რა ნივთმტკიცებებს ეძებს მაია ნიკოლეიშვილი პანკისში?! - კვირის პალიტრა

რა ნივთმტკიცებებს ეძებს მაია ნიკოლეიშვილი პანკისში?!

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მოთხოვნით, პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტად ჩაერთო მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც პანკისის ხეობაში ჩავიდა, შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და 19 წლის დაჭრილი ახალგაზრდის დაზიანებების ამსახველ სამედიცინო ისტორიას გაეცნო. რა ნივთმტკიცებებს ეძებდა ექსპერტი და რისი გახმაურება უნდა ოჯახს? ამასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" მაია ნიკოლეიშვილი ესაუბრა.

- დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოშიც ვნახე და მისი ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტებსაც გავეცანი, თუმცა უმნიშვნელოვანესი იყო თელავში ვიზიტი. იქ მაჩალიკაშვილის მიღებისას შედგენილი ისტორია საინტერესო დეტალებს შეიცავს. შემთხვევის ადგილიც დავათვალიერე და გაცილებით მეტი ინფორმაცია მივიღე. ძალიან კარგი წარმოდგენა შემექმნა დაზიანებების მიყენების მომენტსა და სროლის მანძილზე. უფრო დეტალურად ვერ ვილაპარაკებ, ვიდრე ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას ადვოკატსა და ოჯახს არ გავაცნობ. თუ ისინი გადაწყვეტენ, შესაძლებელია დეტალების გასაჯაროებაც. მაჩალიკაშვილის ოჯახი დაინტერესებულია, ითქვას სრული სიმართლე. გული სწყდებათ, რომ სწორად არ ვრცელდება ინფორმაცია. ყველაზე მტკივნეული ეს არის მათთვისაც და საერთოდ, პანკისელებისთვისაც. ისიც გასაგებია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებს ისედაც ექნებათ ის წარმოდგენა, რაც მე იქ ყოფნისას შემექმნა, უბრალოდ, ჩვენგან განსხვავებით, ისინი ამაზე არ საუბრობენ და ეს არის პრობლემა.

- რა ინფორმაცია არ ვრცელდება ისეთი, რაზეც ოჯახს გულის სტკივა?

- არ ახმაურებენ, რა ვითარებაში მიაყენეს დაზიანება, რა მანძილიდან ისროლეს.

- ოჯახის წევრების თქმით, მძინარე დაჭრეს, აქცენტს თქვენც ამაზე აკეთებთ?

- მძინარე იყო თუ მღვიძარე, ამას ვერავინ ვერასდროს გაარჩევს... მაგრამ პოზა დაზიანების მიყენების მომენტში ბევრისმთქმელია... დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ექსპერტიზასაც იგივე დასკვნა აქვს, რაც ძნელი გასარკვევი არც იყო.

ეკა ასათიანი