"მითხრა, შენ არა ხარ კაი ბიჭიო და ამიტომ მოვკალი..." - კვირის პალიტრა

"მითხრა, შენ არა ხარ კაი ბიჭიო და ამიტომ მოვკალი..."

29 დეკემბერს დღისით გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნდა. მშობლებმა 19 წლის შვილის ძებნა მეგობრებთან დაიწყეს, მაგრამ არავინ იცოდა, სად იყო დათო ტორიაშვილი. მისი მობილური ტელეფონიც გამორთული იყო, ვერც პოლიციამ მიაგნო მის კვალს. სანდო წყარო გვეუბნება, რომ საქმის გახსნაში ძალოვანებს ახალგაზრდა ქალი დაეხმარა - მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს და დათოს ცხედარიც იპოვეს. უკვე ცნობილია, რომ ცხედარი ორთაჭალაში, მტკვარში იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით და დანით ჰქონდა მიყენებული ჭრილობები. ბიჭს ყელიც ჰქონდა გამოჭრილი... გაირკვა, რომ დათო იქვე ახლოს მოკლეს, წითლანაძის

19 ნომერში, სადაც მკვლელობაში ბრალდებულს ბინა ჰქონდა ნაქირავები.

ბინის მეპატრონე გურამ გვასალია ამბობს, რომ ამ ფაქტამდე ორი თვით ადრე ბინა დედა-შვილს მიაქირავა: - 60 წლის ქალი მოვიდა, ბიჭიც თან ახლდა. მითხრა, ჩემი შვილი ავადმყოფია, ვერ მუშაობს და მკურნალობსო. ეს ბიჭი ოთხჯერ, ხუთჯერ მყავს ნანახი...

როგორც ირკვევა, სწორედ ამ ბინაში მივიდა ქისტაურთან სტუმრად დათო ტორიაშვილი - ისინი მეგობრობდნენ. სუფრა გაშლილი იყო, იქ იყვნენ ქისტაურის სხვა მეგობრებიც. როგორც საბრალდებო აქტშია ნათქვამი, "ბიჭებს შორის შელაპარაკება მოხდა და ქისტაურმა შურისძიების მოტივით განიზრახა ტორიაშვილის მკვლელობა, აიღო დაუდგენელ ვითარებაში შეძენილი გადაჭრილი სანადირო თოფი და მეგობრების თვალწინ ესროლა ტორიაშვილს. დაჭრილს სურდა იქაურობას გასცლოდა და კარისკენ წასვლას შეეცადა, მაგრამ თითქმის გარეთ გასულს ქისტაურმა კიდევ ერთი ტყვია დაახალა. არც ამას დასჯერდა დამნაშავე და რამდენჯერმე დაარტყა დანა, ყელშიც სამჯერ გამოუსვა..." ბრალში კონფლიქტის მიზეზზე არაფერი წერია, მაგრამ სანდო წყაროს ინფორმაციით, ქისტაურს მეგობრებთან მკვლელობის მოტივი არ დაუმალავს და საქმეში დევს სწორედ იმ ახალგაზრდა ქალის ჩვენება, რომლის დახმარებითაც საქმე გაიხსნა... ჩვენებაში ლაპარაკია მოტივზე. მოწმე ქალი ამბობს:

"ნიკა ქისტაურმა მითხრა, დათო იმიტომ მოვკალი, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, შენ არა ხარ კაი ბიჭიო. გავბრაზდი და გავაფრთხილე, არ გაებედა და მეორედ მსგავსი სიტყვები არ ეთქვა ჩემთვის, თორემ ვესროდი, რადგან მე ქუჩური ცხოვრებით ვცხოვრობ და ეს ჩემთვის შეურაცხყოფაა. ამის მერე ისევ გამიმეორა, არ ხარ კაი ბიჭიო... ავიღე იარაღი და ვესროლე, მერე ყელი გამოვჭერი".

ბრალდებული მოგვიანებით ამ ქალის სახლში მივიდა, თან მიიტანა მკვლელობის იარაღი - ნივთმტკიცება, რომელიც უკვე დაერთო საქმეს. ჩვენი ინფორმაციით, მოწმე ქალი ბრალდებულის ახლობელია, ის მოკლულსაც კარგად იცნობდა, რადგან ერთ უბანში ცხოვრობენ. დანაშაულს თვითმხილველებიც ჰყავდა, მაგრამ მომხდარს ყველა მალავდა. როგორც გვითხრეს, სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ მკვლელობის თვითმხილველები, რადგან ისინი არასრულწლოვნები არიან. თუმცა ყველა მათგანი დაჰკითხეს. როგორც ამბობენ, მათ ქისტაური მოკვლით ემუქრებოდა, თუ ამ ფაქტს გაახმაურებდნენ. შეგვეშინდა და ვერ გავბედეთ გახმაურებაო, ამბობენ მოზარდები.

ამის შემდეგ ბრალდებული კვალის დაფარვას შეუდგა. ამჯერად სხვა მეგობრები იხმო და სთხოვა, ცხედრის გადამალვაში დახმარებოდნენ. თუმცა ისინი არ დათანხმდნენ. მაშინ ქისტაურმა მოკლული იქვე, ხევში გადააგდო. შემდეგ შემთხვევის ადგილი მოასუფთავა და სისხლიან ნივთებს ცეცხლი წაუკიდა...

დანაშაულის დამალვისთვის სამართალდამცავებმა ქისტაურთან ერთად ბრალი მის სამ მეგობარსაც წაუყენეს. საქმეში ფიგურირებს ქისტაურის მეგობარი კიდევ ერთი ქალი, მას დანაშაულის დაფარვაში ედება ბრალი - ნატო მელქაძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. მის მსგავსად დანაშაულის დაფარვაში ედება ბრალი ქისტაურის კიდევ ერთ მეგობარს, გიორგი იობიძეს, მასაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო სამი პირი - ირაკლი შენგელია, რუსლან ხორგუანი და ზაზა ლაგვილავა - დანაშაულის შეუტყობინებლობაში დაადანაშაულეს და თითოეულს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ქისტაურს ერთი მათგანისთვის უთქვამს, შენ ნავი გყავს, მათხოვე და გადავაგდებ ცხედარსო, მაგრამ უარი მიიღო. ქისტაურმა მეორე მეგობარს დაურეკა და სთხოვა, ბიჭები ვართ და "პლანი" მოგვიტანეო. ისიც ამ მიზნით მივიდა მათთან, მაგრამ იქ მისულს ქისტაურმა უთხრა, რომ კაცი მოკლა და სთხოვა, დახმარებოდა, თუმცა მისგანაც უარი მიიღო. როგორც მისი მესამე მეგობარი ამბობს, ქისტაურისთვის სინანული არ შეუტყვია - მანქანაში რომ ჩაჯდა, ჩვეულებრივ ლაპარაკობდა და იცინოდაო.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გვამის მოშორებაში ერთი მეგობარი მაინც დაიყოლია - მათ ცხედარი ამოიტანეს ხრამიდან და მტკვარში გადააგდეს.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 27 წლის ნიკოლოზ ქისტაურს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. პროკურორის განცხადებით, შესაძლოა დამნაშავეთა რიცხვი გაიზარდოს, თუმცა კიდევ ვის დაკავებას აპირებენ, ჯერჯერობით, უცნობია. სავარაუდოდ, ეს ის პირია, რომელიც მას ცხედრის მტკვარში გადაგდებაში დაეხმარა.

ნიკა ქისტაური 2008 წელს მკვლელობის ბრალდებით ყოფილა გასამართლებული და მან ციხე 2013 წელს დატოვა. ნასამართლევი ყოფილა დათო ტორიაშვილიც.

თეა ხურცილავა