გიორგი ლუკავა: "ჩემზე რუსული სპეცსამსახურები ნადირობენ" - კვირის პალიტრა

გიორგი ლუკავა: "ჩემზე რუსული სპეცსამსახურები ნადირობენ"

გადაჰყვება თუ არა ხაჯიმბა ქართველი პატიმრის გათავისუფლებას

დრანდის ციხიდან ქართველი პატიმრის, გიორგი ლუკავას გათავისუფლების გამო შესაძლოა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასა და მისი გარემოცვის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს... კვირაზე მეტია აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები იმართება მოთხოვნით, მოსახლეობას აუხსნან, რატომ გაათავისუფლეს ქართველი პატიმარი. ამასთან, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ლუკავას როლანდ ჟიბაში გაცვლის ფაქტსაც და მიიჩნევენ, რომ ლუკავა ტერორისტი იყო, ხოლო რიგითი კრიმინალის, როლანდ ჟიბას გათავისუფლებაში ხაჯიმბას ხელისუფლებამ ფული აიღო და ამით აფხაზ მეომართა ხსოვნა შეურაცხყო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამ საკითხზე მხოლოდ მცირე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ როლანდ ჟიბას გადაცემა ამ პროცესის ნაწილი იყო.

ვინ არის როლანდ ჟიბა

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ახალი წელი აფხაზეთში სისხლიანი დაპირისპირების სერიით დაიწყო. ოჩამჩირის რაიონის სოფელ გუადის ტყეში სოხუმელი ბესლან კვიცინიას გვამი იპოვეს. 3-4 იანვრის ღამეს გუადაში შეიარაღებულმა პირებმა 3 სახლი გადაწვეს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სახლები ბესლან კვიცინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის, როლანდ ჟიბას ოჯახს ეკუთვნოდა. 6 იანვარს სოხუმში ბესლან კვიცინიას საფლავზე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს რომან ჟიბა, როლანდ ჟიბას ბიძაშვილი. აფხაზური მედიის ცნობით, ბესლან კვიცინიას მკვლელი საქართველოს ტერიტორიაზე დაიმალა... სოხუმის ხელისუფლების განცხადებით, როლანდ ჟიბა 2017 წლის 5 მაისს დააკავეს და ის სოხუმის იზოლატორში მოათავსეს, თუმცა, როგორ აღმოჩნდა ის საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

"მეომარი რომ ვიყავი, იმიტომ აპროტესტებენ ჩემს გათავისუფლებას..."

"ვიცი, რომ ჩემზე რუსული და აფხაზური სპეცსამსახურები ნადირობენ და ერთ დღესაც შეიძლება სადმე მკვდარი მიპოვონ, სადმე გზაში ან ქუჩაში, ვითომ შემთხვევით... ამ ხელისუფლების იმედი, რომ დამიცავს, არა მაქვს... საკუთარ სახლშიც კი არ ვგრძნობ თავს დაცულად. ხომ ხედავთ, რა ამბავი ატყდა აფხაზეთში ჩემი გათავისუფლების გამო?! მეომარი რომ ვიყავი, იმიტომ აპროტესტებენ ჩემს გათავისუფლებას... ჩემი ან რუზგენ გოგოხიას მიმართ ინტერესი რომ ექნებათ, ცხადია, ჩვენ ვიბრძოდით იქ", - ამბობს დრანდის ციხის ყოფილი პატიმარი გიორგი ლუკავა.

"ფულზე გაყიდული ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს... რაში გვჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩვენ ზურგს უკან, საეჭვო ვითარებაში მიიღებს?" - ასე ეხმაურებიან აფხაზები ლუკავას გათავისუფლებას და სოციალურ ქსელებში მიმდინარე კვირიდან აქციებს აანონსებს.

სოხუმში დაწყებულ პროტესტს გამოეხმაურნენ აფხაზური ოპოზიციური პარტიებიც. "ამცახარამ", "კიარაზაამ" და "აინარმა" ლუკავას შეწყალების გამო ხაჯიმბას მოღალატე უწოდეს.

"90-იან წლებში ჩემი ძმაც აიყვანეს ტყვედ. ომის დასრულების შემდეგ ქართველ ტყვეზე გაცვალეს, თუმცა ისევ გაიტაცეს და მას შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ვიცი, ვინ კურირებდა ამ საქმეს აფხაზებისა და ქართველების მხრიდანაც, მაგრამ არ მქონდა მილიონები და არც გავლენიანი სანაცნობო წრე მყავდა, რომ ჩემი ძმა გამომეხსნა. სავარაუდოდ, მოკლეს... მეც ლუკავას ოჯახივით რომ მებრძოლა, მეშიმშილა, აქციები გამემართა, იქნებ ძმა დამეხსნა. ტერორისტი თუ გაათავისუფლა ჩვენმა ხელისუფლებამ, იქნებ ისიც გამოეშვათ - იბრძოდა, მეტი არაფერი დაუშავებია. ჩვენ იმ ომში ბევრი ქართველი გადავარჩინეთ და ახლაც მგონია, რომ ეს ღირსეული საქციელი იყო", - აცხადებს აფხაზი თემურ დელბა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური ლუკავას საკითხზე დაწყებულ განხილვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლება პატიმართა გაცვლის იმ პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების თხოვნის საპასუხოდ 2016 წლის მარტში დაიწყო. თუმცა ამ განცხადებამ აქციის მონაწილეთა საპროტესტო ტალღა ვერ ჩააცხრო. მეტიც, პარტია "ამცახარამ" საგანგებო სხდომა მოიწვია და საქმის დეტალების შესასწავლად შვიდწევრიანი კომისია ჩამოაყალიბა.

ხაჯიმბას არგუმენტები

თავის მხრივ, თავის იმართლებს რაულ ხაჯიმბა: "2008 წლის მოვლენების დროს ოსი მოქალაქეები აიყვანეს და საქართველოში ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს... მათზე აფხაზურ, ოსურ და ქართულ მხარეებს შორის პატიმართა გაცვლის შესახებ შეთანხმება შედგა... მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული აფხაზი მოქალაქეები თავს საქართველოს აფარებდნენ, მათ შორისაა რუსი დიპლომატის, დმიტრი ვიშერნევის მკვლელი, რომლის გადმოცემაზეც ვმუშაობთ... ომის დასრულების შემდეგ ქართულ მხარეს ის მოქალაქეები გადაეცა, რომლებმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინეს - ესენი არიან: გოგოხია, უგრეხელიძე, კეკელია, გერხელია, მამასახლისი და სხვ. მაშინ ამას არ გამოუწვევია მათი აღშფოთება, ვინც დღეს სიტუაციის გამწვავებას ცდილობს".

აფხაზური მედიის ცნობით, უკმაყოფილება ძალიან მალე ახალი ძალით იფეთქებს: "ხალხს ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოსვლისთვის უამრავი მიზეზი აქვს. მაგალითად, კორუფცია, ოპოზიციონერებისა და საზოგადოების აქტიური წევრების გასაჩუმებლად შეთავაზებული პოსტები +- უმუშევრობის უმძიმესი მაჩვენებლის მქონე რეგიონში ეს მიდგომა წარმატებით მუშაობს".

დოროთეი დბარმა ვითარება უფრო გაამწვავა

აფხაზი სასულიერო პირის, დოროთეი დბარის გამოსვლამ, რომელიც აფხაზეთის ე.წ. სულიერ მოძღვართან, ბესარიონ აპლიასთან უბრად არის, ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. აპლია რუსეთის ხელდასხმულ მოძღვრად ითვლება, დბარი კი აფხაზეთის ეპარქიის დამოუკიდებლობის მომხრეა.

"მრცხვენია იმ ადამიანებს შევხედო თვალებში, რომელთა ოჯახის წევრებიც ლუკავამ შეიწირა. ვერ მივიღებ ხაჯიმბას თავის მართლებას, თითქოს არ იცოდა ლუკავას წარსული, ეს სიცრუეა. შევუნდობ მკვლელსა და ყაჩაღს, რომელიც საქციელს ნანობს, მაგრამ ვერ შევუნდობ მატყუარას... აფხაზი ხალხი არ იმსახურებს ტყუილს", - აცხადებს დოროთეი დბარი. მისივე თქმით, როგორც ჩანს, ხაჯიმბას დაავიწყდა, მისმა გუნდმა რა სწრაფად შეცვალა ანქვაბის ხელისუფლება.

ლალი პაპასკირი