"ყოველი დღე ჯოჯოხეთური იყო"
09-01-2018
"ყოველი დღე ჯოჯოხეთური იყო"
ვისში გაცვალეს აფხაზებმა შვილების საფლავების მოსავლელად ჩასული ქართველი?!

თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის­ დრანდის ციხის ქართველი პატიმარი გიორგი ლუკავა ოჯახს დაუბრუნდა. გალის რაიონიდან დევნილი 2011 წლის მაისში სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს - ენგურს იქით შვილების საფლავების მოსავლელად იყო ჩასული და გუდაუთის ბატალიონის მეთაურმა, რაულ ამიჩბამ დააკავა.

ერთი ვერსიით, ლუკავა გალში ადამიანების გატაცების ფაქტს აპროტესტებდა­ და ამბობდა, რომ ეს ბიზნესი არავის უნდა შერჩენოდა. ადგილობრივ მილიციას ეს ინფორმაცია მიუტანეს და შედეგმაც
არ დააყოვნა... კიდევ ერთი ვერსიით, ლუკავაზე გუდაუთის ბატალიონი­ წლების განმავლობაში ნადირობდა და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა. ასეა თუ ისე, ლუკავას ოჯახისთვისაც მოულოდნელად, ის აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს გადმოსცა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ეს არის მხარეებს შორის
ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთობის პოზიტიური მაგალითი, თავად ლუკავა კი ამბობს, რომ ის ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოთხოვნითა და აფხაზური მხარის ჩარევით ცხინვალელ პატიმარზე ან პატიმრებზე გაცვალეს.

ლალი ბასარია, გიორგი ლუკავას­ მეუღლე:
"გიორგის გათავისუფლების­ შესახებ დრანდის ციხეში მყოფი პატიმრი­სგან­ გავიგე. დამირეკა, გიორგი "წითელი ჯვრის" მანქანას მიჰყავსო. დავრეკე ჩვენს სამინისტროში და მითხრეს, რომ გაათავი­სუფლეს... ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ღამე საერთოდ არ სძინავს... არც ციხემდე ჰქონდა ბედნიერი­ ცხოვრება - სამი შვილი დაგვეღუპა. ორი ახალშობილი გულის მანკით­ გარდაიცვალა, მესამე კი... 1996 წელს გიორგის ასაყვანად აფხაზები შინ შემოგვიცვივდნენ, ერთმა ავტომატი მომიქნია, კონდახი 3 წლის ბავშვს თავში მსოხვდა და..."

2016 წლის მარტში, გორის ტერაქტში­ ბრალდებულების სანაცვლოდ, დრანდის ციხიდან 8 ქართველი გაათავისუფლეს. მათთან ერთად გიორგიც უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრეს... მაშინდელი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობდა, რომ გიორგი ლუკავას სახელით წერილი მიიღეს, სადაც ის გათავისუფლებაზე თავად აცხადებდა უარს. თუმცა ლუკავამ ეს ინფორმაცია უარყო...

გიორგი ლუკავა: -
მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ქართულ და აფხაზურ მხარეებსაც... სეპარატისტების ტყვე ვიყავი­ და აფხაზეთის ციხეში კარგად ნამდვილად არ მომექცეოდნენ. მთავარია, ცოცხალი ვარ, შვილები და შვილიშვილები ვნახე... ციხეში ყოველი დღე ჯოჯოხეთური იყო. როდესაც­ სხვა გამოსავალი არა გაქვს, ყველაფერს ეჩვევი­ - ძალ­ადობას, ცემას, მუქარას, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, ვითომ რომ მიშვებდნენ - ციხის კარამდე მივიდოდი და შემდეგ უკან მაბრუნებდნენ, არ გამოვიდა შენი სამშობლოში დაბრუნებაო. ციხეში წლები მქონდა გატარებული, მაგრამ როდესაც ეზომდე მოსულს ისევ საკანში მიწევდა შებრუნება, ეს სიკვდილზე მეტი იყო... იქ დრო არ გადის, ყველა სეზონი ერთნაირია, დღე და ღამეც კი ერთმანეთს ჰგავს. პატიმრები არც ვკითხულობდით, კვირის რომელი დღე იყო, რომელი საათი... დანაშაული არ მიღიარებია, ხელი არაფერზე მომიწერია, მაგრამ სასჯელს მაინც ვიხდიდი.

- ბოლო შემთხვევაზე გქონდათ ინფორმაცია, რომ გათავისუფლებდნენ?

- ღამე იყო, როდესაც მოვიდნენ და მითხრეს, ბარგი ჩაალაგე, მიდიხარო. არ მჯეროდა, რადგან წინ არაერთი მწარე გამოცდილება მქონდა. როდესაც "წითელი ჯვრის" მანქანაში ჩავსხედით, არც ვიცოდი, სად მივდიოდით, მაგრამ ენგურის ხიდი რომ დავინახე, შვებით ამოვისუნთქე, თუმცა მაინც არ მტოვებდა შიში, რომ ისევ უკან დამაბრუნებდნენ... ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, მგონი, ცხინვალს გადასცეს ჩვენებმა ვიღაც...

P.S. არსებული ინფორმაციით, დრანდის ციხეში რჩება კიდევ ერთი ქართველი პაატა როგავა. მანუჩარ წუშბაია ლუკავას გათავისუფლებიდან რამდენიმე ხანში გამოუშვეს.

"გვიპასუხონ, რატომ გაათავისუფლეს ლუკავა!"

გიორგი ლუკავას გათავისუფლებას სოციალური ქსელით გამოეხმაურნენ აფხაზებიც. ისინი ხაჯიმბას ხელისუფლებისგან ითხოვენ ინფორმაციას, რის სანაცვლოდ გაათავისუფლეს ქართველი პატიმარი. ოპოზიციური პარტია "აინარი" მასშტაბურ აქციებს აანონსებს.

ოქსანა ტურნანბა:
"ლუკავა "ტყის ძმების" წევრი იყო და დაუნდობლად­ ხოცავდა აფხაზებს. "ის და მისნაირები სააკაშვილის ხელისუფლების დროს ცოტა მიაჩუმეს, შემდეგ ისევ შეუდგნენ ძველ საქმეს... აფხაზურმა მილიციამ ისინი აიყვანა, თუმცა, ჩვენი ხელისუფლება მათ ფულის ან გარიგების სანაცვლოდ ათავისუფლებს. არ არის გამორიცხული, რომ ისინი ხვალ-ზეგ ისევ აფხაზეთის ტყეებში დაბრუნდნენ".

ირინა არშბა:
"არ მინდა დავუშვა, რომ ლუკავა ვიღაც ნარკომან ოსზე გაცვალა ჩვენმა "ჰუმანურმა"­ ხელისუფლებამ. ყველაფერთან ერთად, ეს კაცი დრანდის ციხის ბუნტის ორგანიზატორია. მაშინ რამდენიმე პატიმარი გაიქცა. ჩვენ რომ ნორმალური საზოგადოება ვიყოთ, უნდა ვაიძულოთ, გვიპასუხონ, რატომ გაათავისუფლეს ქართველი პატიმარი".

ლალი პაპასკირი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები