"დაბრუნდა ვენდეტა" - მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"დაბრუნდა ვენდეტა" - მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობის ახალი დეტალები

დღეს მესტიის საკრებულოს დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით. მათივე განცხადებით, ცნობილია მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა და მის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ლომარ ნიგურიანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაცვლილი იყო. მესტიის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გარდაცვლილს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ორი ჭრილობა ჰქონდა.

"მოყვანამდე იყო გარდაცვლილი, მაგრამ ჩვენ მაინც შევიყვანეთ საავადმყოფოში და გარკვეული პროცედურები ჩავუტარეთ. მისი მეუღლე საავადმყოფოში მორიგე იყო და იმ დროს იქ იმყოფებოდა", - აცხადებენ საავადმყოფოში.

ადგილობრივების ცნობით, მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთი გახდა. მათივე თქმით, გარდაცვლილი და ის პირი, ვინც მას, სავარაუდოდ, ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა, ახლობლები იყვნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზურა მელიქიშვილისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი.

"მკვლელობის მოტივზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ვარკვევთ დეტალებს და ალბათ, დაველოდებით იმ ვერსიებს, რაზეც გამოძიება იმუშავებს. ფაქტია, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი კრიმინოგენური ვითარება, წახალისებულია კრიმინალი, დაბრუნდა ვენდეტა და იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური ნება იყოს კრიმინალის წინააღმედგ ბრძოლა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კომუნისტურ რეიდებს გვთავაზობს", - განაცხადა მელიქიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"