"გამორიცხულია, ჩემი შვილისთვის ამდენი ჭრილობა ორ კაცს მიეყენებინა" - კვირის პალიტრა

"გამორიცხულია, ჩემი შვილისთვის ამდენი ჭრილობა ორ კაცს მიეყენებინა"

"ეს არის მეგობრობა, როცა მკვლელებს ხელს აფარებ?"

წლის კრიმინალად შეფასდა სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის, რომელიც 1-ლ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოხდა. 51-ე სკოლის ორი მოსწავლე - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე - თანატოლების სისასტიკეს ემსხვერპლა. ისინი 17 წლისანი იყვნენ... შს სამინისტრომ დააკავა ორი არასრულწლოვანი, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, აქედან სამართალდამცავებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება. საქმეში ჩართული დანარჩენი პირების სტატუსის განსაზღვრა-გადაკვალიფიცირებისთვის გამოძიება გრძელდება. ექსპერტიზის დასკვნას რამდენიმე დღეში ელიან.

"საიდან ამ პატარა ბავშვებში ასეთი სადიზმი?"

დაღუპული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში რამდენიმე მოზარდია დამნაშავე.

- გამორიცხულია, ჩემი შვილისთვის ამდენი ჭრილობა ორ კაცს მიეყენებინა. დათოს ვერ მოერეოდნენ, სპორტსმენი და ნავარჯიშები ბიჭი იყო, ამიტომ დაჩეხეს დანებით. ექსპერტიზის პასუხს ველოდებით და დარწმუნებული ვარ საქმეში სხვა დანებიც და დამნაშავეებიც გამოიკვეთება. დათოს 12 ჭრილობა ჰქონდა, 5 მათგანი გამჭოლი, ერთი - ფეხზე, რამაც არტერია დაუზიანა, შემავალი ჭრილობები ჰქონდა ღვიძლზეც და გულის არეშიც.

ჩვენებებს გადავხედე, ყველაფრის საქმის კურსში ვარ და იქაც იკვეთება, რომ რამდენიმე იარაღია გამოყენებული, თუმცა ამ ეტაპზე ორი დანაა ამოღებული. დათოს წინიდანაც აქვს დანები დარტყმული და უკანა მხრიდანაც. ამ მდგომარეობაში 12 ჭრილობას ერთი ადამიანი როგორ მიაყენებდა? როგორც ჩვენებებიდან ჩანს, მხოლოდ დაკავებულების იარაღებია ამოღებული. არადა, ითქვა, რომ იქ ბევრს ჰქონდა დანა...

მეორე ბავშვი - ლევანი საერთოდ შემთხვევით მოხვდა გარჩევაში, მან საქმის ვითარებაც არ იცოდა. სახლში მიდიოდა, ჩოჩქოლი რომ შენიშნა, თაღში შეირბინა. როგორც ჩანს, მას იქიდან გამოქცეული ერთ-ერთი მკვლელი შეეჩეხა და ამისთვის მოკლეს...

როგორც მეუბნებიან, დავა სათამაშო პისტოლეტით დაიწყო საპირფარეშოში, მერე ორივე მხარემ მეგობრებს დაურეკა და ამას მოჰყვა უბედურება. დათო თავის მეგობრებს გაჰყვა და ასე მოხვდა ამ დავიდარაბაში. თურმე შერიგებისკენ მიდიოდა საუბარი, მაგრამ უცებ ისევ ატეხილი ცემა-ტყეპა და ჩხუბი დანის ტრიალში გადაიზარდა... ის მკვლელი ხმას არ იღებს. იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ ბავშვები, რომლებიც ჩვენებებს აძლევენ, სიმართლეს ამბობდნენ. ჩემთვისაც ბევრი რამ ბუნდოვანია, აქ რაღაც იმალება. ჯერ სიმართლეს ვერ მივაკვლიე. ბავშვებს, ალბათ, ეშინიათ და ყველაფერს ვერ ამბობენ. ყველაფერი ზედმიწევნით ობიექტურად უნდა გამოიძიონ - ეს არა მარტო ორი ოჯახის ტკივილი, ქართველი ხალხის ტრაგედიაა. საუბედუროდ, დღეგამოშვებით კლავენ და ჭრიან მოზარდები ერთმანეთს. 16-17 წლის ბავშვებში რა დაპირისპირება უნდა მომხდარიყო ისეთი, ასე სასტიკად გაემეტებინათ ერთმანეთი? მათ შორის უფროსები რომ ყოფილიყვნენ, ალბათ, ასეთი დასასრული არ ექნებოდა, ჭკუას დაარიგებდნენ ან მორიგდებოდნენ... მეზობლები ამბობენ, ისე წამიერად მოხდა ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოვასწარით, როცა ჩამოვედით, ბავშვი სისხლში ცურავდაო. სხვათა შორის, პირველსკოლელებიდან ერთ-ერთი ჩემი შვილის თანაგუნდელი იყო (ერთად ვარჯიშობდნენ რაგბიში "ლელოს" გუნდში), ალბათ, მასაც და ჩემს შვილსაც ვერ წარმოედგინათ, ასეთი რამ თუ მოხდებოდა. ამდენი ჭრილობის მიყენება ასე გამეტებით? ჩვენი თაობა რა პერიოდშიც არის გაზრდილი, მოგეხსენებათ - არც იარაღი იყო პრობლემა, არც დანა და ჩხუბი გვიკვირდა, მაგრამ იმ დროს არ ხდებოდა მსგავსი, საიდან ამ პატარა ბავშვებში ასეთი სადიზმი?

დათო 25 აგვისტოს გახდა 17 წლის... ჩვენ მამა-შვილი კი არა, უახლოესი მეგობრები ვიყავით, ჩემზე ბევრად მაღალი იყო და მეამაყებოდა, შევხაროდი...

სასამართლო, სავარაუდოდ, დახურული იქნება, შეიძლება არც მე დამასწრონ. არ ვიცი, რას იზამენ.

"ჩხუბის მონაწილეები სიმართლეს მალავენ"

ინტერვიუზე დაგვთანხმდა დავით სარალიძის უახლოესი მეგობარიც, რომლის ვინაობას მიზეზთა გამო არ ვასახელებთ.

- დათო ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, სულ ერთად ვიყავით, იმ დღის გარდა. ბიჭებს შორის დავა სკოლის საპირფარეშოდან დაიწყო, სადაც დათო არც ყოფილა, ვიდეოთვალითაც შეიძლება ამის ნახვა. ის სკოლიდან გარეთ გამოსულა მოსაწევად და როცა დაუნახავს მიმავალი მეგობრები, მათ გაჰყვა ხორავას ქუჩაზე. დაპირისპირება სხვებს შორის მოხდა, დათო არაფერ შუაში იყო. არ უნდა გაჰყოლოდა მეგობრებს? ჩხუბის მონაწილეები სიმართლეს მალავენ და ჩვენებაში ამბობენ, არ გვახსოვსო. იქ ვიყო და არ მახსოვდეს, რას ნიშნავს? დათო ძალიან ძლიერი იყო და მუშტით რას მოერეოდნენ? ამიტომაც გადაწყვიტეს დანით გასწორება. ბიჭები საქმის გასარჩევად პირდაპირ სკოლიდან წავიდნენ და გამორიცხულია დათოს დანა ჰქონოდა, ისედაც არ ატარებდა. ხშირად უთქვამს კიდეც, ადამიანს მოსაკლავად ვერასდროს გავიმეტებო. არ იყო მოძალადე, აგრესიული და ჩხუბის მოყვარული. დათო რამდენიმე ბიჭის მოკლულია და ყველაფერს, ალბათ, ვერც გავიგებთ. ძალიან ცუდია, როცა ძმაკაცს გიკლავენ და სიმართლის თქმას გაურბიხარ. ეს არის მეგობრობა, როცა მკვლელებს ხელს აფარებ?

მორიგი გარჩევის მსხვერპლი...

19 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სკვერში, მოზარდებს შორის მორიგი გარჩევისას, 15 წლის მ.მ.-ს გულმკერდისა და მუცლის არეში ხუთი ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილი კერძო სკოლის - "ოქროს აკვანი" მეათეკლასელი მოსწავლე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდარიდან ორი დღის შემდეგ სამართალდამცველებმა 2000 წელს დაბადებული ჯ.ჩ. წეროვანში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში მ.მ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი არასრულწლოვანი ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოჯადოებული სამკუთხედი: მსხვერპლი, მოძალადე და გადამრჩენელი

დალი ლაშხიძე, ფსიქოთერაპევტი: - მოძალადედ ყალიბდება ადამიანი, რომელიც ოდესღაც თვითონ იყო ძალადობის მსხვერპლი. მას ასე მიაჩნია - უსაფრთხოდ რომ ვიყო, თვითონ უნდა გავხდე მოძალადე. აგრესია მნიშვნელოვანი ფენომენია, რომელიც ადამიანს განვითარებისთვის, სწავლისთვის, წინსვლისა და თავდაცვისთვის სჭირდება, მაგრამ თუ აგრესია კარგავს ჯანსაღ ფუნქციონირებას, მაშინ ეს ფენომენი საფრთხედ გადაიქცევა, უმართავი ხდება, ის უკვე ვიღაცის დაჩაგვრის ხარჯზე გამარჯვებაზეა ორიენტირებული.

მშობლების ამოცანა, სამწუხაროდ, მხოლოდ ის არის, რომ ოჯახი მატერიალურად უზრუნველყონ, რის გამოც შვილებთან დაშორება უწევთ. არის მეორე უკიდურესობაც, როცა მშობლები ზედმეტად ერევიან შვილის აღზრდა-განათლებაში და ბავშვს თავისუფლებას ართმევენ. დიდი შეცდომაა, როდესაც მშობელი შვილს უჩიჩინებს, რომ ყველაფერში პირველი უნდა იყოს, სხვამ არ უნდა აჯობოს, ყველაზე კარგი და წარმატებული უნდა იყოს...…არის მშობლის ორი უკიდურესობა - ერთს საერთოდ არ აინტერესებს, სწავლობს თუ არა მისი შვილი, მეორე კი ზედმეტად და საზიანოდ ერევა. ასეთი დამოკიდებულება შობს სხვადასხვა ტიპის არაჯანსაღ აგრესიას, რომელიც ბავშვებს აქცევს მსხვერპლებად და მოძალადეებად. შემდეგ გამოჩნდებიან გადამრჩენელები და ისინი ერევიან საქმეში. ასე რომ, ტიპური სამკუთხედი იკვრება, რომელიც ფსიქოლოგიაში ცნობილია "კარპმანის სამკუთხედის სახელწოდებით. ეს არის მოჯადოებული სამკუთხედი - მსხვერპლის, მოძალადისა და გადამრჩენლის სოციალური თამაში. საქმე ის არის, რომ ეს როლები არ არის სტატიკური და ისინი იცვლებიან - ანუ ადრე ვინც იყო მოძალადე, შეიძლება მსხვერპლად გადაიქცეს, შემდეგ გადამრჩენლად და ასე იტრიალოს. ამ სამკუთხედში განვითარება არ არსებობს.

აგრესია განსაკუთრებით ძლიერდება გარდატეხის ასაკში, როცა მოზარდის ორგანიზმში ბევრი ცვლილება ხდება - ჰორმონული, სხეულის ფიზიკური ზრდა, რაც დიდი ენერგიის მოზღვავებასთან არის დაკავშირებული და ხშირად უკონტროლო ხდება, მოზარდმა არ იცის, რაში და როგორ დახარჯოს ის. მეორე მხრივ, როცა ძალა მემატება, მანამდე თუ პატარა, სუსტი და დაჩაგრული ვიყავი, ახლა ფიზიკურად შემიძლია წინააღმდეგობა გავუწიო, მანამდე თუ მცემდნენ, ახლა მეც შემიძლია პასუხის დაბრუნება. ჩემზე ხომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იმარჯვებდნენ, მაკეთებინებდნენ იმას, რაც უფროსებს უნდოდათ და ახლა არ გავითვალისწინებ სხვების მოთხოვნებს.

განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში ადამიანს აქვს მოთხოვნილება, რაღაცას მიეკუთვნებოდეს, რათა იყოს დაცული. ამ ასაკში მოზარდი ხდება რისკიანი, ბევრად უხეში, მათთვის მშობლები კარგავენ ავტორიტეტს და ავტორიტეტები ხდებიან ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად ძლიერი თანატოლები. ბავშვები ეძებენ გარემოს, სადაც მოთხოვნებს დაიკმაყოფილებენ - სადაც მათ მიიღებენ, აღიარებენ და დაცულადაც იგრძნობენ თავს, ანუ არსებობის განცდა ექნებათ. ეს ე.წ. ავტორიტეტებიც ოდესღაც ძალადობის მსხვერპლი არიან. ძალადობა დაშინებისა და მანიპულაციის გზით უფრო მისაღწევია, ვიდრე ფიზიკური ძალით. თანამედროვე ბავშვი, რომელმაც არ იცის, რა არის თავისი ინტერესების სფერო, დაკარგული ადამიანია, რომელსაც არა აქვს ცხოვრებაში მიზანი, შემდეგ, როცა ის გამოდის აგრესიულ და ინფორმაციით დატვირთულ სამყაროში, რაც თავისთავად უკვე სტრესია, იბნევა და აღარ იცის, რა არის მისთვის სასარგებლო და რა საფრთხის შემცველი. არ იცის, როგორ დაიცვას თავი და მუდმივად ბრძოლის რეჟიმშია. როცა გარემო სტრესულია, მუდმივად ნეგატიური ინფორმაციითაა დატვირთული, როდისღა დადგება მოზარდის განვითარების ეტაპი? მით უმეტეს, თუ არ ვიცით, როგორ ვასწავლოთ მათ თავიანთი მოთხოვნილებების იდენტიფიცირება და არჩევნის გაკეთება. ეს კი პირდაპირ არის დაკავშირებული მოზარდში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარის განვითარებასთან.

სამწუხაროდ, არ არსებობს გამოკვეთილი სახელმწიფო დაკვეთა, თუ როგორ მოქალაქეს ვზრდით, არა გვაქვს ვალიდური საგანმანათლებლო სისტემა. ამიტომაც ე.წ. ქურდული აზროვნების გადმონაშთებმა იმძლავრა და ნელ-ნელა იკავებს ჩვენი მომავალი თაობის ცნობიერებას. ამ პრობლემის დასაძლევად უნდა გაერთიანდეს ყველა ინსტიტუტი - სკოლა, ოჯახი, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები, მკვლევრები, საკანონმდებლო, სამართლებრივი, კულტურული ინსტიტუტები, რათა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე.

ნანა ფიცხელაური