კალათბურთის მწვრთნელებსა და მსაჯებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს - კვირის პალიტრა

კალათბურთის მწვრთნელებსა და მსაჯებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება მათ კომერციულ მოსყიდვას ედავება. ბრალდებულთაგან 3 დანაშაულს არ აღიარებს, 2 კი წარდგენილ ბრალში სრულად სცნობს თავს დამნაშავედ.

ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. ადვოკატები სასამართლოს ბრალდებულებისთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ.

ბრალდებული ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატი ვარაუდობს, რომ დანაშაულში არა მხოლოდ კალათბურთის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

როგორც ადვოკატმა იასონ ბესელიამ ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ დანაშაულში, დიდი ალბათობით, ტოტალიზატორებიც იყვნენ ჩართულები, თუმცა აქვე ადვოკატი დასძენს, რომ ეს მხოლოდ მისი ვარაუდია და გამოძიების ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გამოკვეთილი არაა. რაც შეეხება საქმის მასალებს, ბესელიას ინფორმაციით, ადვოკატებს საკმაოდ მოცულობითი მასალები გადაეცათ.

"არის საკმაოდ მოცულობითი აუდიო-ვიდეო მასალა. ჩანაწერების შინაარსი ეხება ამ საკითხის მომზადებას, ანუ, რა შედეგი უნდა ყოფილიყო, ვისსა და ვის შორის უნდა ყოფილიყო მოლაპარაკება, რა თანხაზე შეთანხმდნენ და ა.შ. ამაში ჩართულები იყვნენ ბერიშვილები. ასევე მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ჩართულები იყვნენ დანარჩენი ბრალდებულები, მაგრამ ამის დადასტურება ჩემგან უხერხულია", - განაცხადა იასონ ბესელიამ და აქვე დასძინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები, ირაკლი და დავით ბერიშვილები წარდგენილ ბრალში სრულად სცნობენ თავს დამნაშავედ.

"ინტერპრესნიუსი"