XXI საუკუნის მძარცველებში ქართველებიც არიან - კვირის პალიტრა

XXI საუკუნის მძარცველებში ქართველებიც არიან

საბანკო აფერა, ანუ ჩემი ფული სხვის ჯიბეში?!

"უცოდველი" ბანკები და გულგახეთქილი კლიენტები

ბანკები პლასტიკური ბარათების უპირატესობას იმით ხსნიან, რომ ბარათებიდან თანხის დაკარგვის შანსი თითქმის არ არსებობს. თანხის დაკარგვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უსაფრთხოების წესებს დაარღვევს, მაგალითად, ბარათს სხვას გადასცემს, ან თავის პინ-კოდს ვინმეს გაანდობს. მიუხედავად ამისა, საქართველოში არაერთმა მოქალაქემ დაკარგა ბარათიდან არცთუ მცირე თანხა, თუმცა უსაფრთხოების არც ერთი წესი არ დაურღვევია...

როგორც გაირკვა, არც ერთი ბარათი - ოქროს, ვერცხლისა თუ ჩიპიანი უსაფრთხო არ ყოფილა. რამდენიმე დღის წინ 14 ქვეყანაში ერთდროულად ჩატარდა უნიკალური სპეცოპერაცია. სამართალდამცველებმა უმსხვილესი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.

მას ბრალად ედება პლასტიკური ბარათების გაყალბება, ფულის გათეთრება, ადამიანებით ვაჭრობა. დაკავებულთა ვინაობას არ ახმაურებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიციამ  აღმოაჩინა 22 იატაკქვეშა ლაბორატორია, რომელიც სპეციალური მოწყობილობებით იყო აღჭურვილი.

აქ აყალბებდნენ ბარათებს და ქმნიდნენ ეგრეთ წოდებულ მაკოპირებელ მექანიზმებს (ყოველ ბარათს აქვს გადაკრული შავი ლენტი. ეს არის სპეციალური ფირი, სადაც დატანილია სპეციალური შიფრი). გლობალური დანაშაულებრივი ქსელისგან სამართალდამცველებმა 20 მილიონი ევრო ამოიღეს.

KvirisPalitra.Geდამნაშავეები ბარათების კლონირებისთვის რამდენიმე მეთოდს იყენებდნენ. კერძოდ, ბანკომატებსა და  ტერმინალებში ამონტაჟებდნენ სპეციალურ მექანიზმს, რომელიც გამოყენებული ბარათის სკანირებას ახდენდა. ინფორმაციის მიღების შემდეგ მათ შეეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი ბანკომატიდან ან ტერმინალიდან თანხების გამოტანა. ერთ-ერთი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ქართველებიც არიან.

სპეცოპერაციის დღეს ესპანურმა პოლიციამ რუსული მაფიის რამდენიმე ლიდერი დააკავა, რომელთა შორის  ქართველი კანონიერი ქურდიც იყო. დაჯგუფებას ჰქონდა ქსელი სპეციალური სტრუქტურებით, სადაც ესპანეთისა და ამერიკის სპეცსამსახურების ვარაუდით დაახლოებით 3000 კაცი იყო დასაქმებული. ვიზა-ბარათების გაყალბების ეს მექანიზმი საერთაშორისო დონის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დანაშაულად აღიარეს, მაგრამ ექსპერტების ვარაუდით საქმე უფრო შორს წავა, - არ არის გამორიცხული ამ დანაშაულში ბანკები, ტერმინალებისა და ბანკომატების  მწარმოებლებიც აღმოჩნდნენ KvirisPalitra.Geგარეული!

ეგრეთ წოდებული ოქროს სუპერდაცული ბარათებიდან გამქრალ ათასობით ევროს თუ დოლარს საქართველოს მოქალაქეებიც დიდი ხანია ითვლიან.

ზურა თოდუა, ადვოკატი: - ბანკები  მოქალაქეებს არწმუნებენ, პლასტიკური ბარათები, "ორანჯ" თუ "გოლდ" ბარათები ფულის შენახვის საუკეთესო და უსაფრთხო საშუალებააო, მაგრამ ეს სიცრუე გამოდგა. არც ერთი მოქალაქე არ ყოფილა დაცული ამ ბარათებზე დარიცხული ქონების ხელყოფისაგან.

საქართველოს მოქალაქეების პლასტიკურ ბარათებზე დარიცხული თანხებიდან სისტემატურად იხსნება თანხები ისე, რომ ბარათის მესაკუთრემ ამის შესახებ არაფერი იცის. ბანკი კი მომხმარებელს  პრეტენზიას უყენებს და გახარჯული თანხის ანაზღაურებას ითხოვს.

მოქალაქეები ხშირად ვერ ადასტურებენ თავიანთ უდანაშაულობას  და უწევთ არა მარტო "გახარჯული", არამედ დარიცხული პროცენტების გადახდაც. ამ ეტაპზე სასამართლოში წარმოვადგენ მოქალაქის ინტერესებს, რომელსაც "ბაზისბანკმა", როგორც სანდო და საუკეთესო კლიენტს, საჩუქრად 7-ათასევროიანი "გოლდ" ბარათი გადასცა. 2009 წლის 22 სექტემბერს ჩემი კლიენტის ბარათიდან მოულოდნელად 4.800 ევრო მოიხსნა. ბანკის მონაცემებით, მან ეს თანხა საფრანგეთში, მაღაზიებში დახარჯა.

KvirisPalitra.Geგიორგი გ.: - ბანკში მაჩვენეს ამონაწერები, სადაც მითითებული იყო, რომ პარიზში 4.800 ევრო დამიხარჯავს. ბუნებრივია, არ დავეთანხმე, რადგან იმ დროს არც პარიზში ვყოფილვარ და არც ეს თანხა დამიხარჯავს. "ბაზისბანკში" თანხა მქონდა და ისიც "გოლდ" ბარათზე გადავიყვანე, რადგან ოჯახთან ერთად უცხოეთში ტურისტული მოგზაურობა მქონდა დაგეგმილი.

საზღვარგარეთ ჩემი თანხაც დავხარჯე და ბანკის 3000 ევროც. დავბრუნდი თუ არა საქართველოში, დახარჯული თანხა შევავასე, 20 ევროთი მეტიც გადავიხადე, გაუგებრობა არ მოხდეს და პროცენტები არ დამარიცხონ-მეთქი. 9 თვის შემდეგ დამირეკეს "ბაზისბანკიდან", პროცენტი გაქვთ შემოსატანიო. გამიკვირდა, ბარათი არ მიხმარია, 20 ევროთი მეტი მქონდა გადახდილი და რა პროცენტი მაქვს დარიცხული-მეთქი?

ბანკში გავიგე, რომ 4.800 ევრო ერთ დღეს 10 ოპერაციით ათენსა და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში იყო მოხსნილი, თანაც განაღდების ჩეკებზე, ჩემი ხელმოწერის გარდა, ყველას ხელმოწერა იყო დატანილი არაბულად, ფრანგულად, ესპანურად, სხვათა შორის, ქართულადაც. ეტყობა, ბანკშიც მიხვდნენ, რომ რაღაც ვერ იყო წესრიგში, რადგან ერთ დღეში 15-20-წუთიანი ინტერვალით ერთი კაცი ამ თანხას ერთდროულად ათენსა და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ვერ დახარჯავდა.

დაიწყეს შიდა გამოძიება. მითხრეს, 45 დღე დაგვჭირდებაო. მეგონა, რაღაცას გაარკვევდნენ. ორი თვის შემდეგ დამირეკეს და "მახარეს", იმ 4.800 ევროდან 1.900 დაბრუნდა, მაგრამ 2.900 თქვენ გაქვთ გადასახდელიო. ეტყობა, უსაფრთხოების წესები არ დაიცავით, ბარათი თქვენს მეგობარს ათხოვეთ და იმან გამოიტანა თანხა, ხელმოწერაც მისია, ან საფრანგეთში ყოფნისას რესტორანში ბარათი მიმტანს გაატანეთ და იქ გააკეთეს თქვენი მონაცემების კოპირებაო. არადა, ბარათი არც მეგობრისთვის მითხოვებია და არც რესტორანში მისარგებლია ბარათით.

მიუხედავად ამისა, მიჩივლეს. საარბიტრაჟო სასამართლოდან უწყება მივიღე, რომ 10 დღეში უნდა დამეფარა 2.900 ევრო. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრე, თანაც იმდენი ვინერვიულე, რომ საბოლოოდ გულში სტიმულატორის ჩაყენება დამჭირდა. ეს "სიამოვნება" 6.000 ლარი დამიჯდა. ამ ამბიდან  ერთი თვე არ იყო გასული, ჩემს მეგობარს, რომელიც ასევე "ბაზისბანკის" კლიენტი იყო, 7 ათასი დოლარი მოუხსნეს ბარათიდან.

ზურა თოდუა: - საბანკო ქვითრებზე შესრულებული არც ერთი ხელმოწერა არ ემთხვეოდა ჩემი კლიენტის ფაქსიმილეს, 4 ქვითარი ხელმოუწერელი იყო. ბანკმა კი რატომღაც არაფერი იკითხა, ისე გადარიცხა ეს თანხა - ისმის კითხვა: რატომ? სხვათა შორის, სამართალდამცველებმა ამ ბარათების დამამზადებელ საერთაშორისო კომპანიას, ცნობილ ბრენდს "ვიზა ინტერნეიშენალსაც" უნდა მიმართონ. ცხადია, არსებობდა ჩემი კლიენტის რამდენიმე ბარათი ერთი და იმავე მონაცემებით.

სხვა შემთხვევაში ერთდროულად სხვადასხვა ქალაქში თანხა ვერ მოიხსნებოდა. ბანკებისთვის იმის დამტკიცება, რომ ეს მაქინაციაა, წარმოუდგენელი რამ იყო.

თავგამოდებით გიმტკიცებდნენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ შენ იყავი დამნაშავე, რადგან არ დაიცავი უსაფრთხოების წესები. არ არის გამორიცხული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბანკებში, მათ შორის საქართველოს ბანკებშიც იყვნენ ჩანერგილი.

როგორც ერთ-ერთი ბანკის ყოფილმა ტექნიკურმა თანამშრომელმა გამიმხილა, ბარათებიდან თანხის მოხსნის უამრავი მექანიზმი არსებობს. ყველაზე გავრცელებული კი ინტერნეტმაღაზიების სქემა ყოფილა.

თაღლითები ქმნიან საიტს, ვითომ ინტერნეტმაღაზიას, სადაც თითქოს მეტად ხელსაყრელ ფასად იყიდება (შეიძლება მართლაც იყიდებოდეს) ესა თუ ის საქონელი. მოგეხსენებათ, ინტერნეტმომსახურების დროს აუცილებელია ბარათის რეკვიზიტების მითითება, რადგან ანაზღაურება ბარათით ხდება. თაღლითებიც ამას ელოდებიან და ბარათებიდან დაუბრკოლებლად ხსნიან თანხებს.

არსებობს მეორე, მეტად მარტივი მექანიზმი, რომელიც თავის დროზე ემიგრანტი ქართველების ნოუ ჰაუ იყო.

ბანკომატის იმ ნაწილს, საიდანაც თანხა გამოდის, ქართველი თაღლითები აკრავდნენ თხელ სკოჩს. თანხის გამოტანის ოპერაციას ბანკომატი ასრულებდა, მაგრამ სკოჩის გამო თანხა ბარათის მფლობელამდე ვერ აღწევდა. ბარათის მფლობელი ამას ბანკომატის პრობლემად ჩათვლიდა და გაწბილებული მიდიოდა. თაღლითები კი სკოჩს ხსნიდნენ და თანხას იღებდნენ, ან სპეციალური თუნუქის კლავიატურა-ფირფიტის საშუალებით ახერხებდნენ პინ-კოდების კოპირებას.

თანხის მოხსნის ის ხერხი კი, რომელიც ევროპელმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, კარგად მოფიქრებულია, რადგან ბანკომატებსა და ტერმინალებში მაკოპირებელი მოწყობილობების ჩამონტაჟება იოლი არ არის. მოწყობილობის დამმონტაჟებელს, სულ ცოტა, ბანკომატის ან ტერმინალის შიგთავსთან უნდა მიუწვდებოდეს ხელი.

აქ მხოლოდ ორი ვარიანტია: სპეციალური მაკოპირებელი საშუალების დამონტაჟება ან ბანკის თანამშრომლების დახმარებით შეიძლება, ან მაკოპირებელ საშუალებას თავად ბანკომატების ან ტერმინალების მწარმოებელ ქარხნებშივე ამონტაჟებენ. გაუგებარი მხოლოდ ერთი რამ არის: როდესაც მომხმარებელი ასეთი პრეტენზიით მიმართავდა ბანკებს, რატომ არ ამოწმებდნენ ბანკები ფირებს? ყველა ბანკომატზე ხომ ვიდეოთვალია დაყენებული

მიუხედავად იმისა, რომ ბარათების გაყალბების საქმეში მსოფლიოში ახალ რეალობაზე ლაპარაკობენ, საქართველოს ბანკებში ახალ რეალობას ჯერ ვერ აუწყვეს ფეხი. ბანკებიდან მიღებული კომენტარები ძველებურად ბანალური აღმოჩნდა.

თამარ ხადური, "ბაზისბანკის" საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი: - ბარათის გაყალბება შეუძლებელია, თუ კლიენტი არ არღვევს უსაფრთხოების ნორმებს, არ გადასცემს ბარათს მესამე პირს და არ კრეფს პინ-კოდს სხვისი თანდასწრებით(?). ამიტომაც პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი კლიენტზე გადადის. ამ კონკრეტულ მაფიოზურ სქემასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენი კლიენტების ინტერესებს ბოლომდე ვიცავთ და თუ საქმე ეხება კლიენტის უმნიშვნელო შეცდომას, თანხას ნაწილობრივ ან მთლიანად მაინც ვუბრუნებთ კლიენტს ანგარიშზე.

ჯემალ ჯანაშია, ექსპერტი: - ცხადია, ეს იყო ურთულესი და კარგად დამუშავებული კრიმინალური სქემა. ის, რომ გამოძიება ასაიდუმლოებს დაკავებულთა ვინაობას, იმაზე მიუთითებს, რომ ბევრი რამ კიდევ გაურკვეველია. ეს დანაშაული მსოფლიო დონის ეკონომიკურ დივერსიამდე მივიდა. ბანკებში თუ სხვადასხვა საინფორმაციო ქსელშიც ადამიანები მუშაობენ. გამდიდრებისა და მილიონების შოვნის ცდუნება დიდია და რა გასაკვირია, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ბანკებში მოძებნეს ხალხი, რომელსაც ნაირ-ნაირ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი.

როცა დამცავი სისტემის ან ტექნოლოგიის უნიკალურობაზეა ლაპარაკი, უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც ადამიანის ტვინმა და გონებამ შექმნა, არ შეიძლება ასპროცენტიანად დაცული და გარანტირებული იყოს, რადგან ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ ტექნოლოგიის გასაღებს იპოვის.

P.S. საკითხავი ის არის, რა ეშველებათ  დაზარალებულ კლიენტებს, ვინ აუნაზღაურებს მათ დაკარგულ ათასებს?