"რესტორნიდან გასულს ზურგში ესროლეს" - კალაშოვის "ვენდეტის" მორიგი მსხვერპლი?! - კვირის პალიტრა

"რესტორნიდან გასულს ზურგში ესროლეს" - კალაშოვის "ვენდეტის" მორიგი მსხვერპლი?!

22 დეკემბერს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში კანონიერი ქურდი, 36 წლის დავით ალხანაშვილი, იგივე "დათო პანკისკი" მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. საქმე შეეხება შაქარო კალაშოვის, იგივე "შაქარო მოლოდოის" ახლობელზე, ასევე "კანონიერ ქურდ" დათო ოზმანოვზე, იგივე "კრასნოდარსკიზე" 2011 წელს მომხდარ თავდასხმას, რასაც ქურდულ სამყაროში კონფლიქტის ახალი, სისხლიანი ფაზის დასაწყისად მიიჩნევენ. თავდასხმისას ოზმანოვი სასწაულად გადარჩა.

ერთ-ერთი ვერსიით, ალხანაშვილი სწორედ კალაშოვის კლანის წევრებმა მოკლეს, რადგან ის 2011 წელს, ოზმანოვზე თავდასხმაში მონაწილეობდა. თურქული მედია წერს იმასაც, რომ ალხანაშვილი კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის დაჯგუფებაში იყო.

ცნობილი პორტალი "პრაიმ კრაიმი" კი წერს, რომ ალხანაშვილის მკვლელობაში აშკარად ჩანს კალაშოვის "ხელწერა", რომლისთვისაც დამახასიათებელია დაპირისპირებების უკიდურესად რადიკალური მეთოდებით გადაწყვეტა. წერენ იმასაც, რომ ამ შურისძიებაში ალხანაშვილი, სავარაუდოდ, ბოლო მსხვერპლი სულაც არ იქნება და ანგარიშსწორება კიდევ გაგრძელდება. წერენ, რომ ქურდულ სამყაროში მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი "საბრძოლო მოქმედებები" და სწორედ ამის ერთ-ერთი ნიშანია თურქეთში ამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ქუთაისელ "კანონიერ ქურდზე," გოჩა ალფაიძეზე თავდასხმა, რომელიც დღემდე იშუშებს ცეცლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობებს. ერთ-ერთი ინფორმაციით, მას დაპირისპირება მოუხდა შაქრო კალაშოვის ახლო გარემოცვის ერთ-ერთ წევრთან, ნოდარ "რუსთავსკისთან". (წყარო)

როგორც ირკვევა, დავით ალხანაშვილის მშობლები თელავის რაიონის სოფელ შალაურში ცხოვრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, "დავით ალხანაშვილი რესტორანში იმყოფებოდა, რა დროსაც მას დაურეკეს, გარეთ გასულს კი ზურგში ესროლეს". თურქული მედიის ცნობით, დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა