ზვიად რატიანი: "ეს აფექტში მყოფი ნაცემი და დამცირებული ადამიანის რეაქციაა" - კვირის პალიტრა

ზვიად რატიანი: "ეს აფექტში მყოფი ნაცემი და დამცირებული ადამიანის რეაქციაა"

პოეტ ზვიად რატიანის ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა სასამართლოში გადაინაცვლა. მოსამართლემ ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე მუხლში დამნაშავედ ცნო. თავად პოეტი პოლიციელებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ბანკომატთან მდგომს სამოქალაქოფორმიანი რამდენიმე პირი მიუახლოვდა და დამცინავად ჰკითხა, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი:

"ვიყავი ნასვამი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. მე რაც გავიგე, შეიძლება სისულელედ ჟღერს, მაგრამ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. სამოქალაქოფორმიანი 8 სამართალდამცავი მირტყამდა, ძირითადად, თავის არეში. სხეულზეც მაქვს დაზიანებები. მეც ვუწევდი წინააღმდეგობას... ორი საათი ვიყავი მანქანაში. იარაღით მუქარა არ ყოფილა, მხოლოდ ხელკეტი ჰქონდათ. საათობით გაგრძელდა ჩემი წვალება. როცა იზოლატორში მიმიყვანეს, იქ კარგად მექცეოდნენ, ექიმიც მოვიდა". რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან იმავე დღეს გაათავისუფლეს.

ამ ფაქტით აღშფოთებულმა საზოგადოების ნაწილმა შს მინისტრისა და ძალოვანებისგან დროული რეაგირება მოითხოვა... მოკვლევა გენინსპექციამ დაიწყო და საბოლოო გამოძიებამდე ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერეს. მოგვიანებით ჩანაწერი გაავრცელეს, სადაც ჩანს, რომ პოეტი აგინებს ძალოვანებს, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრმა დაგმო რატიანის ქმედება და ძალოვანებს მისი დასჯისკენ მოუწოდა, ნაწილი კი აცხადებს, რომ მათ არ ჰქონდათ ამ მასალის გავრცელების უფლება, ჩანაწერშიც ეჭვი შეიტანეს და სრული ვერსიის გამოქვეყნება მოითხოვეს.

იმ დროს, როცა მოსამართლე ქეთევან მინაშვილი რატიანის საქმეს განიხილავდა, საქალაქო სასამართლოს ეზოში პოეტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და აქცია-პერფორმანსიც გამართეს... მოსამართლემ რატიანი როგორც პოლიციის დაუმორჩილებლობაში, ასევე წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თან ბრალდებულს განუმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ საახალწლო დღეების გამო მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალი ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდაო".

ანა ნასრაშვილი, რატიანის ადვოკატი: - მოსამართლის განმარტება არაეთიკურია და სამართლისგან შორს დგას. თუკი თვლიდა საჭიროდ, რომ გამოეყენებინა პატიმრობა, ახალი წელი ამას ხელს ვერ შეუშლიდა. რაც შეეხება ბრალს, მიგვაჩნია, რომ წვრილმანი ხულიგნობა მას არ ჩაუდენია. ამის მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოჩანაწერის გამოყენების უფლებას პოლიციას არც ერთი სამართლებრივი აქტი არ აძლევს. ეს არის ფრაგმენტული ჩანაწერი და არ ასახავს სრულ სურათს. რატიანი ამბობს, რომ დაკავების შემდგომ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციას, მაგრამ ეს განაპირობა იმან, რომ მანამდე მას აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოსამართლეს ისიც კი არ უკითხავს, რატომ იყო ეს ვიდეო სამწუთიანი, როცა ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა ინციდენტი.

ზვიად რატიანი: "ეს კადრები სასამართლო პროცესზე ვნახე... ეს აფექტის მდგომარეობაში მყოფი შეურაცხყოფილი, ნაცემი და დამცირებული ადამიანის რეაქციაა... ეს ფრაგმენტებია და არა დასაწყისი, რაც მოხდა, მხოლოდ მას შემდეგ არის გადაღებული..."

ბექა დოჭვირი, შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი: "სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ბატონმა ზვიადმა, ფაქტობრივად, აღიარა სამართალდარღვევა. რაც შეეხება მის ბრალდებებს პოლიციელების მიმართ, მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ მაქსიმალურად ობიქტურები ვიქნებით. გეთანხმებით, რომ ვიდეომასალის გავრცელება არასასიამოვნო ფაქტი" იყო".

თეა ხურცილავა