყალზე მეზობლები შემოცვენილან, შეუკრავთ გონდაკარგული კაცი და ერთ-ერთი მეზობლის სახლში ჩაუკეტავთ.

სტუმრების წასვლის შემდეგ მაია დაღლილი ყოფილა და დაუძინია, დედა კი ჭურჭელს რეცხავდა. ამასობაში მამას გაუღვიძია. უკვე გამოფხიზლებული მისულა შინ და ცოლისთვის უთქვამს, ცოტა დამალევინეო. იმასაც დაულევინებია. მაია მიყვებოდა, დედაჩემის კვნესამ გამაღვიძაო. მამამისს ცოლი ხეზე მიება და ქამრით სცემდა. ღონემიხდილი ქალი ძლივსღა სუნთქავდა.

მაიას რომ დაუნახავს, მამა დედას კლავსო, გავარდნილა ეზოში და ტაბურეტი დაურტყამს თავში მამისთვის. მამის მოკვლა კი არა, დედის შველა უნდოდა. ახლაც მიჭირს წარმოდგენა - მაია და მკვლელი?! გოგოს 6 წელი მიუსაჯეს. საბრალო სულ ტიროდა. ძალიან მეცოდებოდა. გოგონამ ნელ-ნელა დაიწყო მუშაობა. ტირილიც შეწყვიტა. მაშინ (1970 წელს) ქალთა საბჭოს თავმჯდომარე პოეტი მარიკა ბარათაშვილი იყო.

კოლონიის დირექტორს ვინ ეკითხებოდა პატიმრის საქმეში ჩარევას? თუ ჩაერეოდი,  იფიქრებდნენ, დაინტერესებულიაო, მაგრამ მაიას სიბრალულით გავრისკე. მარიკა ბარათაშვილთან რედაქციაში მივედი და გოგონას შესახებ ვუამბე. მაიას წერილიც თან მქონდა, სადაც თავის ამბავს ჰყვებოდა. იცით, როგორ მიიტანა გულთან მისი ამბავი? ვის აღარ სთხოვა მისი გათავისუფლება. ერთ დღესაც ბრძანება მოვიდა მაიას გათავისუფლებაზე. მას მერე მაია აღარ მინახავს. მაია თუ ცოცხალია და წაიკითხავს ჩემს ნაამბობს, იქნებ გაახსენდეს გულიკო კონსტატინოვნა. ძალიან მინდა მისი ნახვა.

- როგორც ვიცი, სკანდალური იყო მეღვინე ნუღლას საქმე. მსმენია, მისი ცოლი დაიჭირეს, რომ ქმარი მილიციას ჩაჰბარებოდაო.

- ნუღლას საქმეზე ოთხი კახელი ქალი დაიჭირეს. იცით, როგორები იყვნენ? თავწაკრული ოჯახის ქალები, თავის სიცოცხლეში კერიას რომ არ მოშორებიან და არსად უმუშავიათ. ის ,,დააშავეს", რომ ყურძნის ჩაბარებაზე ჰქონდათ ხელი მოწერილი. 6-6 წელი ჰქონდათ  მისჯილი. ერთი მათგანი ლაზაშვილი იყო გვარად. როდესაც დააპატიმრეს, მისი გოგო ჭკუიდან შემცდარა, დედა რატომ წაიყვანეს სახლიდანო. ბიჭი მცირეწლოვანი  ჰყავდა.

კარგად მახსოვს, პირველი სექტემბერი იყო, კოლონიის კართან ამ ქალის ქმარი და პატარა ბიჭი დავინახე. ვიკითხე და თურმე ბიჭი უდედოდ არ წასულა პირველ კლასში. შეწუხებულმა კაცმა მითხრა, ქალბატონო გულიკო, მიშველეთ, ბალღი სკოლაში არ მიდის, სანამ დედაი არ ვნახამო. ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლებოდა, მაგრამ დავავლე ბავშვს ხელი, ავიყვანე კაბინეტში და დედამისს დავუძახე. ერთი გენახათ, როგორ ეფერა და კოცნა შვილს.

ნუღლას ცოლი, მავრა, შესანიშნავი ქალი იყო. გამოძიებას ნუღლას დაჭერა უნდოდა,  გაექცათ და მისი ცოლი დაიჭირეს. თითქოს მოსკოვში მიჰქონდა ფული ქმრის საქმის გასაკეთებლად.  მავრას, რომ დააკავეს, მართლა ჰქონდა თან 50 ათასი მანეთი. მავრა დაიჭირეს  და დარჩა სამი ბავშვი უდედოდ, ბებიის ამარა. ერთხელ მავრას ვკითხე, ნუღლას როგორ ვერ იჭერენ-მეთქი. Kკარგად იციან, სადაც არის, მაგრამ არ იჭერენ, რადგან  არ აწყობთო.

ნუღლას ცოლს ერთი ქალი ჰყავდა მიჩენილი, ვითომ ნუღლას ადგილსამყოფელი უნდა ეთქმევინებინა მავრასთვის, მაგრამ აგენტს აქეთ ატყუებდა მავრა. აგენტებს ჰპირდებოდნენ, კოლონიიდან გაგიყვანთ, ოღონდ მავრას ათქმევინეთ, ნუღლა სად არისო. მავრა კი ყველას  ატყუებდა. იცოდა, რომ მოგზავნილები იყვნენ.

- რატომ დევნიდნენ ნუღლას?

- ფინანსთა მინისტრი ფარნა ანანიაშვილი დაიჭირეს და იმას მიაყოლეს ნუღლაც. ყურძნის ჩაბარების მაჩვენებლების გაყალბებისთვის ედავებოდნენ. შევარდნაძე გეგმების შესრულებით ამაყობდა, საამისოდ ციფრები ყალბდებოდა და უბედური ფარნა ანანიაშვილი დაიჭირეს ამისთვის.

ჩვენთან ერთი ყოფილი ბუღალტერი, დალი ხოდაშნელაშვილი იჯდა. ეს ქალი თურმე განგებ გადაიყვანეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, განგებ გააკეთებინეს რაღაც ოპერაცია და დაიჭირეს. იმიტომ გაწირეს, რომ ვიღაც უნდა დაეჭირათ. 12 წელი ჰქონდა მისჯილი. ლუიზა შაკიაშვილთან მეგობრობდა.

ლუიზა  ხულიგნობის მუხლით იხდიდა სასჯელს და არა როგორც დისიდენტი. ჩუმად მეთვალყურეობდნენ  და დასდევდნენ. ბევრჯერ პროვოკაციაც მოუწყვეს. მაშინ წარმოების დარგში კოლონიის უფროსის მოადგილე ვიყავი და ლუიზა კონტროლიორად გადავიყვანე.

შპიონებმა დააბეზღეს ლუიზა, თვითნებურად გადავიდა კონტროლიორადო და ამის გამო კარცერში ჩასვეს. ერთი დავიდარაბა დამჭირდა მის გასამართლებლად. საშინელი პატიმრობა ჰქონდა. ძალიან მართალი ქალია, უნამუსობას ვერ იტანდა და ამიტომაც ჰქონდა პრობლემები.

ლუიზამ ერთხელ მითხრა, ლიმონათი მენატრებაო. ავდექი და შევუტანე. არადა შუშის შეტანა არ შეიძლება კოლონიაში. ისე დავმეგობრდით, წლების განმავლობაში ლუიზა ჩემთან ცხოვრობდა.

ერთი ახმეტელი ქალი მახსენდება - ციცო ხ. მეფრინველეობის ფერმის უფროსის მდივანი იყო.  ექვსი ნახევრად ბროლის ბოკალის ქრთამად აღება ედებოდა ბრალად, ექვსი ბოკალის გამო კოლონიაში წლები გაატარა ქალმა.

რაც შინ ვზივარ, სულ წარსულზე ვფიქრობ. განვლილ წლებს რომ ვიხსენებ, მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებაში ცოტა ცუდი და ბევრი კარგი იყო.  მართალია, გაუბედურებულ ქალებს ჯანმრთელობა შევწირე, მაგრამ არ ვნაღვლობ. თავიანთ ამბავს რომ მიყვებოდნენ, მათთან ერთად ვტიროდი.

ეს უკვალოდ ხომ არ ჩაივლიდა? 2000 წელს მუშაობას რომ დავანებე თავი, ძალიან ცუდად გავხდი. იმდენი კარგი ადამიანი აღმოჩნდა ჩემ გვერდით, ვიფიქრე, ტყუილად არ მიკეთებია სიკეთე-მეთქი. ჩემმა ყოფილმა პატიმრებმა მომხედეს. ღმერთს მადლობას ვწირავ ამისთვის.

www.kvirispalitra.ge

მაია

რა დიდებული ადამიანი ყოფილა გულიკო ნადარეიშვილი. მკვლელის შებრალებისა რა გითხრათ, მაგრამ წვრილმანი დანაშაულისთვის თავისუფლებააღკვეთილთა მიმართ ადამიანური მოპყრობა არის საღვთო საქმე.

საწყალი თინიკო ფეტვიაშვილი. არც არავის გაუგია, რომ მუცელი მოაშლევინეს ციხეში. საწყალი გოგო. შევარდნაძემ ეგენი კომუნისტური პათოსის გამო გააუბედურა, მერე კი თვითონ გახდა პირველი ანტიკომუნისტი. არაა ეს პარადოქსი?!

შევარდნაძეს სწორედ იმ პერიოდში უპირებდნენ დაწინაურებას და ეს საქმე ხელის შემშლელად იმუშავებდა. ამის გამო გაწირა სასიკვდილოდ ის ახალგაზრდები, ნამუსი მოიწმინდა საკავშირო დიდმოხელების თვალში. მთელი საზოგადოება ხელმოწერებით ევედრებოდა ახალგაზრდების შებრალებას, მაგრამ არა, არ მოულბა გული.

რაც გულქვა იყო, ისეთი გულქვაც დაგვიტოვა მემკვიდრედ.

მარინა

თვითმფრინავის გატაცება დიდ დანაშაულად მიმაჩნია! არც ისეთი პატარები იყვნენ, რომ არ სცოდნოდათ საბჭოთა კავშირიდან თვითმფრინავს არ გაატაცებინებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ჩამოაგდებდნენ იმ თვითმფრინავს და ყველა დაიღუპებოდა. შევარდნაძის ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ მას იმ სიტუაციაში ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლო! ის ახალგაზრდები  საკმაოდ შეძლებული ოჯახებიდან იყვნენ... რასაკვირველია ცალკეული ისტორია გულის ამაჩუყებელია - ფეტვიაშვილის მუცლის მოშლა, თუ მღვდლის დახვრეტა...

მიკა

იმ ჩამყაყებულ ეპოქაში მათი ეს იდეა იყო გმირობა. შევარდნაძეს შეეძლო ეს ბიჭები არ დაეხვრიტა. როდესაც ნოდარ დუმბაძე შევიდა და სთხოვა ივერიელებზე არ დახვრიტოო, ასეთი პასუხი მიიღო: აირჩიოს მამამისმა რომელი გადავარჩინოო. ამის გამო ნოდარ დუმბაძემ ინფარქტი მიიღო. ამაზრზენია შევარდნაძე თავისი განვლილი გზით და პოლიტიკით.

(გაგრძელება იქნება)