"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ ტელევიზია "ისლამური სახელმწიფოს" წისქვილზე ასხამს წყალს" - კვირის პალიტრა

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ ტელევიზია "ისლამური სახელმწიფოს" წისქვილზე ასხამს წყალს"

"ცივილიზებულ მსოფლიოში პრაქტიკულად ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც ტერორიზმთან ბრძოლაში მედია და საზოგადოება სოლიდარულები არ იყვნენ საკუთარ სპეცსამსახურებისა თუ სამართალდამცავთა მიმართ"

"სპეცსამსახურებმა, რომლებმაც შეძლეს ქვეყანაში მასშტაბური ტერაქტის აღკვეთა, უსუსურნი აღმოჩდნენ  საზოგადოება საკუთარ კეთილ განზრახვაში დაერწმუნებინათ"

"საქართველოში, სამწუხაროდ, დღემდე ვერ გავაცნობიერეთ რა მოხდა, ქვეყანა დადგა რეალურად უდიდესი საფრთხის წინაშე - გახდა ტერორიზმის სამიზნე"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს პანკისის ხეობასა და თბილისში ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 4 პირი დააკავა, მეხუთე კი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა და 10 იანვარს,  კლინიკაში, 2-კვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ, გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში გუშინ დაკრძალეს. მისი ოჯახის წევრები იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვენ, ვინც მაჩალიკაშვილს ესროლა.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, 2 კვირის განმავლობაში მედიაში მომხდარის შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ბევრს ლაპარაკობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ექსპერტები, საკითხში ნაკლებად ჩახედული ადამიანები, პანკისის ხეობის უხუცესები, ბრალდებულების ადვოკატები, ხოლო დუმდა გამოძიება და ხელისუფლება.

ამ საკითხზე მომუშავე სპეციალისტებს ქართულ მედიაში გაშუქებული ტერორიზმის ამბებისა და უცხოურ მედიაში ამის გაშუქების შეფასება ვთხოვეთ.

ბადრი ნაჭყებია, ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში:

- ამ საკითხების მედიაში გაშუქებას მინუსები ჰქონდა ჯერ კიდევ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას. საზოგადოებამ ნახა, რომ ზოგიერთი ტელევიზია პერიმეტრსაც არ იცავდა და უხეშად არღვევდა როგორც თავის, ისე მოქალაქეების უსაფრთხოებას. ამას გარდა, როდესაც სატელევიზიო ეთერში გამოდიან არასპეციალისტები, არაკომპეტენტური ადამიანები და აკეთებენ შენიშვნებს ტერორისტული ოპერაციის ხარისხზე ან მის მსვლელობაზე, ეს კატეგორიულად დაუშვებელია.

რიგ ქვეყნებს აქვთ დაწესებული გარკვეული შეზღუდვა ტერორიზმთან დაკავშირებული სპეცოპერაციის მოქმედებების დროს და შემდეგაც, ანუ არსებობს გარკვეული რეგულაციები თუ რა შეიძლება დაიწეროს და რა - არა... მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ავსტრალიის კოდექსი და ურთიერთობა ჟურნალისტებთან კრიზისულ სიტუაციებში, მათ შორის ტერორისტული აქტის დროს.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, სამწუხარო ფაქტია ადამიანის დაღუპვა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის დაიღუპა ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თანაც ვისთან გვქონდა საქმე? მსოფლიოში ყველაზე საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციასთან - "ისლამურ სახელმწიფოსთან". გომელაურის უწყებამ ნოემბერში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ერთ-ერთ მთავარ მიზანს მიაღწია - არც ერთი მშვიდობიანი მოსახლე არათუ არ დაღუპულა, არც დაჭრილა, მე მგონი ანტიტერორისტული ოპერაციის მიზანი ეს უნდა ყოფილიყო, ტერორისტების  გაუვნებელყოფასთან ერთად. რაც შეეხება მაჩალიკაშვილის კონტაქტებს, რომელიც გამოძიების ცნობით, ჰქონდა ტეორორისტული ორგანიზაციის წევრებთან, რასაკვირველია, ანტიტერორისტული ოპერაციის მომზადების დროს, ალბათ იყო გამოცხადებული გარკვეულწილად უმაღლესი დონის გაფრთხილება სპეცსამსახურების ხელმძღვანელების მიერ უშუალოდ სპეცრაზმელებისათვის, რომ მათ განეხორციელებინათ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია საკმაოდ ფრთხილად, შეიძლება ამ დროს სპცესამსახურის თანამშრომელიც დაღუპულიყო, ასეთი შემთხვევა ბევრია, ჯერ ჩვენ არ ვიცით, ამ დაღუპული ახალგაზრდის ჩართულობა როგორი იყო იმ ტერორისტულ ჯგუფში, რომელსაც ებრძოდა საქართველოს სპეცსამსახური. ამას გამოძიება გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მას უშუალო კონტაქტი მაინც ჰქონდა "ისლამური სახელმწიფოს" წევრებთან.

- რამდენად მიზანშეწონილია სპეცრაზმელების ლანძღვის, მუქარის მედიაში ხელაღებით გაშუქება?

- პრაქტიკულად მიუღებელია, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი, ადვოკატი და ტელევიზია ტერორისტული ორგანიზაციის, ამ შემთხვევაში "ისლამური სახელმწიფოს" წისქვილზე ასხამს წყალს. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი შემთხვევების ასე გაშუქება, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვადევნებდით თვალს. ადრე თუ გვიან ჩვენმა პარლამენტმა უნდა შექმნას საკანონმდებლო ბაზა, რომ ასეთი კრიზისული სიტუაციების დროს განისაზღვროს ხელისუფლების, სპეცსამსახურებისა და მედიის ურთიერთობა.

ასევე ბევრს ლაპარაკობენ ხელისუფლების უნიათობაზეც, ვფიქრობ, რომ საჭიროა ანტიტერორისტულ ძალებს საქართველოში ჰქონდეთ არა მარტო ფიზიკური, თეორიული მომზადებაც. მესმის, თუ რამხელა ტრაგედია მოხდა საქართველოში, შეიძლება მაჩალიკაშვილი იყო უბრალოდ გამოყენებული და არ გამოვრიცხავ იმ ვერსიას, რომ ეს ბიჭი იყო მხოლოდ გიდი თბილისის ქუჩებში, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი სპეცრაზმელების წინააღმდეგ რაიმე ტიპის ღონისძიების გატარება ან მათი დასჯა, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რაც გვაქვს.

ნინო ბურჭულაძე, "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი:

- ცივილიზებულ მსოფლიოში პრაქტიკულად ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც ტერორიზმთან ბრძოლაში მედია და საზოგადოება სოლიდარულები არ იყვნენ საკუთარ სპეცსამსახურებისა თუ სამართალდამცავთა მიმართ. ამის მიზეზი კი ქვეყნებში ტერორიზმის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების მაღალი ხარისხია. თავად ქვეყნის ხელისუფლებაც ცდილობს საზოგადოება ყოველთვის იყოს ინფორმირებული, მაგალითად, ტერაქტის შემდგომ ან ტერაქტის აღკვეთის თუ ზოგადად ანტიტერორისტული ოპერაციების შემდგომ, მედიისთვის აუცილებლად კეთდება განცხადებები და გარკვეულ კითხვებზე პასუხს მედია იქვე იღებს გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან (ამის არაერთი მაგალითი საზოგადოებას თავადაც უნახავს, ევროპაში გახმაურებული ტერაქტების დროს). მედიაბრიფინგის დროს, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია გამოძიების ინტერესებიც და მხოლოდ იმ ინფორმაციის გასაჯაროვება ხდება, რომელზეც ღია საუბარი მოცემული ეტაპისთვის მიზანშეწონილია.

საქართველოში "ჩატაევის" ჯგუფის საქმემ გვაჩვენა, რომ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება ტერორიზმთან ბრძოლისთვის მზად არ აღმოჩნდა, სპეცსამსახურებმა, რომლებმაც შეძლეს ქვეყანაში მასშტაბური ტერაქტის აღკვეთა (ჩატაევის აქ ყოფნა სწორედ იმასზე მიუთითებს, რომ საქართველოში მასშტაბური რამ იგეგმებოდა) უსუსურნი აღმოჩდნენ საზოგადოება საკუთარ კეთილ განზრახვაში დაერწმუნებინათ, ხელისუფლებამ კი როგორც ვნახეთ, მედიის ვერც ერთ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა, რამაც კიდევ უფრო ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე ხშირ შემთხვევაში რეალობას აცდენილი პასუხები დააგროვა. საქართველოში, სამწუხაროდ, დღემდე ვერ გავაცნობიერეთ რა მოხდა, ქვეყანა დადგა რეალურად უდიდესი საფრთხის წინაშე - გახდა ტერორიზმის სამიზნე და ასეთი ფაქტები შეიძლება კიდევ მოხდეს...

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)