"ხეობაში ხალხს უნდა სიმშვიდე" - პანკისელი უხუცესებისა და სუს-ის წარმომადგენლების შეხვედრის დეტალები - კვირის პალიტრა

"ხეობაში ხალხს უნდა სიმშვიდე" - პანკისელი უხუცესებისა და სუს-ის წარმომადგენლების შეხვედრის დეტალები

ხეობის უხუცესებთან შეხვედრა გვქონდა, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრა თელავში, გუბერნატორის ადმინისტრაციაში შედგა.

"ხეობის უხუცესებთან ინფორმაციული შეხვედრა გვქონდა. ჩვენ მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რადგან არსებობს ბევრი ვერსია და საჭირო იყო სწორი ინფორმაციის მიწოდება,რომ არ მოხდეს არასწორი ინფორმაციების გამო დაპირისპირება. ვფიქრობ, შეხვედრამ შედეგი გამოიღო. გარდა ამისა, განხილული იყო ხეობაში არსებული სხვა პრობლემებიც", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრის, ელიზბარ მარგოშვილის განცხადებით, შეხვედრა დროული და ეფექტური იყო.

"პანკისის ხეობის 10 -მდე უხუცესი თელავში შევხვდით გუბერნატორს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს. ჩვენ, ჩვენი პოზიცია გავაცანით, მათ თავისი გაგვაცნეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს თავისი. ჩვენ ვთქვით, რომ გვინდა დროულად და ობიექტურად იქნას გამოძიებული სპეცოპერაციის საქმე. ასევე ვისაუბრეთ ხეობაში არსებულ განათლების, უმუშევრობის და ყოველდღიური პრობლემების შესახებ. ხეობაში ხალხს უნდა სიმშვიდე და ეს შეხვედრა ამისთვის იყო საჭირო" , - განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრმა ელიზბარ მარგოშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"