"ბიჭმა, ჩანთაში იარაღი მაქვს, თავი დამანებე, თორემ მოგკლავო... როცა მეზობელმა უკან არ დაიხია, ბიჭმა­ ესროლა"
"ბიჭმა, ჩანთაში იარაღი მაქვს, თავი დამანებე, თორემ მოგკლავო... როცა მეზობელმა უკან არ დაიხია, ბიჭმა­ ესროლა"
"თუ ბავშვი ჯიბით ატარებს დანას, ეს იმის ნიშანია, რომ გამოიყენებს" -  რას ჰყვება არასრულწლოვანთა დაწესებულების ყოფილი უფროსი

ხშირად გაიგონებთ, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული, რომ პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსია, რომელშიც 2010 წელს შესულ ცვლილებებთან ერთად ამოქმედდა დამნაშავე არასრულწლოვნების განრიდებისა და მედიაციის მექანიზმი. პროკურორი უფლებამოსილია შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოიყენოს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ეს ალტერნატიული საშუალება, რათა არასრულწლოვანს გამოსწორების შანსი მიეცეს. დღეს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში 19 მოზარდი იხდის სასჯელს. როცა
მიხეილ სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა, იმ წლებში არასრულწლოვანთა დაწესებულებას ხათუნა ჯაპავა­ ხელმძღვანელობდა. მას კარგად ახსოვს თითოეული საქმე.

- როცა ბავშვებს მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, ამბის მოყოლაშიც ძალიან ფრთხილობენ. 17 წლის ბიჭს მეზობლის ბიძაშვილი შეუყვარდა, მაგრამ წყვილს აუკრძალეს ურთიერთობა. ისინი მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს. ეს რომ გოგონას
ნათესავებმა გაიგეს, ბიჭი ხეზე მიაბეს და სასტიკად სცემეს. გავიდა დრო. ბიჭის მამა მონადირე იყო და ერთ დღეს შვილს სთხოვა, შინიდან სანადირო თოფი წამომიღეო. ბიჭმა აიღო თოფიანი ჩანთა და დაპირისპირებულ მეზობლებს სადმე რომ არ გადაჰყროდა, ვენახ-ვენახ წავიდა, მაგრამ ერთ-ერთს მაინც გადააწყდა. ის წინ გადაუდგა ბიჭს, აქ მოსვლა როგორ გაბედეო და მის საცემრად გაიწია. ბიჭმა, ჩანთაში იარაღი მაქვს, თავი დამანებე, თორემ მოგკლავო. მოქიშპემ შეაგინა, რისი მომკვლელი ხარო.

ბიჭმა შესაშინებლად ჩანთა გახსნა, რომ იარაღი ეჩვენებინა და როცა მეზობელმა უკან არ დაიხია, ბიჭმა­ ესროლა. მერე დაჭრილი გაათრია და სარდაფში ჩააგდო
. ამასობაში დაჭრილმა თვალი გაახილა და ფეხებში ჩაეჭიდა. შეშინებულმა ბიჭმა ფიცარი ჩაარტყა და მოკლა. მას 14 წელი მიუსაჯეს.

ასეთი ამბავიც მოხდა: ბავშვს მეგობარმა ლომბარდში ტელეფონი 60 ლარად ჩააბარებინა, ვითამაშე, სასწრაფოდ ფული მჭირდება და მალე გამოგატანინებო. ეს რომ დედამ გაიგო, შვილს სასწრაფოდ ტელეფონის მოტანა მოსთხოვა. ბავშვმა მეგობარს ვერაფერი უთხრა, სამაგიეროდ, იცოდა, რომ მეზობელს პენსია ჰქონდა აღებული და ფულის მოსაპარად შეიპარა. სახლის პატრონმა მოუსწრო, ბავშვმა ფანჯრიდან გადახტომა დააპირა, მაგრამ დაიჭირა და აყვირდა, მეზობლებო, ქურდი დავიჭირეო. ბავშვი ხელიდან რომ ვერ დაუსხლტა, სამზარეულოს დანას მისწვდა და მამაკაცს დასცხო - 54 ჭრილობა მიაყენა. მერე თქვა, ეს შიშმა გამაკეთებინა, ვაითუ, მომრეოდა და მოვეკალი, ამიტომ დავასწარიო.

ხშირად დიდი სისასტიკით გამოირჩევა არასრულწლოვანთა დანაშაულები, რადგან ისინი ვერ აკონტროლებენ ქცევას, ემოციას. თუ ბავშვი ჯიბით ატარებს დანას, ეს იმის ნიშანია, რომ საჭიროებისას გამოიყენებს.

- ვინ სცოდავს ასეთ დროს?

- როდესაც ბავშვი რთული ქცევისაა, ის არ ექვემდებარება კონტროლს. ამიტომაც აუცილებელია მჭიდრო ურთიერთობა მშობელს, სკოლასა და მანდატურს შორის.
მხოლოდ პედაგოგი ბულინგს ვერ ალაგმავს, ვერც მშობელი ახერხებს­ 16 წლის შვილის დამორჩილებას, რომელიც მეამბოხე ასაკშია. ვფიქრობ, სკოლებში დასანერგია სოციალური მუშაკის ინსტიტუტი, სოციალურ მუშაკს საშუალება აქვს, მეტად შეაფასოს რისკები და იმუშაოს იქ, სადაც საჭიროა.

მსჯავრდადებულ მოზარდებს უმეტესად არამდგრადი ოჯახები აქვთ, უმრავლესობის მშობლები დაშორებული არიან. დანაშაულის მიზეზი, ძირითადად, აღზრდის დეფიციტია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მოზარდების სწორ გზაზე დასაყენებლად. ბევრი სერვისია ხელმისაწვდომი - განათლება, ხელოვნება, ეუფლებიან პროფესიებს, აქტიურად არიან ჩართული სპორტში.

- დღეს 19 მოზარდია დაწესებულებაში, ოდესღაც 250 გყავდათ.

- მოზარდი ჩვენთან იმ შემთხვევაში ხვდება, თუ რამდენჯერმე ჩაიდენს დანაშაულს ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს სჩადის. 19 მოზარდიდან ერთი განზრახ მკვლელობისთვის არის გასამართლებული, მეორე - სხეულის დაზიანებისთვის, რასაც მოჰყვა სიკვდილი. დანარჩენები რამდენჯერმე ქურდობის ან ყაჩაღობის გამო მოხვდნენ აქ. წინა ხელისუფლების დროს 250 მსჯავრდადებული ბავშვი მყავდა. სასჯელებიც მკაცრი იყო. ისინი გარემოებების მსხვერპლი იყვნენ. ერთი შემთხვევა გვქონდა: დოლიძის ქუჩიდან სპორტის სასახლესთან რამდენიმე ბიჭი მიდიოდა, ერთ-ერთმა­ კატას ფეხი მიარტყა. გამვლელი მამაკაცი ბავშვს გაუბრაზდა. მან ენა შეუბრუნა,­ შენ ვინ გკითხავსო და ატყდა ჩხუბი. ყმაწვილებმა კაცს სცემეს, ერთმა კი დანით დაჭრა და გაიქცა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია ჩხუბის მონაწილე­ ერთ-ერთ მოზარდს. ის მაშინვე დააპატიმრეს და 12 წელი მიუსაჯეს. დამნაშავის მამა პროკურატურაში მუშაობდა და მისი შვილის ნაცვლად უდანაშაულო ბიჭი გამოკეტეს. 16 წლის შემოვიდა ჩვენთან, 18 წლის იყო, სრულწლოვანთა კოლონიაში რომ გადაიყვანეს. 3 წელია ციხიდან გამოვიდა. ბევრი უსამართლოდ დასჯილი დღემდე ციხეშია, რადგან შიგნითვე დაიმატა სასჯელი. კანონით, 18 წლიდან გადადიოდნენ­ სრულწლოვანთა დაწესებულებაში. იქ მათ სულ სხვა გარემო ხვდებოდათ, ამიტომ თუ მალე გათავისუფლება უწევდათ, მაქსიმალურად ვცდილობდი, სასჯელი ჩვენთან მოეხადათ.

მახსოვს, მე-7 საპყრობილიდან მოზარდი შემოვიდა ჩვენთან. სახე, ყბა, მენჯის ძვლები დამტვრეული ჰქონდა. შვილივით მყავდა ციხეში. ერთ წელიწადში გაათავისუფლეს, მაგრამ სკოლამ არ მიიღო - ნასამართლევი ხარო, სხვა სკოლაში კი არ მივიდა, მერე ისევ მოხვდა ციხეში. დღეს გარეთ არის, მაგრამ ცხოვრება აერია. ერთ დღეს შინ მომადგა თაიგულით ხელში - ხათუნა დეიდა, ბოდიში, რომ თქვენი იმედი ვერ გავამართლეო.

ჩემი წამოსვლის მერე ყველა, ვისაც 18 წელი შეუსრულდა, მოზრდილთა ციხეში გადაიყვანეს, ვინ იცის, რამდენი ბავშვი აქციეს დამნაშავედ. მე-6 დაწესებულებაში გადაყვანილი მოზარდები მიყვებოდნენ, როცა დაღამდებოდა, სპეცდანიშნულების რაზმი მოდიოდა და სასტიკად გვცემდნენო.
ზედამხედველობამოკლებული ბავშვი ქუჩაში პოულობს თავშესაფარს. ვინ გაწირა ის, ოჯახმა? მაგრამ არც ოჯახი და არც ბავშვი ამას არ აღიარებენ. ბავშვს არ უყვარს ყალბი ურთიერთობები არც შინ, არც გარეთ. თუ დაინახა, რომ გიყვარს, არც შენს სიმკაცრეს გააპროტესტებს და არც შენიშვნას იუკადრისებს.

ძალიან განვიცდი, როცა უკან ბრუნდებიან. ბრუნდებიან იმიტომ, რომ ხშირად აქ უკეთესი პირობები აქვთ. გარეთ ვერ პოულობენ თავიანთ ადგილს, ისევ ისეთი ცივი გარემო ხვდე­ბათ, როგორიც ადრე დატოვეს.

თეა ხურცილავა
ნუნუ
18 აპრილი 2018 11:29
ხათუნა ჯაპავა ეხლა არ ვიცი სად მუშაობს, მაგრამ ამ პიროვნებას პატივს ვცემ, კარგი პროფესიონალი და კარგი ადამიანია, ასეთი ადამიანები სახელმწიფომ უნდა დაასაქმოს სადაც საქმეს კარგად აკეთებს და ნაცნობ - მეგობრობით სამსახურის დარიგება უნდა დამთავრდეს. ქალბატონო ხათუნა გაიხარეთ.
სოსო
18 აპრილი 2018 09:15
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათ გამოსასწორებლად...იმდენადცყველაფერს აკეთებენ,რომ ბავშვთა დანაშაული გეომეტრიული პროგრესიით იზრდება,აგრესია კი კიდევ უფრო წრაფად.
leo
18 აპრილი 2018 08:50
პირველი შემთხვევა კარგ ზღაპარს ჰგავს, ხოლო მეორე შემთხვევაში ვინც არ უნდა იყოს 54 ჭრილობის მიმყენებელი გარეთ არ უნდა დადიოდეს, რომელ აფექტზეა საუბარი, კითხეთ ერთი დაზარალებულ მხარეს, როგორ აინტერესებს ვინმეს აფექტური მდგომარეობის გათვალისწინება.
რაც უფრო მეტ ჰუმანურობას გამოიჩენთ დამნაშავის მიმართ და ის დაუსჯელობის სინდრომს იგემებს, მეტ ძალადობას მივიღებთ, ასევეა ლიბერალიზმზეც
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები