"ლიკვიდირებულები ჩატაევის უერთგულესი ადამიანები იყვნენ" - ვინ არიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები?! - კვირის პალიტრა

"ლიკვიდირებულები ჩატაევის უერთგულესი ადამიანები იყვნენ" - ვინ არიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები?!

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთ თვეზე ცოტა მეტი დროის გასვლის შემდეგ - 26 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში სპეცოპერაციები ჩაატარა, რომელთა შედეგადაც დაკავებულია საქართველოს 5 მოქალაქე - 4 პანკისის ხეობაში, ერთი კი თბილისში.

დაკავებულები არიან: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს უკანასკნელი დაკავების ოპერაციისას სამართალდამცავებმა დაჭრეს, მისი მდგომარეობა კვლავაც მძიმეა.

სუს-ში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა თქვა, რომ "დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს".

"გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში", - განაცხადა გიორგობიანმა.

სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული და ლიკვიდირებული პირების გეგმებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში - უფრო კონკრეტულად კი, მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა.

ვინ არის შოაიფ ბორზიევი?

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ოფიციალურად გახდა ცნობილი 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია.

"საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი. იგი რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა: რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადსხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა, და ასლანბეგ სოლტახმადოვი", - განცხადა ნინო გიორგობიანმა.

"ინტერპოლის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შუიაფ ბორზიევზე გარკვეული ინფორმაცია მოიპოვება. ის 23 წლისაა, დაბადებულია 1994 წლის 27 ივლისს, ჩეჩნეთის პატარა დასახლებაში ახკინჩუ-ბორზოიში. ბორზიევი რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ იძებნებოდა არალეგალურ შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობისთვის. ამჟამად ბორზიევს საქართველოში წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული

ინტერპოლის სიაში თბილისის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ასლამბეგ სოლტახმადოვიც იძებნება.

საიტის მონაცემებით, ის ჩეჩნეთში, სოფელ მაირტიპში 1984 წლის 7 აპრილს დაიბადა. რუსეთის მიერ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობისთვის იძებნებოდა.

იგივე მონაცემები სოლტახმადოვზე მითითებულია რუსულ საინფორმაციო წყაროებშიც- იმ ფიზიკურ პირთა სიაში, რომლებსაც ბრალი ედებათ ექსტრემისტულ ან ტერორისტულ საქმიანობაში.

როგორც "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი ნინო ბურჭულაძე აცხადებს, ასლამბეგ სოლტახმადოვი და იბრაგიმ ადაშევი ბოლო წლების განმავლობაში მიიჩნეოდნენ აჰმედ ჩატაევის უერთგულეს ადამიანებად, რომლებიც ჩატაევს წუთითაც კი არ ტოვებდნენ და მისი პირადი დაცვის ფუნქციასაც ითავსებდნენ.

ვინ დააკავეს 2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაციებისას

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას სპეცრაზმელებმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას დაჭრეს. სუს-ში განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ დაჭრილის ოჯახის წევრები. თემირლანის დედა, მედეა მაჩალიკაშვილი, ამბობს, რომ სპეცრაზმელებმა მის შვილს საწოლში მძინარეს ესროლეს.

სპეცოპერაციის დროს კიდევ ერთი დაკავებული რამაზ მარგოშვილია. ის თბილისში აიყვანეს. მარგოშვილის ოჯახი პანკისში ცხოვრობს. როგორც დაკავებულის მეუღლემ, ლია დოიშვილმა განაცხდა, სპეცრაზმელები მათთან სოფელშიც მივიდნენ.

"ლოგინი რომ ალაგებელი დახვდა, თქვეს, გაიქცაო, და ყველგან ეძებდნენ. 19 წლის და 16 წლის ორი ბავშვი დილამდე დაბმული ჰყავდათ. არსად არ გვიშვებდნენ, ტელეფონები ჩამოგვართვეს. რომ ჩხრეკავდნენ, თვითონაც იძახდნენ, არაფერი არ არისო", - განაცხადა ლია დოიშვილმა.

მარგოშვილი თბილისში ნაქირავებ ბინაში დააკავეს, როგორც ბინის მეპატრონეებმა განაცხადეს, მათ ბინა ორ სტუდენტზე ჰქონდათ გაქირავებული და მარგოშვილი იქ არასდროს უნახავთ.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას ასევე დააკავეს: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი და ბადურ ჩოფანაშვილი.

იხილეთ ასევე: "დაკავებულები უკანონოდ შემოსვლაში დაეხმარნენ" - იხილეთ რუკაზე, საიდან შემოვიდა ჩატაევი საქართველოში?

მოამზადა ეკა გადახაბაძემ